Facebook Twitter

საქმე №ა-4661-20 12 ნოემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს "მ.ტ–კა" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ა–ი“, ნოტარიუსი დ.ო–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება

განცხადების ავტორის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ.ტ–კის“ სარჩელი შპს „კ.ა–ის“ და ნოტარიუსი დ.ო–ძის მიმართ, ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და, დარჩა განუხილველი.

2020 წლის 20 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს "მ.ტ–კის" დირექტორმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის და 2021 წლის 14 მარტის განჩინებებით შპს "მ.ტ–კას" განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა რამდენჯერმე.

2021 წლის 10 ნოემბერს შპს "მ.ტ–კის" წარმომადგენელმა ვ.გ–ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, უარი თქვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს "მ.ტ–კის" განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და, დარჩა განუხილველი.

2020 წლის 20 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს "მ.ტ–კის" დირექტორმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის და 2021 წლის 14 მარტის განჩინებებით შპს "მ.ტ–კას" განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა რამდენჯერმე.

2021 წლის 10 ნოემბერს შპს "მ.ტ–კის" წარმომადგენელმა ვ.გ–ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, უარი თქვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დადგენილი წესით, საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განმცხადებელმა უარი განაცხადა განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს "მ.ტ–კის" დირექტორის ვ.გ–ძის განცხადებაზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "მ.ტ–კის" დირექტორის ვ.გ–ძის განცხადების არსებითად განხილვამდე განცხადებაზე უარის თქმის გამო, განმცხადებელს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 20 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "მ.ტ–კის" დირექტორის ვ.გ–ძის შუამდგომლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება შპს "მ.ტ–კის" დირექტორის ვ.გ–ძის განცხადებაზე, სამოქალაქო საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე;

3. განმცხადებელს შპს "მ.ტ–კას" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, ქ.ქ–ძის (პ/ნ .....) მიერ, 2021 წლის 1 მარტის N10533580405 საგადახდო დავალებით გადახდილი 20 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი