საქმე №ას-1102-2021 3 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები - შპს „ა–ი“, ი.გ–ძე, შპს „ა–ი ჯ–ი“, შპს „ა–ი ა.ს–ო“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ა“
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისისა და 26 ივლისის განჩინებები
საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი - შეგებებული სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფა
აღწერილობითი ნაწილი:შპს „კ–ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „ა–ის“, ი.გ–ძის, შპს „ა–ი ჯ–ისა“ და შპს „ა–ი ა.ს–ოს“ მიმართ, ზიანის ანაზღაურებისა და მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შპს „კ–ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 5000 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება შპს „კ–ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა; შპს „ა–იმ“, ი.გ–ძემ, შპს „ა–ი ჯ–მა“ და შპს „ა–ი ა.ს–ომ“ კი წარადგინეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს შპს „კ–ასთვის“ მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (54512,16 ლარისა და 3515 ევროს) სრულად ანაზღაურების დავალება.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორებმა 2021 წლის 13 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში შპს „კ–ას“ ანგარიშებსა და დეპოზიტზე განთავსებულ ფულად თანხებზე, 62649,5 ლარის ფარგლებში, ყადაღის დადება იმგვარად, რომ აღნიშნული ყადაღით მოსარჩელეს არ შეზღუდვოდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორთა სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით საბანკო გადარიცხვის ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით შეგებებული სააპალაციო საჩივრის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორებმა საჩივრით გაასაჩივრეს.
საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ განსახილველი საქმის წარმოების ფარგლებში მნიშვნელოვანი ხარჯი გასწიეს საკუთარი ინტერესების დასაცავად და მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხეთა მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება. ამასთან, საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, გამოყენებულ უნდა იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიება ფულად სახსრებზე ყადაღის დადების სახით, რადგან შპს „კ–ას“ სახელზე საქართველოში არ ირიცხება უძრავი ქონება ან წილი საქართველოში რეგისტრირებულ რომელიმე მეწარმე სუბიექტში. გარდა ამისა, საქმის წარმოების საწყის ეტაპზე მოსარჩელის საკუთრებაში არ ირიცხებოდა სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო დღეის მდგომარეობით, ასეთი ინფორმაცია პერსონალური ხასიათისაა და საჩივრის ავტორები მას ვერ მოიპოვებენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით შპს „ა–ის“, ი.გ–ძის, შპს „ა–ი ჯ–ისა“ და შპს „ა–ი ა.ს–ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გამოყენება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიას არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორების არგუმენტი, რომ ინფორმაცია კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ პერსონალური ხასიათისაა და მათ ვერ შეძლეს აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება, რადგან განმცხადებლებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ შესაბამისი ორგანოსთვის ინფორმაციის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადება, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა. შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორებმა ვერ დაადასტურეს შპს „კ–ას“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების აუცილებლობა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ა–ის“, ი.გ–ძის, შპს „ა–ი ჯ–ისა“ და შპს „ა–ი ა.ს–ოს“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს შეგებებული სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფაზე - მოწინააღმდეგე მხარის ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ამრიგად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოსარჩელის ინტერესების დაცვასა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, თუმცა ვინაიდან ამავდროულად წარმოადგენს ჩარევას მოპასუხის კანონით დაცულ უფლებებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა დეტალურ შესწავლას მოითხოვს, რათა დადგინდეს მისი გამოყენების აუცილებლობა და უზრუნველყოფილ იქნეს მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, ასევე - უნდა მიუთითოს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ სახეზე, რომელიც მოსარჩელისთვის ყველაზე ეფექტურად და მოპასუხისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით გახდის შესაძლებელს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნის (სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და სწრაფად აღსრულება) მიღწევას.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეები კი ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლში, რომლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება მოპასუხის კუთვნილ ფულად სახსრებზე ყადაღის დადებაა. ამასთან, დასახელებული ღონისძიების გამოყენების კანონიერების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მოწინააღმდეგე მხარის საქმიანობის სფეროს, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას, იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებების შესრულება და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა. საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს სახეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო თუ ასეთი მოძიებულ ვერ იქნა, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის №534-2021, 2020 წლის 17 ივნისის №1833-2019 და 2016 წლის 2 ნოემბრის №ას-956-921-2016 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორები ითხოვენ შპს „კ–ას“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე, 62649,5 ლარის ფარგლებში, ყადაღის დადებას მაშინ, როდესაც სხვა, ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობა დადასტურებული არ არის, კერძოდ, საქმეზე არ დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოძრავი ნივთები, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებები, არ გააჩნია. საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ მსგავსი ინფორმაცია. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მათ არგუმენტს ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შესახებ, რადგან თუკი თავად ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო ინფორმაციის წარმოდგენას, საჩივრის ავტორებს შეეძლოთ, ესარგებლათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და ეშუამდგომლათ სასამართლოს წინაშე მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე. განმცხადებლებს კი დასახელებული უფლება არ გამოუყენებიათ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ პირობებში სამეწარმეო სუბიექტის ფულად სახსრებზე ყადაღის გავრცელება ეწინააღმდეგება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს, რადგან არ იკვეთება მსგავსი უკიდურესი ჩარევის აუცილებლობა და ყადაღის გავრცელებამ შეიძლება არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე დააზარალოს სამეწარმეო საქმიანობის ნორმალურად განხორციელებაში ხელშეშლით, არამედ ამით გამოიწვიოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაურესება და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების უუნარობაც კი, რაც სამომავლოდ საჩივრის ავტორთა უფლებებსაც ხელყოფს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორები უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვენ შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის - 62649,5 ლარის ფარგლებში მაშინ, როდესაც საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ თანხიდან მხოლოდ 5000 ლარის გადახდა აქვს შპს „კ–ას“ დაკისრებული. ამრიგად, მოთხოვნილი თანხის ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარის ფულადი სახსრების დაყადაღება არაპროპორციულ ტვირთად დააწვებოდა კომპანიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების - მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა–ის“, ი.გ–ძის, შპს „ა–ი ჯ–ისა“ და შპს „ა–ი ა.ს–ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისისა და 26 ივლისის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
გ. მიქაუტაძე