თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ი.ჯ–ი“
კასატორი (მოპასუხე) - შპს „კ.რ.ი–ი“
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის - შპს „ი.ჯ–ის“ მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
კასატორის - შპს „კ.რ.ი–ის“ მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ი.ჯ–მა“ 2019 წლის 24 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „კ.რ.ი–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 2016 წლის 25 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 659 801,32 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 3 000 000 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 1 431 287,32 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 228 514 აშშ დოლარი), სარჩელის წარდგენიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის - სესხის ძირითადი თანხის წლიური 15%-ის და პირგასამტეხლოს - დავალიანების 0,1%-ის დაკისრება; გირავნობის საგნის - შპს „გ.მ–ის“ 92,85%-იანი წილის რეალიზაცია; ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2 228 615,5 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ი.ჯ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „კ.რ.ი–ს“ შპს „ი.ჯ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4 482 705,15 აშშ დოლარის გადახდა (ძირი თანხა - 3 000 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 289 670 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 193 035,15 აშშ დოლარი); 2019 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 2 144,83 აშშ დოლარის გადახდა; სესხის ხელშეკრულების ძირი თანხის - 3 000 000 აშშ დოლარის ანაზღაურებისთვის განისაზღვრა დაგირავებული ქონების - შპს „გ.მ–ის“ 92,85%-იანი წილის რეალიზაცია; შპს „ი.ჯ–ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ი.ჯ–ს“ (გამსესხებელი) და შპს „კ.რ.ი–ს“ (მსესხებელი) შორის 2016 წლის 25 იანვარს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა წლიურ 15%-იან სარგებელს, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის - პირგასამტეხლოს (ვადამოსული შეუსრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის). სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი, შპს „გ.მ–ის“ 92,85%-იანი წილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მსესხებლისთვის გადაცემა, რომელმაც სესხის დაბრუნება ვერ დაადასტურა. შედეგად, სასამართლომ მოპასუხეს გადასახდელად დააკისრა სესხის ძირითადი თანხა - 3 000 000 აშშ დოლარი, რომლის ანაზღაურებისთვისაც განისაზღვრა დაგირავებული ქონების რეალიზაცია. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელიც, თუმცა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისთვის, რადგან, სასამართლოს განმარტებით, სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი ეხებოდა ხელშეკრულების მოქმედებას და არ წარმოადგენდა ვადის გადაცილებისთვის პროცენტზე შეთანხმებას. გარდა ამისა, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადარიცხული ჰქონდა 161 076 ლარი, ხოლო სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გადარიცხული თანხით თავდაპირველად სარგებელი იფარებოდა, ეს თანხა სასამართლომ სარგებლის ნაწილად მიიჩნია. საბოლოოდ, მოპასუხეს სარგებელი 1 289 670 ლარის ოდენობით დაეკისრა. სასამართლომ მოპასუხეს პირგასამტეხლოც დააკისრა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით, მხარეთა შორის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია, რის გამოც - შეამცირა 0,05%-მდე.
რაც შეეხება 2 228 615,5 ლარის დაკისრების მოთხოვნას, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს, წერილობითი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გარდა, 2016-2017 წლებში გადაურიცხა 2 389 691,5 ლარი, თუმცა დასახელებული თანხა გადარიცხული იყო არა ზეპირი სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებდა, არამედ - წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, მიღებული თანხის სანაცვლოდ, მოსარჩელის მიერ სპეციალურად წილის ნასყიდობის ოპერაციისთვის შექმნილ კომპანიას - შპს „მ.ი–ს“ გადაეცა სასტუმროს - შპს „თ.ხ–ს“ 50%-იანი წილი. აქედან გამომდინარე, დასახელებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
შპს „ი.ჯ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე, დამატებით - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის (118 000 ლარის) ანაზღაურება მოითხოვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელეს ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობაზე აღარ მიუთითებია და დაადასტურა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, თუმცა აღნიშნა, რომ წილის ღირებულება იყო 2 300 000 ლარი, შესაბამისად, მან მოპასუხეს ზედმეტად გადაურიცხა 89 691,5 ლარი, რომლის ანაზღაურებაც მოითხოვა აპელანტმა.
შპს „კ.რ.ი–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს „ი.ჯ–ისა“ და შპს „კ.რ.ი–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება; შპს „ი.ჯ–ის“ მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. დამატებით, შპს „ი.ჯ–ის“ მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში თანხის ზედმეტად გადახდასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელე თანხის დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოში ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობაზე მითითებით ითხოვდა, ხოლო წილის ნასყიდობის ფაქტი სასამართლომ დაადგინა, ხსენებული მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ამასთანავე, თუკი წილის ღირებულება 2 300 000 ლარი იყო, ვინაიდან სარჩელით ნაკლები თანხა - 2 228 615,5 ლარი იყო მოთხოვნილი, თანხის ზედმეტად გადახდაზე მითითება თანხის უკან დაბრუნების წინაპირობას არ ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - შპს „ი.ჯ–ი“ მიუთითებს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რადგან სესხის ხელშეკრულების შეწყვეტას მისი შესრულება იწვევდა, შესაბამისად, ვალდებულების შესრულებამდე სარგებლის დარიცხვაც უნდა გაგრძელდეს.
კასატორი (მოსარჩელე), ასევე, მიიჩნევს, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა, ვინაიდან ხელშეკრულების მხარეები არიან თანაბარი პირობების მქონე სუბიექტები და პირგასამტეხლოს ოდენობა თავად მოპასუხემ განსაზღვრა, ამასთან, სესხის ხელშეკრულება უხეშად არის დარღვეული და მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს.
კასატორი - შპს „ი.ჯ–ი“ აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მოპასუხისთვის 2 228 615,5 ლარის დაკისრების თაობაზე, რასაც ასაჩივრებს ნაწილობრივ - 89 691,5 ლარის ფარგლებში. კასატორი აღნიშნავს, რომ წილის ღირებულება შეადგენდა 2 300 000 ლარს, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადარიცხული აქვს 2 389 691,5 ლარი. ამდენად, თანხებს შორის სხვაობა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს, როგორც ზედმეტად გადახდილი. რაც შეეხება თავდაპირველად სასარჩელო მოთხოვნის 2 228 615,5 ლარით განსაზღვრას, დასახელებული თანხა წარმოადგენდა სხვაობას მოპასუხისთვის გადარიცხულ თანხას და მოსარჩელისთვის გადახდილ - 161 076 ლარს (რომელიც სასამართლომ წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ნაწილად მიიჩნია) შორის.
კასატორი (მოსარჩელე), ასევე, მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ ეთქვა უარი წარმომადგენლობითი ხარჯის ანაზღაურებაზე.
შპს „კ.რ.ი–ის“ საკასაციო საჩივრის თანახმად, სესხის თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი ურთიერთშეთანხმებით, საერთო საპარტნიორო ურთიერთობების გათვალისწინებით, უნდა დაბრუნებულიყო. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, მაგრამ თუკი პირგასამტეხლო მაინც დაეკისრება, იგი უნდა შემცირდეს 0,01 %-მდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრისა და 29 სექტემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ი.ჯ–ისა“ და შპს „კ.რ.ი–ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხებს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის დაკისრების, დაკისრებული სარგებლის პერიოდის განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება; ასევე, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის ნაწილის მოსარჩელისთვის დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისათვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის №ას-361-343-2015 განჩინება). ვინაიდან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა, „სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც. გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა წერილობითი საბუთი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის №ას-398-371-2017 გადაწყვეტილება). სესხის ხელშეკრულების დადების - ხელშეკრულების საგნის გადაცემის დადასტურების შემდეგ, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში კი, „მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 25 იანვარს წერილობით დაიდო სესხის ხელშეკრულება და მსესხებელმა - შპს „კ.რ.ი–მა“ გამსესხებლისგან - შპს „ი.ჯ–ისგან“ სრულად მიიღო სესხის თანხა - 3 000 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, სესხი უნდა დაფარულიყო არა უგვიანეს სესხის პირველი ნაწილის გაცემიდან სამი წლის ვადაში; სესხის პირველი ნაწილის გადარიცხვა კი განხორციელდა 2016 წლის 26 იანვარს. კასატორი - შპს „კ.რ.ი–ი“ ვერ ადასტურებს სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას - სესხის დაფარვის განსხვავებულ დროზე შეთანხმებას, ხოლო მის მიერ სესხის დაფარვის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა - 3 000 000 აშშ დოლარი. ამასთან, ვინაიდან ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო გირავნობით, სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლიდან გამომდინარე, არსებობდა უზრუნველყოფის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევის წინაპირობებიც.
სესხის ძირითადი თანხის გარდა, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია მოპასუხისთვის სარგებლის გადახდის დაკისრებაც. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სესხისათვის პროცენტის შეთანხმების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა გამოიყენეს დასახელებული უფლება და შეთანხმდნენ სესხის თანხაზე საპროცენტო სარგებლის - წლიური 15%-ის დარიცხვაზე. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით თავდაპირველად სწორედ სარგებლის დაფარვა მოხდებოდა.
მხარეთა შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მოპასუხისთვის სარგებლის გადახდის დაკისრების წინაპირობების არსებობის შესახებ, ამასთან, ვინაიდან საქმეზე დადგენილია მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 60 330 აშშ დოლარის გადახდის ფაქტიც, ეს თანხა სარგებლის ანგარიშში უნდა ჩაითვალოს.
რაც შეეხება სარგებლის ასანაზღაურებელ პერიოდს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლიდან გამომდინარე „სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის №ას-1701-1685-2011 გადაწყვეტილება და 2017 წლის 30 ივნისის №ას-408-381-2017 განჩინება). ვინაიდან სადავო შემთხვევაში არ მომხდარა სარგებლის გათვალისწინება ვადის გადაცილებისთვის, კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზია დაუსაბუთებელია და სარგებლის მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე დარიცხვა მართებულია.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლიდან პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები, კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობაც განსაზღვრეს 0,1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, თუმცა მხარეთა მიერ გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გამოანგარიშების შედეგების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და ამდენად, არ იზიარებს კასატორის (მოსარჩელის) მითითების პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობაზე. ამასთან, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობის დადგენის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს წარმოშობილი დავალიანების ოდენობაზე, მისი შეუსრულებლობის ფინანსურ შედეგებსა და ვალდებულების დარღვევის ხასიათზე, რის გამოც ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ პირგასამტეხლოს 0,05%-მდე შემცირებას მართებულად მიიჩნევს და არ ეთანხმება კასატორის (მოპასუხის) პოზიციას პირგასამტეხლოს უფრო ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შესახებ.
რაც შეეხება 89 691,5 ლარის დაკისრების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში... მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველად, სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის 2 228 615,5 ლარის, როგორც ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხის, გადახდის დაკისრებას, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება ზეპირად არ დადებულა, არამედ მოპასუხეს 2 389 691,5 ლარი გადაერიცხა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ სადავოდ აღარ გახადა ხსენებული ფაქტობრივი გარემოება, თუმცა მიუთითა, რომ წილის ღირებულება იყო 2 300 000 ლარი, შესაბამისად, 89 691,5 ლარი, როგორც ზედმეტად გადარიცხული, უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას.
საკასაციო პალატა, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სასარჩელო მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დასახელებული მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ, რადგან სარჩელით მოთხოვნილი იყო 2 228 615,5 ლარის დაკისრება, ხოლო თავად კასატორის (მოსარჩელის) განმარტებით, წილის ღირებულება 2 300 000 ლარი იყო. ამრიგად, 2 300 000 ლარზე მეტი თანხის ზედმეტად გადახდილად შეფასების შემთხვევაშიც კი, სარჩელი ამ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება, რადგან სასარჩელო მოთხოვნა წილის ღირებულების ოდენობაზე ნაკლებია და სარჩელით მოთხოვნილი თანხის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით გადარიცხვა დადასტურებულია. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნას ვერ ასაბუთებს კასატორის (მოსარჩელის) არგუმენტი, რომ 2 228 615,5 ლარი მოთხოვნილი იყო როგორც სხვაობა მოსარჩელის მიერ გადარიცხულ (2 389 691,5 ლარი) და მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილ (161 076 ლარი) თანხებს შორის, რადგან შპს „კ.რ.ი–ის“ მიერ გადახდილი, მითითებული თანხა სასამართლომ სესხის წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ნაწილად მიიჩნია და იგი არ წარმოადგენდა მხარეთა შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილ თანხას. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე მუხლების გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით წარმართვის სავალდებულოობის მხედველობაში მიღებით, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება მხარეთა მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად სწორ შეფასებაში გამოიხატება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ი.ჯ–ს“ მართებულად ეთქვა უარი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე.
წარმომადგენლობითი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ „მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებულისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება დასაშვებია, თუმცა მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში (სადაც მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატით), თუკი ამგვარი შუამდგომლობა არ იქნება წარდგენილი, მიიჩნევა, რომ მხრეს არ სურს ამ თანხის მოწინააღმდეგისათვის დაკისრება, სხვა ინსტანციის სასამართლოში აღძრული შუამდგომლობა კი, განიხილება დაგვიანებულად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის №ას-1758-2019 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, შპს „ი.ჯ–ს“ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია საპროცესო ხარჯის ანაზღაურება, მსგავსი მოთხოვნა მან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დააყენა, თუმცა ვინაიდან მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობდა მოწინააღმდეგე მხარისთვის საპროცესო ხარჯის ანაზღაურების დავალების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს - შპს „კ.რ.ი–ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, ხოლო კასატორს - შპს „ი.ჯ–ს“ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი, უზენაესი სასამართლოს მიერ გადავადებული ბაჟის - 8000 ლარის 30%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი.ჯ–ისა“ და შპს „კ.რ.ი–ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. შპს „კ.რ.ი–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის (საგადასახადო დავალება №1632309285, გადახდის თარიღი 22.09.2021წ.) 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. შპს „ი.ჯ–ს“ (ს/ნ ......) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2400 ლარის ოდენობით;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
გ. მიქაუტაძე