Facebook Twitter

საქმე №ა-2549-შ-62-2021 8 ნოემბერი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ.პ.ე.ს. „მ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შ. პ.ს. „მ. ჯ–ა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით:

1.1. შ. პასუხისმგებლობის ერთობლივი საზოგადოების „მ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად;

1.2. შ. პ.ს.ს „მ. ჯ–ას“ შ. პასუხისმგებლობის ერთობლივი საზოგადოების „მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 19 811, 62 დოლარის, საურავის 1 921, 73 დოლარისა და კომერციული სესხით სარგებლობისათვის პროცენტის 368, 55 აშშ დოლარის გადახდა, ჯამში 22 101, 90 აშშ დოლარის ოდენობით;

1.3. შ. პ.ს.ს „მ. ჯ–ას“ შ. პ. ერთობლივი საზოგადოების „მ.ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2 188, 09 ბელარუსული რუბლის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც არის 880, 31 აშშ დოლარის ეკვივალენტი.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის 19 მაისს №6405 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა შ. პ. ერთობლივი საზოგადოების „მ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

3. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ამავე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 12 თებერვალს და ექვემდებარება აღსრულებას, აგრეთვე, მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული; ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ 2021 წლის 1 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა.

4. შუამდგომლობაზე თანდართული, 2018 წლის 24 აპრილის ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს სახელმწიფო სასამართლოების მიერ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ეკონომიკური დავები, მოსარჩელის არჩევანის შესაბამისად. დავის განხილვისას გამოიყენება იმ ქვეყნის პროცესუალური სამართალი, სადაც სასამართლო მდებარეობს.

5. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შ. პ.ს. „მ. ჯ–ა“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ს/კ: .....), აღნიშნული ასევე დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFy6EkSfe706Tl1ekgL9n92tG5Jx5EEcMy6hObALkwlq ).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით შ.პ.ე.ს. „მ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინების, შ.პ.ე.ს. „მ–ის“ შუამდგომლობისა და თანდართულ მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - დუშეთის რაიონი, სოფელი კაიშაურები, მთა ვარცლა. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია მოპასუხეს ასევე გაეგზავნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებულ, ალტერნატიულ მისამართზე - თბილისი, დიდუბის რაიონი, აგლაძის ქუჩა №32, თუმცა მას საპროცესო დოკუმენტები კვლავ ვერ ჩაბარდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს ამავე პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების – საჯაროდ გამოქვეყნების მეშვეობით. მასვე განემარტა უფლება, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა წერილობითი პასუხი.

9. საქმის მასალებში მოთავსებული აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა 2021 წლის 18 ოქტომბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს სასამართლოს განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.

10. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართულ მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. პ. ერთობლივი საზოგადოების „მ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.

15. მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება სასამართლოსთვის დავის გადაცემის შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული კომპეტენცია, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და მეორე კარის II-V ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან, აგრეთვე, შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობიდან, არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული მხარეთა შეთანხმების მიხედვით, ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა საქმე. ამას გარდა, მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.

19. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც შ. პ.ს.ს „მ. ჯ–ას“ შ. პ. ერთობლივი საზოგადოების „მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 19 811, 62 დოლარის, საურავის 1 921, 73 დოლარისა და კომერციული სესხით სარგებლობისათვის პროცენტის 368, 55 აშშ დოლარის გადახდა, ჯამში 22 101, 90 აშშ დოლარის ოდენობით და 2 188, 09 ბელარუსული რუბლის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც არის 880, 31 აშშ დოლარის ეკვივალენტი, უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. პ. ერთობლივი საზოგადოების „მ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც შ. პ.ს.ს „მ. ჯ–ას“ შ. პ. ერთობლივი საზოგადოების „მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 19 811, 62 დოლარის, საურავის 1 921, 73 დოლარისა და კომერციული სესხით სარგებლობისათვის პროცენტის 368, 55 აშშ დოლარის გადახდა, ჯამში 22 101, 90 აშშ დოლარის ოდენობით და 2 188, 09 ბელარუსული რუბლის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც არის 880, 31 აშშ დოლარის ეკვივალენტი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი