Facebook Twitter

საქმე № ას-1091-2021 12 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

კასატორი - ლ.ტ–ძე (მოსარჩელე);

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ტ–ძე (მოპასუხე);

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

დავის საგანი - სამკვიდროს მიღებულად აღიარება, სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა; უძრავი ქონების გადაცემა; თანხის დაკისრება.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ.ტ–ძის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების ჯ.ტ–ძის, შპს „ს–ოს“ და ნოტარიუს ლ.ჭ–ას მიმართ; გაუქმდა, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.07.2017 წლის განჩინება, რომლითაც შპს „ს–ოს“ (ს/კ ......) აეკრძალა შპს „ს–ოს“ და ჯ.ტ–ძეს შორის, 2016 წლის 25 ოქტომბრის - სანაცვლო შესრულების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ჯ.ტ–ძეზე გადასაცემი ქონებისა და ფულადი თანხის 1/2 წილის ნაწილში;

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ტ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით ლ.ტ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარჩა უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება;

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.ტ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ლ.ტ–ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, კასაციის საფუძვლების მითითებით და ბ) 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;

6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2021 წლის 26 ოქტომბერს (ტ. 2, ს. ფ. 202).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2021 წლის 26 ოქტომბერს (ტ. 2, ს. ფ. 202)

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 1 ნოემბერს (ორშაბათი) ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით შეევსო.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ლ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე