№ას-1169-2021
8 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ა.ჯ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მიუღებელი ხელფასის 0.07% პროცენტის დაკისრება, გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.გ–ძის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს „მ.ა.ჯ–ას“ 2018 წლის 1 ივნისის N14 ბრძანება მ.გ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მ.გ–ძე აღდგენილ იქნა სს „მ.ა.ჯ–ას“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ან ტოლფასს თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასრგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 6 000 ლარის ოდენობით; ასევე 2018 წლის 22 მაისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე პერიოდის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 320 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მიუღებელი ხელფასის ოდენობის - 320 ლარის 0.07% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მის სრულ გადახდამდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკამყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ.გ–ძის სარჩელი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, სს „მ.ა.ჯ–ას“ 2018 წლის 1 ივნისის N14 ბრძანების ბათილად ცნობის, მ.გ–ძის სს „მ.ა.ჯ–ას“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და სს „მ.ა.ჯ–ასათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის - 6000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სამოქალაქო საქმე საკასაციო სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 1 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396.4 მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
8. სსსკ-ის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
9. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს - ხ.ბ–ს 2021 წლის 18 აგვისტოს, მინდობილობის მოქმედების ვადაში (მინდობილობა, ტ. 3, ს.ფ. 87-89), შესაბამისად, სასამართლო გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 70.1 მუხლის საფუძველზე.
10. სსსკ-ის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
11. ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 19 აგვისტოს და ამოიწურა 2021 წლის 8 სექტემბერს. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილია კასატორის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 27 სექტემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ ვადის ამოწურვიდან 19 დღის გასვლის შემდგომ, მინდობილობის მოქმედების ვადაში.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 397-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარია