Facebook Twitter

საქმე №ა-4801-შ-115-2020 10 ნოემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. მინსკის სოციალური მომსახურების დაცვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.შ–ძე (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პირველი მაისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება #2-862/2020

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ......., 2017 წლის 9 სექტემბერს, მიკროავტობუსი მოდელი "სპრინტერი" CL6181LC, 5:40 საათზე, სენაკი-ფოთი-ურეკი-სარფის ავტომაგისტრალის 64-ე კილომეტრზე, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, რის შედეგადაც დაზიანდნენ მგზავრები - ს.ნ. რ–ი, ე.ი. გ–ი და ნ. ა. ბ–ი. დაზარალებულები გადაიყვანეს ქ. ქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფოში. მომხდარზე გამოძიება გურიის საპატრულო განყოფილებაში დაიწყო.

2. 2017 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში ე. ი. გ–ს სოციალური დაცვის ფონდიდან 3 974.09 ბელარუსული რუბლი აუნაზღაურეს, რაც დაუკავშირდა მის დროებით შრომისუუნარობას მითითებულ პერიოდში და გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა, რამაც მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.

3. ბელარუსის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. მინსკის სოციალური მომსახურების დაცვის სამსახურმა (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელით მიმართა ბელარუსის სასამართლოს ჯ.შ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიკროავტობუსის მძღოლი) რეგრესის წესით 3 974.09 ბელარუსული რუბლის ანაზღაურების მოთხოვნით.

4. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის პირველი მაისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს #2-862/2020 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს ან საქართველოში საცნობი დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დადგენილია, რომ მხარეები სასამართლო განხილვაზე კანონით დადგენილი წესით იყვნენ მიწვეული. მოპასუხე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად სასამართლომ საქმე მოპასუხის გარეშე განიხილა.

5. უცხო ქვეყნის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ, რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის - 3 974.09 ბელარუსული რუბლისა და სასამართლო ხარჯის - 198.7 ბელარუსული რუბლის გადახდა დაეკისრა.

6. მოსარჩელემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება მოითხოვა.

7. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის შუამდგომლობა წარმოებაში მიიღო.

9. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი, შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად, მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

10. მოსარჩელის შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ), საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა და განმარტა, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც ბელარუსის მოქალაქეს ჯანმრთელობა დაუზიანდა, თუმცა მიკროავტობუსის მძღოლმა მასზე იზრუნა. დაზარალებულმა გურიის საპატრულო განყოფილებაში გამოკითხვისას განმარტა, რომ მას მიკროავტობუსის მძღოლის (მოპასუხის) მიმართ პრეტენზია არ აქვს. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო უცხო ქვეყნის სასამართლოში წარმოებული საქმის შესახებ. მოპასუხემ მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

11. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს არეგულირებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) და საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) დებულებები.

12. მინსკის კონვენციის მე-20 მუხლის თანახმად, თუ ამ კონვენციის II-V ნაწილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, იმ პირთა წინააღმდეგ სარჩელები, ვისაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, წარედგინება ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებს ...თუ საქმეში მონაწილეობს რამდენიმე მოპასუხე, ვისაც საცხოვრებელი ადგილი (ადგილსამყოფელი) აქვს სხვადასხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე, დავა მოსარჩელის სურვილისამებრ განიხილება ნებისმიერი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის (ადგილსამყოფელის) მიხედვით. კონვენციის IV თავი ქონებრივ სამართალურთიერთობებს ადგენს და 42 -ე მუხლი ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს. კერძოდ, 42.1-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებები, ხელშეკრულებებიდან და სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების გარდა, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც განხორცილედა ქმედება ან დადგა სხვა ისეთი გარემოება, რომელმაც შექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები.

13. განსახილველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა საქართველოს ტერიტორიაზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ......., 2017 წლის 9 სექტემბერს, 5:40 საათზე, სენაკი-ფოთი-ურეკი-სარფის ავტომაგისტრალის 64-ე კილომეტრზე მოხდა; უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი, რომ მოპასუხეს ბელარუსის ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ამასთან, მოცემულ საქმეზე არც ის გარემოებაა დადგენილი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე დავაში რამდენიმე მოპასუხეა, რომელთაგან ერთ-ერთის საცხოვრებელი ადგილი ბელარუსში იყო, რაც მოსარჩელეს კონვენციის 42.1-ე მუხლის თანახმად საკუთარი შეხედულებისამებრ ანიჭებს უფლებას, ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით იქნეს დავა განხილული.

14. შუამდგომლობის მოთხოვნის ფარგლებში არც ის დგინდება, რომ ზიანის მიმყენებელი და დაზარალებული ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები არიან, რაც მინსკის კონვენციის 42.2-ე მუხლის თანახმად მხარეთა მოქალაქეობის იგივეობის მიხედვით ხელშემკვრელი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ამ შემთხვევაში, ბელარუსის კანონმდებლობის საფუძველზე საქმის განხილვის შესაძლებლობას იძლევა.

15. მიუხედავად ზემოთქმულისა, საკასაციო სასამართლო მინსკის კონვენციის 42.3-ე მუხლზე მიუთითებს, რომლის მიხედვით ამავე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში მითითებულ საქმეებზე კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, ვის ტერიტორიაზეც განხორცილედა ქმედება ან დადგა სხვა გარემოება, რამაც შექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი და განმარტავს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება გამოწვეული იყო 2017 წლის 9 სექტემბრიდან (საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თარიღი) 2017 წლის 15 დეკემბრამდე დაზარალებულის ე.ი. გ–ის შრომისუუნარობის შეზღუდვით, რის გამოც მას სწორედ დროებითი შრომისუუნარობის საფუძვლით სოციალური დაცვის ფონდიდან 3 974.09 ბელარუსული რუბლი აუნაზღაურეს. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა საქართველოში მოხდა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, ბელარუსის სასამართლო კომპეტენტური იყო ემსჯელა ბელარუსის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. მინსკის სოციალური მომსახურების დაცვის სამსახურის სარჩელზე, რეგრესის წესით, ჯ.დ. ძე შ–ძისათვის იმ თანხის გადადის დაკისრებაზე, რომელიც სოციალური მომსახურების სამსახურმა გადაუხადა ე.ი. გ–ს, მისი დროებითი შრომისუუნარობის გამო. ეს გარემოება - დროებითი შრომისუუნარობა - 09.09.2017-15.12.2017 პერიოდში დადგა ბელარუსში, რამაც სოციალურ სამსახურს, თავის მხრივ, წამოუშვა ვალდებულება გაეცა დახმარება, გათვალისწინებული დროებითი შრომისუუნარობისა და სხვა შემთხვევებისათვის, რომელიც გადაიხდება სავალდებული სადაზღვევო გადასახადების შენატანების საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალური დაცვის ფონდიდან. დროებითი შრომისუუნარობა განპირობებული იყო მოპასუხის ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით, რამაც მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია ის გარემოება, რამაც წარმოშვა ზიანის ანაზღაურების საფუძველი ამ შემთხვევაში სწორედ შუამდგომლობის ავტორისათვის, შესაბამისად, ასეთ საქმეზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც გამოვლინდა სხვა გარემოება, რაც კონკრეტულ საქმეზე დროებითი შრომისუუნარობაა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ადგილი ჰქონდა იმ მოქმედებას ან გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას; სწორედ დროებითი შრომისუუნარობა გახდა დაზარალებულისათვის სოციალური დაცვის ფონდიდან ანაზღაურების გაცემის გარემოება.

16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილება სავსებით შეესაბამება მინსკის კონვენციის 51-ე, 54-ე მუხლებს და სპეციალური კანონის 68-69-ე მუხლების მოთხოვნებს.

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები მიკროავტობუსის მძღოლის მიმართ რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.

18. ამ განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლომ განიხილა საქმე ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომლის შედეგად ბელარუსში დადგა დაზარალებულის დროებითი შრომისუუნარობის გარემოება, ამ საფუძვლით კი ბელარუსის სასამართლო კომპეტენტური იყო, ემსჯელა რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე,

19. საკასაციო სასამართლო მოპასუხის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მან დაზარალებულს მკურნალობის ხარჯი უკვე აუნაზღაურა, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი მოპასუხისაგან დაზარალებულის დროებითი შრომისუუნარობის გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს რეგრესის წესით, რადგან დაზარალებულის შრომისუუნარობა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა.

20. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და იძულებითი აღსრულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და მრავალმხრივი კონვენციის, როგორც საერთაშორისო აქტის, პრინციპებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-6, მე-20, 42-ე, 51-ე და 54-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბელარუსის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. მინსკის სოციალური მომსახურების დაცვის სამსახურის შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პირველი მაისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს #2-862/2020 დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პირველი მაისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს #2-862/2020 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.დ. ძე შ–ძეს (პ/ნ ........) ბელარუსის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. მინსკის სოციალური მომსახურების დაცვის სამსახურის სასარგებლოდ ზიანის - 3 974.09 ბელარუსული რუბლის გადახდა დაეკისრა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური