საქმე №ას-1013-2021 12 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ხ–ის (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი ლილი ხალიაპინას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება 2700 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაცო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, სულ – 189 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოპასუხის გარდაცვალების შედეგად მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. ამავე პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კი, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გარდაცვლილი მოპასუხის უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 189 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში, ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.
განმცხადებლის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის – მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 92-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობას მატერიალური სამართლის ნორმები განაპირობებენ, რომელთა მიხედვითაც დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედი უფლებებს ან მოვალეობებს, შესაბამისად, თუ უფლებამონავლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო თვალსაზრისითაც.
8. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებელმა უფლებამონაცვლეობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, ვერ დაადასტურა გარდაცვლილი მოვალის სამკვიდრო აქტივის არსებობა და კანონით დადგენილი წესით ვინმეს მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. მეტიც, ფინანასთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის წერილით დასტურდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო და ანდერძების რეესტრში რეგისტრირებული არ არის ჩანაწერი მოპასუხის სამკვიდრო ქონების, სამემკვიდრო საქმის წარმოების მიმდინარეობისა და მისივე სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, სამინისტროს მიერ საჭირო ინფორმაციის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ევალებოდა, უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, საჭირო ღონისძიებების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს მოკლებულია ზემოაღნიშნული კანონის დანაწესი სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, ვინაიდან მითითებული ნორმა სასამართლოსათვის მიმართვის წინაპირობად ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც განმცხადებლის მიერ სხვა საშუალებებით (ნოტარიუსთა პალატაში განცხადების წარდგენა და ა.შ) ვერ ხერხდება უფლებამონაცვლეობაზე საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიება. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის აპელირება უფლებამონაცვლეობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობაზე. კანონი სწორედ ასეთი მტკიცებულებების მოპოვების შეუძლებლობას უკავშირებს განმცხადებლის უფლებას, მიმართოს სასამართლოს უფლებამონაცვლეობის დადგენის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლის დადგენის შეუძლებლობის შესახებ, სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე.
14. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ.: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019 წ.).
15. განსახილველ საქმეზე ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა მოპასუხე თანხის გადახდამდე გარდაიცვალა.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
17. საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის წერილით დასტურდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო და ანდერძების რეესტრში რეგისტრირებული არ არის ჩანაწერი მოპასუხის სამკვიდრო ქონების, სამემკვიდრო საქმის წარმოების მიმდინარეობისა და მისივე სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. ამდენად, დგინდება, რომ კანონით დადგენილი წესით მოპასუხის სამკვიდრო ქონებისა და მემკვიდრის არსებობა არ დადასტურებულა.
18. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, სასამართლოს მიერ მოპასუხის უფლებამონაცვლის მოძიებისა და მის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება მართებულად არ დააკმაყოფილა.
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
20. კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სააღსრულებო ფურცელში, კრედიტორისა თუ მოვალის ნაცვლად, შეიძლება მიეთითოს მათი უფლებამონაცვლე, თუ არსებობს კონკრეტულ სამართალურთიერთობაში სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული მხარის შეცვლის საჭიროება. უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, სასამართლოსათვის მიმართვას კი კანონი უკავშირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარის უფლებამონაცვლის დასადგენად აუცილებელია სასამართლოს მიერ გარკვეული მოქმედებების განხორციელება და მტკიცებულებების სამართლებრივად შეფასება. თუ კანონით დადგენილი წესით მოვალის უფლებამონაცვლის არსებობა არ დადასტურდა, სასამართლო ასეთ შემთხვევაში მოკლებულია სამრთლებრივ შესაძლებლობას, დაადგინოს გარდაცვლილის უფლებამონაცვლე. ( იხ. წინამდებარე განჩინების პ.16).
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე