Facebook Twitter
საქმე №ას-918-2021 3 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.ზ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - ნ.ჯ–ძე

დავის საგანი - საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების ოქმებისა და მესამე პირის დანიშვნის შესახებ გურჯანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის კონკურსის გამარჯვებულად აღიარება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

გ.ზ–მა 2019 წლის 17 ივნისს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დირექტორის ვაკანსიაზე კონკურსის ჩატარებისა და შესაბამისი კანდიდატის შერჩევის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომების №1, №2, №3, №4 ოქმების, საპრეტენზიო კომისიის ოქმისა და „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორად ნ.ჯ–ძის დანიშვნის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 მაისის №1042 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, გ.ზ–ის კონკურსში გამარჯვებულად აღიარება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ზ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დირექტორის ვაკანსიაზე კონკურსის ჩატარებისა და შესაბამისი კანდიდატის შერჩევის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 10 მაისის №4 სხდომის ოქმი კენჭისყრის შედეგების ნაწილში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2019 წლის 11 ივნისის №1 სხდომის ოქმი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 მაისის №1042 ბრძანება; ა(ა)იპ „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულად აღიარებულ იქნა გ.ზ–ი; გ.ზ–ს უარი ეთქვა საკონკურსო კომისიის №1, №2, №3 და №4 (გარდა კენჭისყრის შედეგების ნაწილისა) ოქმების ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება გ.ზ–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ზ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გ.ზ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არ გაითვალისწინა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა მოსარჩელისა და მესამე პირის განათლებისა და კომპეტენტურობის საკითხი, ასევე, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა საკონკურსო კომისიის წევრების კანონდარღვევით შერჩევაზე - კომისიის შემადგენლობაში არ უნდა შესულიყო კონკურსში მონაწილე პირის (ნ.ჯ–ძის) მეგობარი. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ განმარტა, რომ მოსარჩელეს გასაუბრების ჩაწერის უფლება არ ჰქონდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ.ზ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ჩატარებული კონკურსის შედეგების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის მიხედვით, იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულება უნდა დაკვალიფიცირდეს არა შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ მათ შორის იდება სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება. მსგავსი ხელშეკრულება „სასამსახურო ხელშეკრულებად“ მოიხსენიება, რადგან მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის №ას-114-2021, 2021 წლის 8 აპრილის №ას-1096-2020 და 2021 წლის 31 მარტის №ას-1097-2020 გადაწყვეტილებები). სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, იურიდიული პირის უფლებამოსილი პირი თავად არჩევს ხელშეკრულების მეორე მხარეს. ამასთან, თუკი ხელშეკრულების დასადებად და ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადდება კონკურსი, ის აუცილებლად უნდა წარიმართოს მართლზომიერად, ობიექტურად, მიუკერძოებლად და თანასწორობის პრინციპის დაცვით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 სექტემბრის №1786 ბრძანებით შეიქმნა ა(ა)იპ „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანება“; მერის ბრძანებითვე, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანების წესდება სავალდებულო წესით კონკურსის ჩატარებას არ ითვალისწინებდა, გაერთიანების დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი და განისაზღვრა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა.

დადგენილია, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე ორი კანდიდატი გადავიდა: გ.ზ–ი და ნ.ჯ–ძე, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ნ.ჯ–ძე.

სარჩელით სწორედ ნ.ჯ–ძის გამარჯვებულად გამოცხადებაა სადავოდ გამხდარი, ვინაიდან კასატორის მოსაზრებით, ადგილი ჰქონდა მიკერძოებულ და არაობიექტურ დამოკიდებულებას.

საკასაციო პალატა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება. „კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს... შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის №ას-639-2021 განჩინება).

სადავო შემთხვევაში, კასატორი მის მიმართ არაობიექტური დამოკიდებულების დამადასტურებელ გარემოებად მიუთითებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და გამარჯვებული კანდიდატის - ნ.ჯ–ძის მეგობრობაზე და მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისია არ იყო კანონიერად დაკომპლექტებული, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საკონკურსო კომისია შეიქმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომელიც ითვალისწინებდა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, მაგრამ მოსარჩელეს იგი სადავოდ არ გაუხდია. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით არ არის დაკმაყოფილებული მოსარჩელის მოთხოვნა კონკურსის ჩატარებისა და შესაბამისი კანდიდატის შერჩევის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის №1, №2, №3 და №4 (გარდა კენჭისყრის შედეგების ნაწილისა) ოქმების ბათილად ცნობის შესახებ, რომლებიც წინ უსწრებდა კენჭისყრის პროცედურებს, კერძოდ, ოქმებით დამტკიცდა კონკურსის პროგრამა, გასაუბრების ეტაპები, შეფასებული იქნა კონკურსანტთა მიერ წარდგენილი რეზიუმეები, დოკუმენტები და გადმოცემულია გასაუბრება. ამრიგად, საკონკურსო კომისიის შექმნისა და კომისიის წევრთა განსაზღვრის კანონიერება არ არის ამ ეტაპზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანი.

კასატორი, ასევე, მიუთითებს გასაუბრების ამსახველ აუდიოჩანაწერზე, რომელიც, მისი მოსაზრებით, ადასტურებს საკონკურსო კომისიის სუბიექტურ დამოკიდებულებას, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი მოპოვებულია ფარულად. ფარულად მოპოვებული ჩანაწერი კი „დასაშვებია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, თანხმობა კი უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა (კერძო სფეროში ჩარევა) ემსახურებოდა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის №ას-1155-1101-2014 განჩინება). სადავო შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულების დაშვებაზე თანხმობა მოპასუხეს არ განუცხადებია, მან შესაგებელშივე მიუთითა მტკიცებულების დაუშვებლობაზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ არ არსებობდა ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად დაშვების საგამონაკლისო შემთხვევაც - „როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს, მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის №ას-1155-1101-2014 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, კასატორს შეეძლო, კანონიერი გზით მოეპოვებინა გასაუბრების ჩანაწერი, რადგან მას საკონკურსო კომისიამ განუმარტა გასაუბრების აუდიოჩაწერის შესაძლებლობის შესახებ, რაზეც მან უარი განაცხადა. მაშასადამე, ფარული ჩანაწერის განხორციელების აუცილებლობა არ არსებობდა და პირი თვითდახმარების ფარგლებში არ მოქმედებდა. ამდენად, საკასაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას წარმოდგენილი აუდიოჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე, რადგან იგი მოპოვებულია კანონის დარღვევით - ფარულად.

რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატთა შეფასების კანონიერებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეფასება საკონკურსო კომისიის ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლოს კონტროლი შეზღუდულია, კერძოდ, „სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა (გამოსაცდელი პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება (მაგ. მოფიქრებისათვის ნაკლები დროის მიცემა, გამოცდის არასამუშაო გარემოში წარმართვა)), ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის, გამოცდის პროცედურული წესების დაცულობა. სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება გამომცდელის მიერ გამოცდისათვის განსაზღვრული დანაწესის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას (მაგ. გამომცდელი საგამოცდო კითხვას გამოცდასთან შეუსაბამო შინაარს აძლევს, დასმული კითხვა ცდება პროგრამის ფარგლებს და სხვ.), საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარად შეუსაბამობას, გამომცდელის მიერ გაცნობიერებულად საკითხისადმი კავშირში არმყოფი მოსაზრებებით მოქმედებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). მსგავსი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ „შეფასების პროცესს მრავალი ისეთი ელემენტი ახლავს, რომელიც არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას (კომისიის წევრის სუბიექტური შთაბეჭდილება, პროფესიული თავისებურებების ზემოქმედება შეფასებაზე, საერთო შედეგების შეფასება და სხვ.)“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის №ბს-1312(კ-18) განჩინება). ამრიგად, შეფასების დისკრეციის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ არ უნდა შეითავსოს კომისიის ფუნქცია, არ უნდა ჩაანაცვლოს იგი, არამედ უნდა შეამოწმოს პროცედურის წარმართვის მართლზომიერება და გამორიცხოს აშკარად ირაციონალური და მიუღებელი შეფასება, რომელიც იმთავითვე მიუთითებს შეფასების უსწორობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და უზენაესი სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე შესაფასებელი სადავო საკითხების გათვალისწინებით, პროცედურული დარღვევების არსებობა ან კონკურსანტთა მიმართ არათანაბარი/არაობიექტური მოპყრობა არ დასტურდება, უფრო მეტიც, კასატორის მითითებები და განმარტებები ასეთის არსებობის საფუძვლიან ეჭვს ვერ წარმოშობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, რადგან არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ზ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება;

3. გ.ზ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადასახადო დავალება №1, გადახდის თარიღი 24.09.2021წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

გ. მიქაუტაძე