Facebook Twitter

საქმე№ას-1511-2019 21 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.მ–ი, თ.ჩ–ვა, ნ.კ–ძე, ი.ჯ–ძე, ი.გ–ი, შპს ,,მ.ქ–კა ..''

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ–კა ..“-ში (შემდეგში: მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზეთი, ყოველკვირეული გაზეთი მეორე აპელანტი) 2014 წლის 22 ივლისს, ნ.კ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მესამე აპელანტი) მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტმა ი.გ–მა (შემდეგში: მოპასუხე, ჟურნალისტი) გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,კონსერვატორიის გარდაცვლილი პროფესორები, პრეზერვატივები როიალებში და კრიმინალში ეჭვმიტანილი მ.დ–ი“, რომლის მე-8 მე-9, 22-ე და 23-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,ქალბატონმა მ.დ–მა 2005 წელს გამოგვიცხადა, რომ 2009 წელს საპენსიო ასაკის პროფესურას კონსერვატორიას დაგვატოვებინებდა, კონსერვატორია მალევე გაათავისუფლა იმ პროფესორებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან სწავლების ხარისხს უზრუნველყოფდნენ. საქვეყნოდ ცნობილი, საგუნდო ნაწარმოების კომპოზიტორი ს.კ–ძე ნერვიულობის ნიადაგზე შეიწირა კიდეც. პროფესორი ე.დ–ძე კაბინეტში შევიდა დ–თან და უთხრა: მ–ა, ორი ძალიან ნიჭიერი სტუდენტი მყავს, რომლებიც გაისად ამთავრებენ და ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სხვა პედაგოგთან ძალიან გაუჭირდებათ, გთხოვთ, მადროვე, დავამთავრებინებ და შემდეგ მე თვითონ წავალ კონსერვატორიიდანო, მაგრამ დ–მა უარი უთხრა, წავიდა ე–ი, მივიდა სახლში, დაჯდა სკამზე და გადმოვარდა, ანუ ნერვიულობისგან გარდაიცვალა!... როცა პანაშვიდზე რექტორი მ.დ–ი მივიდა, ე.დ–ძის ცოლი ყვიროდა: ამ მკვლელმა აქ მოსვლა როგორ გაბედაო. ვ.ა–ა ერთ თვეში გარდაიცვალა, როგორც კი კონსერვატორიიდან გაუშვეს. საერთოდ, თუკი მ.დ–ის კაპრიზებით გარდაცვლილებზე ვისაუბრებთ, უპირველესად საოპერო სტუდიის კათედრის გამგით - ნ.ჯ––ძით უნდა დავიწყოთ. ბატონი ნ–ი ისევე გარდაიცვალა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები. საოპერო სტუდიის პროფესორი გ.გ–ძეც ნერვიულობისგან გარდაიცვალა, ასევე როგორც შეურაცხყოფასა და ნერვიულობას ვერ გაუძლო ვიოლონჩელის პროფესორმა, თ.გ–მა. კომპოზიტორი ნ. მ–იც მ.დ–ის მსხვერპლი გახდა. კონსერვატორიის მიღმა დატოვეს ფ.ღ–ი, ვ.ა–ი. მ.დ–ის ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა მსოფლიო დონის კონცერტმაისტერი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, ვ.ჩ–ა“. ,,იმ ფინანსურ მაქინაციებზე ვისაუბროთ, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელთ გაქვთ და აპირებთ, ჩვენც გადმოგვცეთ... - სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვამბობ, რომ მ.დ–ი კრიმინალია. აი ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც შავით თეთრზე წერია: ,,2012 წელს კონსერვატორიის რექტორ დ–ის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, ხოლო 2013 წელს, როცა უკვე რექტორის მოადგილეა, მისი სახელფასო განაკვეთი 2500 ლარს შეადგენს. როგორც დიდი და მცირე დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელს 1500 ლარი ეძლევა“. ,,რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქალბატონი მ–ა წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კონსერვატორიის საშტატო განრიგში დაფიქსირებული იყო 287 ლარი“; ,,სართულის მორიგეებსაც ატყუებდა მ.დ–ი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ.დ–ი რექტორი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ სართულის მორიგეებიდან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა. აი ბატონო დოკუმენტი და თვითონ ნახეთ, რა რაოდენობის ხელფასია გათვალისწინებული სართულის მორიგეებზე“. ,,ქალბატონი მ–ა როცა კონსერვატორიის რექტორად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა. კიდევ რამდენიმე ფაქტი გინდათ დაგისახელოთ და დოკუმენტურად დაგისაბუთოთ, რომ დ–ის დანაშაულებრივი მმართველობის პერიოდში არაერთი ათასი ლარია მიტაცებული“. ,,თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტის ერთადერთი დოქტორი, მ.დ–ის რექტორობის პერიოდში დაითხოვეს სამსახურიდან“. ,,საგუნდო ხელოვნების მეტრები: გ.მ–ი, ს.კ–ძე, ვოკალისტები ე.გ–ძე, გ.კ–ი, რომელიც მ.დ–ის ახლობლებით იყო დაკომპლექტებული. თ.გ–ი, ო.ჩ–ი და სახელმწიფო კვარტეტის სხვა დანარჩენი წევრები კონსერვატორიის გარეშე დატოვეს. ეს ადამიანები დ–მა გააბითურა“. ,,მოგახსენებთ, იმ გაუგონარ კრიმინალზე, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს კონსერვატორიაში, კერძოდ კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრანტების რაოდენობა 43 კაცია. სახელფასო განაკვეთი, რომ დავამრგვალოთ 215-230 ლარამდე მერყეობს, მაგრამ ხელფასს მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში უხდიან მათ და დანარჩენი თვეები ანუ 8 თვის ხელფასები არ ეძლევათ“.

2. ყოველკვირეულ გაზეთში 2014 წლის 19 აგვისტოს, მოპასუხე ჟურნალისტმა, ი.ჯ–ძისა და თ.ჩ–ვას მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე (შემდეგში: მოპასუხეები), გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,,21-ე საუკუნის საქართველოში კონსერვატორიაში 1937 წელია?!“, რომლის მე-7 და 22-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,კონსერვატორიიდან მოტყუებით გაუშვეს, არ დაუშვეს კონკურსზე საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსები, თითქოს მათ ქვეყნის წინაშე არანაირი დამსახურებები არ ჰქონდათ, 150 ლარიანი პენსიის ამარა დატოვეს, ვინა გააკეთა ეს? - ვინ და მ.დ–მა“. ,,ხომ ფაქტია, რომ მ–ას მაშინდელი საქციელი ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს გასცდა?! კონსერვატორიიდან კი არა, ყოფილი N1 მუსიკალური სკოლის დირექტორობიდან უნდა დაიწყოთ საქმეში გარკვევა, რადგან ჩემი ინფორმაციით, მ.დ–მა სკოლის დირექტორის ზურგს უკან, საკუთარი ნაცნობებისა და მათზე ზეგავლენით ფარულად მოახდინა ამ სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების პრივატიზაცია“. ,,ქალთა ორგანიზაცია თეთრი მანდილიდან დაუახლოვდა შევარდნაძის ცოლს, შემდეგ მომდევნო პრეზიდენტის მეუღლესთანაც არ გასჭირვებია ურთიერთობა და სწორედ ამ კავშირების წყალობით განხორციელდა ის რემონტიც, რომელიც კონსერვატორიაში ჩატარდა და ყველა ის პრივილეგიაც, რომელიც მას ენიჭებოდა“ .

3. ყოველკვირეულ გაზეთში, იმავე ჟურნალისტმა, მ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე) მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,,უპერსპექტივო მომღერლის დედის სათქმელი მ.დ–ს?“ რომლის 30-ე, 31-ე, 35-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,კონსერვატორიის მაშინდელი რექტორი მ.დ–ი შესულა გამოცდაზე და უთქვამს - ა–ძე უნდა ჩაიჭრას, მ.დ–ს საშინელება უთქვამს: ,,რა უნდა ზ.ა–ის საფლავს ოპერის ბაღში“ ... მე არც მისი ნამღერი მომწონდა და არც მისი შვილის სიმღერა მომწონს. ა–ები ვიდრე მე ვარ, თბილისის კონსერვატორიას ახლოსაც ვერ გაეკარებიანო“.

4. ყოველკვირეულ გაზეთში, იმავე ჟურნალისტმა, 2014 წლის 30 სექტემბერს, გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,,კონსერვატორიის დე ფაქტო რექტორი მ. გ–ვა“ „ქ–კა..“-ის წინააღმდეგ? ომია? ომი იყოს - ვოინა ეტო ხუ...ნა, გლავნოე მანიოვრი“ რომლის 30-ე, 31-ე, 35-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,დღეს სემინარიაში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ანუ სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20 000 ლარს მივიღებთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული“ რასაკვირველია მ.დ–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ .... ქუჩა N42-ში მდებარე სამუსიკო სემინარიაზე ექსკლუზივი აქვთ, ე.ი. მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!“.

5. მოსარჩელე მუშაობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის მოადგილედ.

6. სარჩელის მოთხოვნა

6.1. მოსარჩელემ, მოპასუხეების წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით, მათთვის, წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული და ყოველკვირეულ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობების უარყოფის დავალება მოითხოვა.

6.2. აგრეთვე მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით პირველი მოპასუხისთვის და ჟურნალისტისთვის - 20 000 ლარის, ყოველკვირეული გაზეთის მესაკუთრე კომპანიისთვის - შპს „მ.ქ–კა .. სთვის“ – 50 000 ლარის, ხოლო, დანარჩენი სამი მოპასუხისთვის - 5 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

7. მოპასუხეთა შესაგებელი

7.1. მოპასუხეებმა, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გავრცელებული განცხადებები არ შეიცავს მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას და ისინი წარმოადგენენ მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს კონკრეტული პირისა და მოვლენების შესახებ.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

8.1.1. პირველ მოპასუხეს, ჟურნალისტსა და ყოველკვირეული გაზეთის მესაკუთრე კომპანიას დაევალათ გაზეთის მე-8 გვერდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 ივლისის გაზეთ ქ–კა .."-ის ნომერში ნ.კ–ძის მიერ გამოთქმული შემდეგი განცხადებები: ,,რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქ-ნი მ–ა წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კონსერვატორიის საშტატო განრიგში დაფიქსირებული იყო 287 ლარი"; ,,სართულის მორიგეებსაც ატყუებდა მ.დ–ი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხდიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ.დ–ი რექტორი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ სართულის მორიგეებისაგან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა"; ,,ქ-ნ მ–ა როცა კონსერვატორიის რექტორად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა", არ შეესაბამება სიმართლეს;

8.1.2. მოპასუხე ჟურნალისტსა და კომპანიას დაევალათ ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ–კა .."-ის მე-14 გვერდზე 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2014 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ქ–კა.."-ის ნომერში გამოთქმული შემდეგი განცხადებები: ,,სემინარიაში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ან სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20000 ლარს მივიღებთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული?! რასაკვირველია მ.დ–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ ....ქუჩა N42-ში მდებარე სამუსიკო სემინარიაზე ესკლუზივი აქვთ, ე.ი მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!", არ შეესაბამება სიმართლეს;

8.1.3. პირველ მოპასუხეს, ჟურნალისტსა და კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.

8.2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა

9. მხარეთა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ, პირველმა მოპასუხემ და კომპანიამ.

9.2. მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.3. მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ასახული სადავო გამონათქვამი - „ქალბატონმა მ.დ–მა 2005 წელს გამოგვიცხადა, რომ 2009 წელს საპენსიო....... . როგორც დიდი და მცირე დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელს 1 500 ლარი ეძლევა.“ ასევე, წინამდებარე განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტებში ასახული სადავო გამონათქვამები სრულად, წარმოადგენდა მოსაზრებას.

10.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ზემოაღნიშნულ ტექსტებში არ ჩანდა მტკიცებითი ფორმა, რომელიც აუცილებელი იყო გამოთქმულის ფაქტად და არა მოსაზრებად კვალიფიკაციისათვის. განცხადებები წარმოადგენდა ჩვეულებრივ მოსაზრებებს და არა მტკიცებით ფორმაში საუბარს მოსარჩელის თაობაზე. მითითებული გამონათქვამები წარმოადგენდა მოპასუხეთა აზრს და არ იყო გადმოცემული მტკიცებით ფორმაში. შესაბამისად, სასამართლომ, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი დასაბუთებულად გადაწყვიტა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა.

10.5. სააპელაციო სასამართლომ, წინამდებარე განჩინების 10.3 პუნქტში მითითებული სადავო გამონათქვამები, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების საპირისპიროდ განმარტა, და დაადგინა, რომ აღნიშნული სადავო განცხადებები/გამონათქვამები თავისი შინაარსის, გამოთქმის ფორმის და კონტექსტის მიხედვით წარმოადგენს სწორედ „აზრს“ და არა „ფაქტს“. აღნიშნულს მოწმობდა თავად მოპასუხეთა მითითებების ის ფორმა, რომლის მიხედვითაც მათ მოსარჩელე და განვითარებული მოვლენები ახსენეს. აღნიშნული ტექსტები თავისი შინაარსიდან გამომდინარე და არა განყენებულად შეფასების თვალსაზრისით, წარმოადგენდა პირთა შეხებულებებს, შეფასებებს, მოსაზრებებს და არა დადასტურებულ ფაქტს. სადავო გამონათქვამების დასახელებული ნაწილი არ შეიცავდა კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, მასში ასახული იყო მხოლოდ ვარაუდი, აზრი, და არა ობიექტური გარემოებებიდან ფაქტების დამტკიცების მცდელობა. საპირისპიროდ, ვერც მოსარჩელემ დაამტკიცა აღნიშნული გამონათქვამების მტკიცებითი შინაარსი რელევანტური მტკიცებულებებით.

10.6. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხეთა სააპელაციო მოთხოვნების თაობაზე განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, პირველი მოპასუხის მიერ გამოთქმული და მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებულ გაზეთში გამოქვეყნებული, წინამდებარე განჩინების პირველ და მე-4 პუნქტებში ასახული შემდეგი გამონათქვამები - „რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქალბატონი მ–ა წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კონსერვატორიის საშტატო განრიგში დაფიქსირებული იყო 287 ლარი“; ,,სართულის მორიგეებსაც ატყუებდა მ.დ–ი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ.დ–ი რექტორი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ სართულის მორიგეებიდან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა.“ „ქალბატონი მ–ა როცა კონსერვატორიის რექტორად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა“, „დღეს სემინარიაში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ანუ სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20 000 ლარს მივიღებთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული“ რასაკვირველია მ.დ–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ ..... ქუჩა N42-ში მდებარე სამუსიკო სემინარიაზე ექსკლუზივი აქვთ, ე.ი. მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!“ - არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და წარმოადგენდა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ ინფორმაციას.

10.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზია, რომ სასამართლომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მტკიცების ტვირთი, უკანონოდ, სრულად დააკისრა მოპასუხე მხარეს, ვინაიდან აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

10.8. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ პირველი მოპასუხის მიერ, მოპასუხე კომპანიის მეშვეობით გავრცელებული გამონათქვამებში მითითებული იყო ისეთი მოქმედებები, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულს წარმოადგენს. შესაბამისად, ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელებით, შესაბამისი მტკიცებულების - სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი კანონიერ ძალაში შესული გამატყუნებელი განაჩენის, წარდგენის გარეშე, უდავოდ ილახებოდა პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამდენადაც საზოგადოებაში ასეთი პირი შესაძლოა აღქმულიყო, როგორც დამნაშავე, რაც მისი საზოგადოებრივი სტატუსის დისკრედიტაციას გამოიწვევდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სპეციალური კანონი, სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელე წარადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა ზემოაღნიშნული გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, ხოლო პირველმა მოპასუხემ და კომპანიამ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, ვერ წარადგინეს საპირისპირო რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ფაქტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მტკიცების ტვირთი სწორედ საქართველოში აქამდე არსებული პრაქტიკის შესაბამისად გაანაწილა, რომელიც, ასევე არ ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს.

10.9. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხე კომპანიის პრეტენზიაზე - ჟურნალისტის ეთიკის დარღვევაზეც იმსჯელა და განმარტა, რომ „ყოველი უფლება უნდა იყოს იმგვარად რეალიზებული, რომ ზიანი არ მიაყენოს სხვა უფლებას. ვალდებულია იმოქმედოს კეთილი განზრახვით, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად იმისათვის, რათა საზოგადოება უზრუნველყოს სწორი და საიმედო ინფორმაციით“ (Radio France and Others v. France 2004). როდესაც ჟურნალისტი „არაკეთილსინდისიერად“ მოქმედებს, მისი (ჟურნალისტის) დაცვის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. კონვენციის მეათე მუხლი ითვალისწინებს როგორც უფლებებს, ასევე - ვალდებულებებს, რომლებიც უნდა დაიცვას პირმა, თუკი იგი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს. ეს მოვალეობები პრესაზეც ვრცელდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება პირის რეპუტაციის შელახვას. მეათე მუხლის თანახმადვე, ჟურნალისტები კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდნენ და უზრუნველყოფდნენ ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას ჟურნალისტური ეთიკის საფუძველზე (Bladet Tromso and Stensaas v. Norway).

11. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან, მოპასუხეებს არ დაეკისრათ შესაბამისი პასუხისმგებლობა გადაუმოწმებელი და ფაქტების შემცველი ინფორმაციებისთვის, რომელიც კასატორის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი იქნებოდა.

11.3. კასატორი, დამატებით, იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე გამოთქვამს საკასაციო პრეტენზიებს, რომელზეც იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა და მისსავე სასარგებლოდ დაასაბუთა.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო 2020 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და/ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. მხარეთა შორის დავის საგანია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოპასუხეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლითა და სპეციალური კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.

16. სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხეების გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ # ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).

17. სპეციალური კანონი, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისათვის, შემდეგნაირად განმარტავს ტერმინებს: „აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პირველი მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა“ (დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986). იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. „სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან, სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“, 2002წ., ასევე, სუსგ # ას-1052-1007-2014, 30.09.2015 წ.).

19. ამდენად, კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები - „ქალბატონმა მ.დ–მა 2005 წელს გამოგვიცხადა, რომ 2009 წელს საპენსიო....... . როგორც დიდი და მცირე დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელს 1 500 ლარი ეძლევა.“ ასევე, წინამდებარე განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტებში ასახული სადავო გამონათქვამები სრულად, წარმოადგენდა მოსაზრებას, ხოლო, საპირისპირო მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.

20. საკასაციო სასამართლო მეტი სიცხადისთვის, ყურადღებას გაამახვილებს, საქალაქო სასამართლოს მიერ, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ სადავო გამონათქვამებზე და შეადარებს აღნიშნულს, იმ ნაწილს, რომელზეც კასატორის ძირითად პრეტენზიაა წარმოდგენილი და განმარტავს, რომ პირველ შემთხვევაში, კასატორის მიმართ, კონკრეტული, მტკიცებითი ხასიათის მსჯელობაა გამოხატული, საპირისპიროდ, სადავო გამონათქვამები, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს „აზრად“, წარმოადგენს არა კონკრეტული ფაქტების შემცველ გარემოებებს, რომელთა მტკიცება შეიძლება მოეთხოვოს მხარეს, არამედ, მათ შეფასებებსა და მოსაზრებებს, რომელიც სუბიექტურადაა განპირობებული გარკვეული მოვლენებიდან, რომელთა მტკიცება და ობიექტურად წარმოჩენა შეუძლებელია.

21. საკასაციო სასამართლო დამატებით, კასატორის პრეტენზიაზე, სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადახდილი თანხების მოპასუხეებზე დაკისრების შესახებ განმარტავს, რომ კასატორს კონკრეტული მტკიცებულებები, მით უფრო, მოთხოვნილ თანხებზე არ წარუდგენია შესაბამის სასამართლოში, ხოლო, დაკმაყოფილებული მოთხოვნების პროპორციულად, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ისედაც შეიცავდა შესაბამის ვალდებულებებს შესაბამისი მოპასუხეთათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ.

22. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე