საქმე №ას-1386-2020 25 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ე.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოსარჩელე)
განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.მ–მა (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ჯ–ის (შემდგომში - მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით გ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ე.ჯ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ რუსთავში, გასასვლელი ......, გასასვლელი #9, ბინა 63 (კოდი: ....), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა.
5. გ.მ–მა შეგებებული სარჩელი არ ცნო.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.მ–მა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ჯ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
11. 2021 წლის 1 ოქტომბერს ე.ჯ–ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ე.ჯ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. რუსთავი, გასასვლელი ...... 1, N9, ბ.63 ს/კ ....... რეგისტრირებული აკრძალვის გაუქმება.
12. ზემოაღნიშნული განცხადება გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და დაევალა შეტყობინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მისი პოზიცია/მოსაზრება.
13. გ.მ–მა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე.ჯ–ს დაეკისრა გ.მ–ის მიმართ ვალდებულების შესრულება, ე.ჯ–ს არ შეუსრულებია. ამიტომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება გამოიწვევს ვალდებულების შეუსრულებლობას და შეუძლებელი იქნება იძულებითი აღსრულებაც, რადგან ე.ჯ–ი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ჯ–ის განცხადება რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოვალის განცხადება, რომელიც მოითხოვს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული შეზღუდვის გაუქმებას.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი, საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
17. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
18. მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.მ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების 1.1. ქვეპუნქტის მიხედვით ე.ჯ–ს დაეკისრა გ.მ–ისათვის 1000 აშშ დოლარისა და 500 ლარის გადახდა.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 1.1 ქვეპუნქტის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
20. მოწინააღმდეგე მხარე მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მიუთითებს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, ხოლო ე.ჯ–ს მისი მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
21. გამომდინარე იქედან, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების 1.1. ქვეპუნქტის აღსრულება არ დასტურდება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ე.ჯ–ის განცხადება უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. რუსთავი, გასასვლელი ......, გასასვლელი #9, ბინა 63 (კოდი .....) რეგისტრირებული გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გაუქმების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 372-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ჯ–ის განცხადება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. რუსთავი, გასასვლელი ......, გასასვლელი #9, ბინა 63 (კოდი .....) რეგისტრირებული გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი