Facebook Twitter

საქმე № ას-230-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.უ.ს.“

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ს–ძის სარჩელი შპს ,,ბ.ა.ს–ის“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგი დასაბუთებით:

3.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის ანაზღაურება. წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამდენად, მოპასუხისათვის (აპელანტისათვის) დაკისრებული თანხის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრა 2000 ლარით.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 2000 ლარს, რაც არ აღემატებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას, არ არსებობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა.

6. კერძო საჩივარში არსებითად, სააპელაციო საჩივრის მსგავსი პრეტენზიებია მითითებული, რაც არ წარმოადგენს მიმდინარე ეტაპზე საქმის განხილვის საგანს.

7. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სადავოდ ხდიდა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ მთლიან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ჯამში - 2 707.6 ლარი დაეკისრა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რ ომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და აღნიშნულის შედეგად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

11. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

12. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (შენიშვნა: საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა ძალაშია საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონით №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).

14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).

15. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.

16. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).

17. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართალწარმოების ძირითად დავის საგანს 2 000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება წარმოადგენდა, რაც სსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრული წესით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სადავო საგნის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ ცდება, რის გამოც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი სხვა პრეტენზიები განსახილველი საქმის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის გამოთვლის ზოგად წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). „დავის საგანში“, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სარჩელის დავის საგანი და არა ამ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები (იხ. სუსგ №ას-1528-1442-2012, 24 დეკემბერი, 2012 წელი, №ას-757-725-2014, 1 დეკემბერი, 2014 წელი; ას-797-797-2018, 20.07.2018).

20. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის, ისევე, როგორც სარჩელისა თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი იმგვარად, რომ სასამართლო პროცესის ხარჯებს, მათ შორის, მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილ/გადასახდელ ბაჟს, დავის საგნის ღირებულებაში ვერ მოაქცევს (იხ. სუსგ №ას-230-218-2017, 28 აპრილი, 2017 წელი).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 2 000 ლარს და ამ თანხაში არ მოიაზრება სასამართლო (სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით) და სასამართლოსგარეშე (საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 500 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 101 ლარი, ფაქტების კონსტატაციის ხარჯი - 101 ლარი, საფოსტო მომსახურეობის - 5.6 ლარი) ხარჯები.

22. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით (2000 ლარი) გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ბ.ა.ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე