საქმე № ას-723-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი ბ.კ–ისა (მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და გ.დ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე, საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით, მხარის საჩივარი სასამართლომ სააპელაციო საჩივრად მიიჩნია და დატოვა განუხილველად, შემდეგი არგუმენტაციით:
5.1. 2020 წლის 24 ნოემბრის სასამართლო სხდომას აპელანტის წარმომადგენელი, შ.ხ–ი, მისივე მოთხოვნის საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 96-98), დისტანციურად ესწრებოდა (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ. 99-100). საქმეში წარდგენილია მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულებაც. ამავე სხდომაზე მოსამართლემ საჩივრის ავტორის წარმომადგენელს განუმარტა, რომ „განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხარისათვის მისი დასაბუთებული ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე სიღნაღი, .....) მეშვეობით. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“.
5.2. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ აპელანტი დასაბუთებული განჩინების ჩასაბარებლად სასამართლოში არ გამოცხადებულა, ამდენად, განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2020 წლის 24 დეკემბერს, შესაბამისად, ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გათვალისწინებით, ამოიწურა 2021 წლის 18 იანვარს, რომელიც იყო უქმეების შემდგომ პირველი სამუშაო დღე, თუმცა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი (საჩივარი) წარდგენილია ვადის დარღვევით, 2021 წლის 15 მარტს, ფოსტის მეშვეობით.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ადრესატმა, 2021 წლის 15 მარტს, ელექტრონული ფორმით მიიღო. განჩინების დროულად ჩაუბრებლობა, მხარის ინფორმაციით საქმის განმხილველი მოსამართლის ავადმყოფობით იყო გამოწვეული, რომელიც 2021 წლის მთლიანი ზამთრის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო, შემდეგ, აღნიშნული მოსამართლე გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამდენად, დასახელებული გარემოებების გამო, მოსამართლე ხელს ვერ მოაწერდა გადაწყვეტილებას, რის გამოც დადგენილ ვადაში, საჩივრის ავტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
11. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
12. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
13. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
15. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
16. განსახილველ შემთხვევაში, მხარის განმარტებით 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება ჩაიბარა 2021 წლის 15 მარტს, ხოლო, მანამდე, კანონით გათვალისწინებული წესით და ვადაში, აღნიშნული განჩინების ჩაუბარებლობა გამოწვეული იყო მოსამართლის ავადმყოფობით. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორს რაიმე მტკიცებულება, მსგავსი ფაქტის დასადასტურებლად, თუნდაც, სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი ვერ დაადასტურა.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე 2020 წლის 24 დეკემბერი იყო. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, დასახელებული თარიღიდან დაიწყო და 2021 წლის 18 იანვარს (მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეების გათვალისწინებით) ამოიწურა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი 2021 წლის 15 მარტსაა წარდგენილი (იხ. საფოსტო კონვერტი, ტ.1,ს.ფ.112), გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
18. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად (იხ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
19. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისი განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე