საქმე №ას-334-2021 15 ნოემბერი, 2021წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,რ.ს.ა–მი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ნოებრის გადაწყვეტილებით:
1. შპს „რ.ს.ა–მის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ.კ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „რ.ს.ა–მს“ დ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 797511 აშშ დოლარის გადახდა;
5. დ.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნა შპს „რ.ს.ა–მისათვის“ 324280 აშშ (300000 ევრო) დოლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
6. დ.კ–ძის სარჩელო მოთხოვნა შპს „რ.ს.ა–მისათვის“ 500000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
7. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
2021 წლის 12 ნოემბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, რადგან სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილიდან არ ვლინდება, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა თუ არა კასატორის მოთხოვნაზე წარმომადგენლის (ადვოკატის) დახმარებისათვის ხარჯის (დავის საგნის 4%-ის ოდენობით ), მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გამოტანილი იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2021 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებაში პ.174-181, საკასაციო პალატამ დეტალურად იმსჯელა კასატორის შუამდგომლობაზე წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის გადასახდევინებლად დაკისრების შესახებ და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, კერძოდ, „იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 824280 აშშ დოლარის ოდენობით, კასატორის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურების ხარჯის კასატორის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) სსსკ-ის 53 I მუხლის საფუძველზე, კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმომადგენლის ხარჯის ანაზღაურება 8000 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის ექვივალენტი ლარში) ოდენობით“.
საკასაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა არ იქნა ასახული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „რ.ს.ა–მის“ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. დ.კ–ძეს (პ.ნ. .......) შპს „რ.ს.ა–მის“ (ს.კ. ..........) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმომადგენლის (ადვოკატის) დახმარებისათვის ხარჯის ანაზღაურება 8000 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის ექვივალენტი ლარში) ოდენობით“.
3. საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
თამარ ზამბახიძე