საქმე №ას-476-2020 27 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ,,თბილისის N .. ს.ბ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე–სა“ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) და ააიპ „თბილისის N.. ს. ბ-ბ–ს“ (შემდგომში „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის დაიდო ხელშეკრულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვებისთვის კვებითი მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვა 73 540.20 ლარით.
2. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო 292 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვისთვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებდნენ შემსყიდველი და ააიპ „თბილისის ს. ბ-ბ–ების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით დადგინდა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3% - 2243 ლარი.
5. ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილებისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/145, (პრინციპალი - მიმწოდებელი, ბენეფიციარი შემსყიდველი) და საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა 2243 ლარით განისაზღვრა.
7. მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის მოტივით, შემსყიდველმა უარი განაცხადა მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ათვლით) შედარების აქტის შედგენაზე.
8. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს. ბ-ბ–ებში მიმწოდებლის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
9. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 მიმართვის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის - სავალდებულო პარამეტრებს.
10. მოსარჩელის მოთხოვნა
10.1. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა გაწეული მომსახურების ღირებულების 11 574.15 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის 2 243 ლარსა და პირგასამტეხლოს - 990 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
10.2. მოსარჩელის განცხადებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის დეკემბერში მოპასუხეს გაეწია 11 574.15 ლარის მომსახურება, წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე და აცნობა მოსარჩელეს, რომ, თითქოს, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, რაც გამოიხატებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების არმქონე სურსათის - ყველისა და კარაქის მოპასუხისთვის მიწოდებაში. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს - მიწოდებული პროდუქტი თავისი თვისებებით აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე რისკების თავიდან აცილების მიზნით განსაზღვრული საბანკო გარანტიის თანხა უზრუნველყოფდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება, თუ რა სახის ზიანი მიადგა მოპასუხეს, რის გამოც გადახდილი საბანკო გარანტიის თანხა ექვემდებარება მოსარჩელისთვის დაბრუნებას. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს, შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების (11574.15 ლარის) 0,1%-ის, ანუ 990 ლარის გადახდა.
11. მოპასუხის პოზიცია
12. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
13. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
13.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარე ზიანის, 19 212 ლარის ანაზღაურება.
13.2. შეგებებული სარჩელის ავტორის განცხადებით, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - მის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული ყველი და კარაქი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი - სურსათის - (ყველი, კარაქის) - სავალდებულო პარამეტრებს, რითაც ზიანი მიადგა შემსყიდველს და იგი ექვემდებარება ანაზღაურებას.
14. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
14.1. შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ ცნო.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების - 11 574.15 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს, 990 ლარის გადახდა; საბანგო გარანტიის თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ასევე, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ.
16. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
16.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ: მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიის თანხის - 2243 ლარის გადახდა.
17.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
17.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე-492-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის მიწოდებული პროდუქტი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პროდუქტის სავალდებულო პარამეტრებს, თუმცა ვინაიდან მოპასუხეს არც პროდუქტის მიღებისას და არც შემდგომში მისი მოხმარებისას სადავოდ არ გაუხდია მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივი ხარისხი (მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციპიკური სეგმენტისა), სურსათის -ყველის - ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ამ პროდუქტის აღდგენილი რძისგან დამზადების შესახებ, არ შეიძლებოდა განხილულიყო იმგვარ არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულებისაგან. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 2017 წლის დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურება.
17.4. პროდუქტ „კარაქთან“ დაკავშირებით საპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/- 0.5). შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია, მიწოდებული პროდუქტი შესაბამისობაში იყო ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან, რაც გულისხმობს იმას, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში მიმწოდებელმა სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
17.5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე, 420-ე მუხლებით, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების მართებულობის შესახებ და ვალდებულობის მოცულობისა და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნია მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა - 990 ლარი.
17.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 879-ე-880-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხეს რაიმე ზიანი არ მისდგომია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მიღებული საგარანტიო თანხით კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა, ზიანის არარსებობის გამო.
17.7. პალატის მოსაზრებით, მხოლოდ მოთხოვნის უფლების არსებობა იმგვარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორიც საბანკო გარანტიაა, არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას, უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, ამ შემთხვევაში მას ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა (სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი). არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე.
17.8. განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი (ფულად გამოხატულებაში რამდენიმე ათეული ლარი) იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. შესაბამისად, პალატამ არამართებულად მიიჩნია კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო გარანტიის გამოყენება.
17.9. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით და აღნიშნა, რომ გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სწორედ მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე, რადგანაც ამ უკანასკნელმა გარანტს რეგრესის წესით გადაუხადა მოპასუხისათვის - (ბენეფიციარი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანაზღაურებული საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა (სკ-ის 890.1 მუხლი) 2 243 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
18. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
18.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
18.2 კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით წარმოადგენს არაჯეროვან შესრულებას, თუმცა სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ზემოთ დადგენილი გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განიმარტოს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ მიუწოდებია ხელშეკრულებით განსაზღვრული პარამეტრების მქონე პროდუქტი „ყველი“, შესაბამისად, შემსყიდველს არ წარმოშობია ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება.
18.3 ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტს, იგი ვალდებული იყო სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული პროდუქტის მახასიათებლები. მოპასუხეზე კი მსგავსი სამართლებრივი ბოჭვა არ ვრცელდება. სსკ 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შესახებ. ეს კი დასტურდება საქმეში თავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შპს „ნ“-ის წერილით, რომელშიც ავტორი ადასტურებს, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი მოსარჩელისთვის მიწოდების მანძილზე მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისაგან. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან განზრახი დუმილით შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა. ეს კი ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარებები აქტის გაფორმების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულებიდან გამომდინარე შესრულების პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
18.4 რეალურად, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული შესრულების ნაკლი მდგომარეობს ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისას ყველისა და კარაქის გამოუყენებლობაში. ანუ, ამ ორი პროდუქტის ნაწილში ნაკლის ღირებულებად მიჩნეული იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც მომსახურების გაწევისას არ გამოუყენებია მოპასუხეს. ამ არგუმენტით კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით მოპასუხემ მოსარჩელეს დაუკავა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე. სააპელაციო სასამართლომ კი, დასაბუთების გარეშე, ლეგიტიმურ სანქციად არ მიიჩნია ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობით გამოწვეული ნაკლის არსებობისას შეუსრულებელი ნაწილის ღირებულების გადაუხდელობა. ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ მიუწოდებია ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქტი „ყველი“, „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულებაც არ წარმოშობილა, რაც წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის რეგულირების საგანს.
18.5 სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მიწოდებულ კარაქთან მიმართებით ხელშეკრულება არ დარღვეულა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მოპასუხისთვის მიეწოდებინა კარაქი არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობით, თუმცა ფაქტობრივად მიაწოდა პროდუქტი +/- 0.5%-იანი ცდომილებით. შესაბამისად, მომსახურების გაწევისას ხელშეკრულების მახასიათებლებისგან განსხვავებული პროდუქტის ღირებულება არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
18.6 სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხიც და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება.
18.7 სააპელაციო პალატამ არასწორად განიხილა ასევე, საბანკო გარანტიის საკითხი და არასწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების ნაწილი შეასრულა არაჯეროვნად, რაც მთლიან შესრულებას ხდის არაჯეროვანს. საბანკო გარანტია კი, თავისი ბუნებით არის გამოუთხოვადი და მოიცავს როგორც ვალდებულების შეუსრულებლობას, ასევე არაჯეროვან შესრულებას. ამ საკითხის ზიანის ანაზღაურებასთან და ზიანის არსებობასთან დაკავშირება კი სრულიად კანონსაწინააღმდგოა.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
19.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორს ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ჩამოთვლის იმ ძირითად პრეტენზიებს, რაზეც მოპასუხე მიუთითებს საკასაციო საჩივარში და შემდგომ თანმიმდევრობით შეაფასებს მათ.
22. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით: 1) მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტის, „ყველი იმერულის“ საფასურის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნია, ვინაიდან ამ ნაწილში ადგილი აქვს ხელშეკრულების იმგვარ არაჯეროვან შესრულებას, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება; 2) მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას აქვს ადგილი, ასევე, მის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტის, „კარაქის“ შემთხვევაში, რაც გამორიცხავს აღნიშნული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურებასაც; 3) სასამართლომ არასწორად დააკისრა შემსყიდველს პირგასამტეხლოს თანხა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება; 4) სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეს საბანკო გარანტიის თანხა, 2243 ლარი.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ ზემოთ ჩამოთვლილ პრეტენზიათაგან სამი მათგანი უსაფუძვლოა და არ არსებობს მათი გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
24. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, განსახილველი დავა შეიცავს, როგორც ნასყიდობის, აგრეთვე ნარდობისსამართლებრივი ურთიერთობების ელემენტებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლების სამართლებრივი შეფასებისა და გამოყენებისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ წესებს ენიჭება უპირატესობა, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საგნის დამზადება/შესყიდვა ხდებოდა მიმწოდებლის მიერ, ხოლო შემდგომი მიღება/შესყიდვა კასატორის (მოპასუხის) მიერ (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
25. კასატორის პირველ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება - კერძოდ, პროდუქტი „ყველის“ მიწოდება, რომელიც, ნაცვლად პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. სასამართლო მიუთითებს „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღდგენილ რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
26. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, ცალსახად დგინდება, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული პროდუქტებია.
27. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ნაკლიანი პროდუქტის (პასტერიზებულ რძეზე დამზადებული ყველის ნაცვლად, აღდგენილი რძით დამზადებული ყველის) მიწოდებისა, აღნიშნული პროდუქტი მოპასუხემ მიიღო და გამოიყენა დანიშნულებისამებრ, ისე, რომ პრეტენზია არ განუცხადებია მიმწოდებლისთვის. კასატორი აცხადებს, რომ მას პროდუქტის საფასური ვალდებულების გარეშე აქვს გადახდილი.
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ორი სამართლებრივი ინსტიტუტი - ვალდებულების გარეშე შესრულება (შემსყიდველის მიერ) და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (მიმწოდებლის მიერ). როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სადავო პროდუქტი „ყველი“ ფაქტობრივად მიწოდებულია, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნედლეულითაა დამზადებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).
29. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობისსამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მხარეთა ურთიერთმოთხოვნების სამართლებრივი მდგომარეობა, უდავოა, რომ ნაკლიან შესრულებას (იხ. სსკ-ის 488-ე „1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. 2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლი მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე“ მუხლი) აქვს ადგილი.
30. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 490.1-ე („თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში“), 491-ე („მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები“ ) და 492-ე („თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი“) მუხლების საფუძველზე განმარტავს, რომ უდავოდ დგინდება ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც, დასახელებული სამართლებრივი მექანიზმით უნდა ესარგებლა მხარეს ნაკლის გამოსწორების, ხელშეკრულების მოშლის ან ფასის შემცირების მოთხოვნით, რაც საქმის მასალებით არ დგინდება. კასატორის პრეტენზია, რომ ერთიანი ხელშეკრულების კონტექსტში არ უნდა მოხდეს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შეფასება, რადგან, კონკრეტულად „ყველის“ მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ერთიანი ვალდებულების ამგვარი დაყოფის შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის ვალდებულების შეუსრულებლობად იქნება განხილული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქოსამართლებრივ წესრიგს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-174-2020, 17 ივნისი, 2020 წელი, საქმე №ას-108-2020, 3 ივნისი, 2020 წელი).
31. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საკითხის სამართლებრივი შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის გარკვევა, თუ რა სახის ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მხარეები. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა დადებული. ამგვარი ხელშეკრულების შესრულებაზე წარმოშობილი მხარის პრეტენზიებს, სასამართლო უპირველესად სახელშეკრულებო ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად შეაფასებს და მხოლოდ მას შემდეგ ხდება ე.წ „სუბსიდიური წესით“ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების (კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების) შესაბამისად საკითხის მოწესრიგება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა არა ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ვალდებულების ნაკლიანი შესრულება, კასატორის მითითება, სსკ-ის 385-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების გარეშე გადახდის საკითხი, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით რეგულირდება, დაუსაბუთებელია (დამატ. მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების შემოწმების რიგითობის თაობაზე იხ. სუსგ. ას-1681-2018; 1 მარტი, 2019 წელი).
32. კასატორის მორიგ პრეტენზიასთან დაკავშირებით, პროდუქტ „კარაქთან“ დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 16.4 ქვეპუნქტი) და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხეს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, უშუალოდ პროდუქტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდებოდა პროდუქტის ხარისხის შეუსაბამობა შეთანხმებულ პირობებთან, ან მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, მხოლოდ ეტიკეტირების წესებზე მითითებით, პროდუქტის ნაკლიანად მიჩნევა უსაფუძვლოა. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბ–ებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5), ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
33. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მორიგ პრეტენზიას პირგასამტეხლოს არამართებულად დაკისრების შესახებ და განმარტავს, რომ მოპასუხის მითითება ფულადი თანხების ურთიერთგაქვითვის თაობაზე დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემსყიდველმა მიწოდებული პროდუქციის თანხა სრულად არ გადაიხადა (დეკემბრის თვის მიწოდების საფასური საერთოდ არ გადაუხდია), ამასთან, უდავოა, რომ შემსყიდველის პრეტენზიები მიწოდებული საქონლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილზე, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულადაა დაკისრებული პირგასამტეხლო. ამასთან, მისი გაქვითვის მოთხოვნა ვერ მოხდება სანაცვლო მოთხოვნის არარსებობის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-174-2020, 17 ივნისი, 2020 წელი).
34. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომელიც საგარანტიო თანხის გამოთხოვის არამართებულობას შეეხება, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს კასატორის მოსაზრებას და, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს, შეეხოს თავად საბანკო გარანტიის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალების, არსსა და მისი გამოყენების წინაპირობებს.
35. სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 881-ე მუხლით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. 882-ე მუხლის მიხედვით კი, საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
36. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის კვლევისას, მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და შესრულების ნაკლის სიმძიმე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული მსჯელობა ეწინააღმდეგება თავად საბანკო გარანტიის არსს და აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას.
37. უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია (განჩინებაშია) მითითებული, რომ საბანკო გარანტია სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის ეს დანაწესი უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის საიმედოობას და იმავდროულად, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ საბანკო გარანტიით გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. ამასთან, კრედიტორის (ბენეფიციარის) მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად წარდგენილი პირობებით საბანკო გარანტიის არჩევა, ნიშნავს მის თანხმობას ამ პირობებზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
38. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა, მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (იხ. სუსგ საქმე №ას-781-996-08, 2009 წლის 17 მარტი). ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით მოწმდება ბენეფიციარის მოთხოვნა (იხ. სუსგ საქმე №ას-1189-1149-2016).
39. ამდენად, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახის და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. დოკუმენტურ ოპერაციას (იხ. სუსგ №ას-782-739-2015, 2015 წლის 19 ოქტომბერი).
40. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ექვემდებარება მხოლოდ ფორმალური საფუძვლით შემოწმებას და პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა თავისთავად არ იწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (სუსგ №ას-749-709-2015, 2015 წლის 25 სექტემბერი).
41. შესაბამისად, საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენას, რაც სამართლის დოქტრინაში ცნობილია „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპით (Principle of Strict Compliance). აღნიშნული პრინციპის თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნა ზუსტად შესაბამისი უნდა იყოს საბანკო გარანტიის პირობებთან და მასვე უნდა დაერთოს გარანტიაში გათვალისწინებული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპი გათვალისწინებულია დამოუკიდებელი გარანტიების შესახებ (The Uniform Rules for Demand Guarantees) საერთაშორისო სავაჭრო პალატის №458 უნიფიცირებული წესების მე-9 მუხლით, რომლის თანახმად, „ყველა დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია ან წარდგენილია საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მათ შორის მოთხოვნა, შემოწმებული უნდა იქნეს გარანტის მიერ გონივრული წინდახედულობის გათვალისწინებით, შეესაბამება თუ არა ისინი საბანკო გარანტიის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები არ შეესაბამება პირობებს, გარანტია უნდა იქნას უარყოფილი“. (საბანკო გარანტიის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად, დამატებით ამ საკითხზე იხილეთ: MüKo HGB/ Welter, Zahlungsverkehr, Rn.3; Sorgel/Heuser Vorb. zu §765-778 BGB, Rn.64; MüKo BGB, Habersack Vorb. zu §765-778 BGB, Rn.20; BGH WM 1999, 73; Graf von Westphalen/Jud/Westphalen, Die Bankgarantie im internacionalen Handelsverkehr, S.166; Staudinger/ Horn Vorb. zu zu §765-778 BGB, Rn.320; Goode, Guide to the ICC Uniform Rules for Demand Guarantees, S.55).“ (დამატ. იხ. სუსგ-ები.: ას-1633-2019; 9.03.2020; ას-562-871-09; 20.10.2009; ას-950-886-2017; 3.11.2017;)) .
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წინამდებარე საქმის მასალებით დგინდება, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბ–ის“ მიერ გაიცა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია №BB.14.09/145, რომლითაც გარანტმა (ბანკმა) პრინციპალის (მიმწოდებლის) თხოვნით იკისრა წერილობითი ვალდებულება პრინციპალის კრედიტორისთვის (შემსყიდველისთვის) (ბენეფიციარისთვის) გადაეხადა ფულადი თანხა, 2 243 ლარი გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად (მოპასუხეს მიაწოდა პროდუქტი ყველი, რომელიც ნაცვლად შეთანხმებით განსაზღვრული პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან), რის გამოც, მოპასუხემ გამოითხოვა გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხა.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან წინამდებარე საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გამორიცხავს გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ ნაწილში არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფლების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
46. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის ფასი განსაზღვრული იყო 14 807.15 ლარით, გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი - 445 ლარი, ხოლო, მოთხოვნა დაკმაყოფილდა 12 564.15 ლარის ნაწილში. სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო ორივე მხარის მიერ, საიდანაც, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შემსყიდველის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა (12 564.15 ლარი) და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო, მიმწოდებლის სააპელაციო საჩივარი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში (2 243 ლარი) გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლისა და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით, შემსყიდველის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიმწოდებლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მიმწოდებლის სარჩელი შემსყიდველის მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2 243 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
47. ამდენად, კასატორს უნდა დაეკისროს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი, მისი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის - 12 564.15 ლარის 3% - 377.58 ლარი, ხოლო მიმწოდებლის მიერ სარჩელზე გადახდილი - 67.42 ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი - 150 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, მიმწოდებელს დაეკისროს, კასატორის მიერ, საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 741 ლარიდან, მისი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად - 112.15 ლარის გადახდა, ხოლო, კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა(ა)იპ ,,თბილისის N.. ს.ბ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
1. ა(ა)იპ ,,თბილისის N.. ს.ბ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1. შპს „ე–ის“ სარჩელი ა(ა)იპ ,,თბილისის N.. ს.ბ.ბ–ის“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2 243 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. ა(ა)იპ ,,თბილისის N.. ს.ბ.ბ–ს“ დაეკისროს შპს „ე–ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი 377.58 ლარი;
4. შპს „ე–ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი 67.42 ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
5. შპს „ე–ს“ დაეკისროს, ა(ა)იპ ,,თბილისის N.. ს.ბ.ბ–ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 741 ლარიდან 112.15 ლარის გადახდა ;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე