საქმე №ას-638-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ქ.პ.ს–ი“ (მოპასუხე/შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ვი (მოსარჩელე/შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომისა და საშვებულებო ანაზღაურების დავალიანების, კომპენსაციის, პირგასამტეხლოსა და მიყენებული ზიანის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.გ–ვის (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი დაკმაყოფილდა:
1.1. შპს „ქ.პ.ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: მიუღებელი შრომის ანაზღაურების, 1143 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); პირგასამტეხლოს, 1143 ლარის 0.07%-ის, 2019 წლის 2 დეკემბრიდან მიუღებელი შრომის ანაზღაურების ნაწილში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), კომპენსაციის, 3000 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); გამოუყენებელი შვებულების, 643 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); პირგასამტეხლო 643 ლარის 0.07%-ის, 2019 წლის 2 დეკემბრიდან გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და მიყენებული ზიანის 3478.75 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხის (დამსაქმებლის) შეგებებული სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა, ნაწილობრივ - სახელფასო ანაზღაურების 1143 ლარის, საშვებულებო ანაზღაურების 643 ლარის და კომპენსაციის 2714 ლარის ნაწილში, დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინებით.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელე 2011 წლის 16 ივნისიდან, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, განუსაზღვრელი ვადით იყო დასაქმებული მოპასუხე კომპანიაში და მისი შრომის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ყოველთვიურად 1500 ლარს შეადგენდა.
4.2. დასაქმებული და დამსაქმებლის ერთ-ერთ დირექტორი, გ.ბ–ძე 2019 წლის 24 ნოემბერს - კვირა დღეს, არასამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
4.3. დამსაქმებელმა, 2019 წლის 26 ნოემბერს, შეტყობინებები გაუგზავნა ბანკს სამუშაოდან გათავისუფლების გამო, დასაქმებულის სახელფასო პროექტიდან ამოშლის, ხოლო სადაზღვევო კომპანიას დასაქმებულისა და მისი ოჯახის წევრთათვის საოჯახო დაზღვევის შეწყვეტის თაობაზე იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე 2019 წლის 22 ნოემბერს გათავისუფლდა.
4.4. მხარეებს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ფაქტობრივად 2019 წლის 24 ნოემბრიდან შეწყდა - დასაქმებული სამსახურში არ გამოცხადებულა. ხელფასის დარიცხვა შეუწყდა და ნოემბრის 24 დღის ხელფასის და 2019 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხა მოპასუხეს არ გადაუხდია.
4.5. დამსაქმებელმა 2019 წლის 25 ნოემბერს, ინტერნეტ გვერდზე CV.GE, მძღოლის/ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსიის თაობაზე, განცხადება განათავსა.
4.6. მოსარჩელეს და სს ,,თ. ბ–ს“ (შემდეგში: ბანკი) შორის 2017 წლის 13 ივლისს საკრედიტო ხელშეკრულება 39 000 ლარზე დაიდო, ხოლო 2018 წლის 19 დეკემბერს ,,თ–ი დაზღვევასთან“ (შემდეგში: სადაზღვევო კომპანია) საკრედიტო შენატანების დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შესაბამისად, მზღვეველმა მოსარჩელისთვის სესხის 6 თვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე იძულებით უმუშევრობის რისკის ხდომილებისას ამის შესახებ აცნობებდა მზღვეველს 48 საათის განმავლობაში და არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, დაზღვევის ხელშეკრულებაში მითითებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარუდგენდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ცნობას, მიზეზის მითითებით.
4.7. მოპასუხისადმი დათხოვნის ბრძანებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთების გადაცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ შეძლო ასეთი ცნობის წარდგენა, სადაზღვევო კომპანიამ 3478.75 ლარის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და თანხა მოსარჩელემ აანაზღაურა.
4.8. მოპასუხემ სს ,,ს.კ.ი–ს’’, მათ შორის, 18/10/2019წ. გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორაციული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრთა სადაზღვევო პრემიის სახით, 2244,15 ლარი გადაუხადა, რაც 2019 წლის ნოემბრის თვეში მხოლოდ ოჯახის წევრთა დაზღვევის პრემიას 140,05 ლარს, ხოლო იმავე წლის დეკემბერიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით - სრულ საოჯახო პრემიას - თვეში 217,85 ლარს მოიცავს.
5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადასტურებულად მიიჩნია 2019 წლის 24 ნოემბრიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი. ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე იყო დასაქმებული და იმავდროულად დამსაქმებლის ერთ-ერთი დირექტორის მძღოლის ფუნქციასაც ითავსებდა.
6. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ დამსაქმებლის მხრიდან გათავისუფლების ბრძანება არ გამოცემულა და მხარეთა შორის შრომითისამართლებრივი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. სასამართლოს შეფასებით, იმისათვის რომ შრომითი ხელშეკრულების არსებობა დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, სულ მცირე, ერთი მხრივ, დასაქმებულის მიერ შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში სამუშაოს შესრულება უნდა დასტურდებოდეს, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებლი სახელფასო ანაზღაურების გაცემას უნდა უზრუნველყოფდეს. ამ შემთხვევაში კი მხარეთა შორის 2019 წლის 24 ნოემბრიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია შრომითი ხელშეკრულებით ორმხრივად შეთანხმებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. შესაბამისად, დამსაქმებლის მტკიცება, რომ მას გათავისუფლების თაობაზე ბრძანება არ გამოუცია, ვერ შეცვლის დადასტურებულ გარემოებას შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის თაობაზე.
7. სააპელაციო სასამართლომ შრომით დავებში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე მიუთითა. ამასთან, მხარეების ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, თუკი მოსარჩელე გარკვეული დროის მანძილზე სამსახურში თვითნებურად არ ცხადდებოდა, გაურკვეველია, რატომ არ მიიღო დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 2 დეკემბერს პირველ წერილობით კორენსპონდენციამდე. დამსაქმებელი არ დაინტერესებულა დასაქმებულის გამოუცხადებლობის მიზეზებით და არ მიუმართავს დისციპლინური ღონისძიებისათვის.
8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები წარდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით და ყურადღება გაამახვილა მოპასუხის წერილობითი კორესპონდენციების ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსზე, კერძოდ, მოსარჩელის წერილის პასუხად, 4.12.2019 და 11.12.2019 წლების წერილებში, მოპასუხემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო, 2019 წლის 24 ნოემბრიდან მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზები, ხოლო 18.12.2019წ. წერილში მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ უღირსი ქმედების ჩადენისა და კომპანიის დირექტორის მხრიდან 23-24 ნოემბრის სატელეფონო ზარების შემდეგ სამსახურიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რაც დირექტორმა 25 ნოემბერს კომპანიის დანარჩენ დირექტორებს შეატყობინა. ამდენად, ცხადია კომპანიის დირექტორმა იცოდა მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი.
9. უღირს საქციელთან მიმართებით, მოსარჩელემ განმარტა, რომ კომპანიის დირექტორმა, რომლის მძღოლის მოვალეობასაც ასრულებდა, პირადი საჭიროებისათვის ღვინის 2 ცალი ე.წ. ,,ბოცის’’ შეძენა დაავალა, შემდეგ კი, ბრალი დასდო იმაში, რომ შეეძლო ეს ნივთები არა 30 ლარად, არამედ 4 ლარით უფრო იაფად შეეძინა. დირექტორმა, მოსარჩელე ქ. თბილისში, ...... გამზირზე მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე (სადაც მოსარჩელემ შეიძინა ნივთები, ხოლო გ.ბ–ძემ კი აქ მდებარე სხვა სავაჭრო ობიექტებში გადაამოწმა მათი ფასი) დაიბარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა. ამის შემდეგ კი ტელეფონით აცნობა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
10. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტი 2019 წლის 25 ნოემბერს CV.GE-ზე განთავსებული განცხადებითაც უტყუარად დგინდებოდა, რომლითაც კომპანიამ გამოაცხადა მძღოლის/ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე ვაკანსია, რაც საკუთარი სოციალური ქსელით გაზიარებულია თავად გ.ბ–ძის მხრიდანაც (,,..წესიერი, არა აფერისტი და პატიოსანი“ კანდიდატის მოწვევის შესახებ).
11. ამასთან, მოპასუხემ 2019 წლის 26 ნოემბერს, შეტყობინებები გაუგზავნა მომსახურე ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას, იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე 2019 წლის 22 ნოემბრიდან გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, შესაბამისად მისი სახელფასო პროექტიდან ამოშლა და დაზღვეულ თანამშრომელთა სიიდან მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრთა ამოღება მოითხოვა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ჩაბარებისა და დარჩენილი სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით კომპანიას მიმართა, დამსაქმებელმა, როგორც ბანკთან, ასევე, სადაზღვევო კომპანიაში გაგზავნილი მიმართვები უკან გამოითხოვა და მოსარჩელეს, კომპანიის თანამშრომელს სახელფასო ბარათის შეღავათებითა და დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა აღუდგინა, თითქოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.
12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-8, 115-ე მუხლებზე დაყრდნობით გაიზიარა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის თაობაზე საქალაქო სასამართლოს დასკვნა. ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სახელფასო ანაზღაურება არ მიუღია და დამსაქმებელმა 2019 წლის ნოემბრის ხელფასი, ნამუშევარი 24 დღის შესაბამისად - 1143 ლარი (სრული სახელფასო ანაზღაურების 1500 ლარის პროპორციულად) უნდა აუნაზღაუროს.
13. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებიდან ნაცვლად 9 დღისა, დარჩენილი ჰქონდა 7 დღე, ვინაიდან დამსაქმებელს მოსარჩელის მხრიდან შვებულებით სარგებლობის მტკიცებულება წარდგენილი არ ჰქონდა.
14. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე“ , 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „ დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე „შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად“ მითითებით, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისთვის სშკ-ით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 0.07%-ის, გამოუყენებელი შვებულების 643 ლარის და მისი დაყოვნებისთვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს 0.07%-ის მოპასუხე კომპანიისთვის დაკისრების მართებულობის თაობაზე.
15. სშკ-ის 48-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, „დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით“, „ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით“. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა არა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, არამედ დირექტორის პირადი ინტერესებისა და სუბიექტური დამოკიდებულების გამო. მითითებული გარემოება, სშკ-ის მიზნებიდან გამომდინარე, ვერ გამორიცხავს დასაქმებულის უფლებას, წინასწარი გაფრთხილების არარსებობის პირობებში მოითხოვოს შრომის კოდექსით გარანტირებული ორი თვის კომპენსაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარე სადავოდ არ ხდის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და არ მოითხოვს გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობას და ამ გზით კომპენსაციის მიღებას, სშკ-ს 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებლის ინიციატივით შეწყდა; სშკ-ის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი საფუძვლების დასაბუთების დამსაქმებლისათვის გადაცემა ეკისრებოდა, რაც მან არ განახორციელა; მოსარჩელემ ვერ შეძლო ბანკთან დადებული ხელშეკრულების 7.2 პუნქტით (რაც გულისხმობდა დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობის წარდგენას დასაქმების შეწყვეტის შესახებ მიზეზის მითითებას) დადგენილი პირობის შესრულება, რის გამოც სესხისთვის გათვალისწინებული 6 თვის თანხა დაფარა მოსარჩელემ. შესაბამისად, მოპასუხის ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მოსარჩელეს 3478.75 ლარის ზიანი მიადგა.
17. სააპელაციო სასამართლომ დამსაქმებლის შეგებებული სარჩელით აღძრული მოთხოვნის - ზიანის ანაზღაურების დასაბუთებულობაზეც გაამახვილა ყურადღება და საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილშიც სრულად გაიზიარა. შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით, მოსარჩელე 2019 წლის 24 ნოემბრიდან გაურკვეველი მიზეზით არ ცხადდება სამსახურში, რითაც მოსარჩელეს ადგება ზიანი, კერძოდ, მოსარჩელესა და სადაზღვევო კომპანია ,,ირაოს“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე სარგებლობს საოჯახო დაზღვევით, რომლის ნაწილიც ფინანსდება მოსარჩელის, ხოლო ნაწილი - მოპასუხის მიერ - ხელფასიდან. ვინაიდან 2019 წლის 24 ნოემბრიდან მოსარჩელე არ გამოცხადებულა სამსახურში, ვერ ხერხდება მისთვის ხელფასის ჩარიცხვა და მოსარჩელე იხდის მოპასუხის სადაზღვევო პრემიას, რათა პრობლემა არ შეექმნას დანარჩენ თანამშრომელთა დაზღვევას. შესაბამისად, კომპანიამ, მოპასუხის საოჯახო დაზღვევის გამო, სადაზღვევო კომპანიაში სადაზღვევო თანხა 1820.41 ლარის გადარიცხა, რომელიც შეგებებული სარჩელის მოპასუხეს (დასაქმებულს) უნდა დაეკისროს.
18. სასამართლოს შეფასებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა და მოითხოვა დასაქმებულის და მისი ოჯახის წევრების დაზღვეულთა სიიდან ამოღება, რომლის შემდეგ კომპანიამ გამოითხოვა წერილი და მისივე სურვილით განაახლა დაზღვევის მოქმედება დასაქმებულის ნაწილში. ასევე დადასტურებულია, რომ დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებით არ უსარგებლია. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ კომპანიაში დაზღვეულთა სიას ვერ დააკორექტირებდა, რადგან დამსაქმებელს ხელშეკრულების შესაბამისად შესაძლებლობა ჰქონდა თავად შეესწორებინა დაზღვეულთა სია, რაც მან არ გააკეთა. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების სადაზღვევო პრემიის გადახდა მოსარჩელის ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად არ იყო გამოწვეული და, სსკ-ის 408-ე, 415-ე და 992-ე მუხლების შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
19. მოპასუხის (დამსაქმებლის) მიერ შედავებული იყო გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი). სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც სრულად გაიზიარა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესზე მიუთითა.
20. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
21.1 მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
21.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
25. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
26. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ მოსარჩელესთან 2019 წლის 24 ნოემბრიდან შრომითი ხელშეკრულება მოპასუხის (დამსაქმებლის) ინიციატივით შეწყდა. ამის საფუძველს კომპანიის ერთ-ერთი დირექტორის პირადი ინტერესები და მოსარჩელის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულება წარმოადგენს.
27. კასატორის (მოპასუხის) ძირითადი პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებას და დასკვნას, რომ შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებლის ინიციატივით შეწყდა. მოპასუხე წერილობით შეტყობინებებში მოსარჩელეს სამსახურში გამოცხადებას, დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და შრომითი უფლებებით სარგებლობას სთხოვდა. მოპასუხეს არ გააჩნდა მართლზომიერი საფუძველი, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეეწყვიტა, მოსარჩელე თავად იყო ამის ინიციატორი. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლო დადგენილ პრაქტიკას გასცდა და შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებასთან შედარებით მის რღვევას მიანიჭა უპირატესობა.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (სუსგ-ები N ას-98-94-2016, 26.07.2016წელი; N ას-368-2019, 31.07.2019წელი; Nას-1350-2019, 27.11.2019წელი). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე მუხლის, თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
30. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე და 38-ე მუხლები), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო, მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება კანონიერი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ N ას-536-2021, 21.09.2021წ).
31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.
32. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის სპეციალური წესის მოქმედების პირობებში, სწორედ დამსაქმებელს ავალებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს, რამეთუ დამსაქმებელს მეტად ხელეწიფება, როგორც შრომითი ურთიერთობის არსებობის, ასევე მისი შეწყვეტის დამტკიცების შესაძლებლობა.
33. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ: დასაქმებულსა და დამსაქმებლის ერთ-ერთ დირექტორს, გ.ბ–ძეს შორის, 2019 წლის 24 ნოემბერს - კვირა დღეს, არასამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა, სწორედ ამ თარიღიდან მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა და დასაქმებული სამსახურში არ გამოცხადებულა; ხელფასის დარიცხვა შეუწყდა და ნოემბრის თვის 24 დღის ხელფასის და 2019 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხა მოპასუხეს არ აუნაზღაურებია; დამსაქმებელმა, 2019 წლის 26 ნოემბერს, სამუშაოდან გათავისუფლების გამო დასაქმებულის სახელფასო პროექტიდან ამოშლის, ხოლო სადაზღვევო კომპანიას დასაქმებულისა და მისი ოჯახის წევრთათვის საოჯახო დაზღვევის შეწყვეტის თაობაზე, ბანკს შეტყობინებები გაუგზავნა. ამასთან, მიუთითა, რომ დასაქმებული სამსახურიდან 2019 წლის 22 ნოემბერს გათავისუფლდა; დამსაქმებელმა 2019 წლის 25 ნოემბერს, პორტალზე CV.GE, მძღოლის/ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიის თაობაზე განცხადება განათავსა. დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ყველა ეს ქმედება სწორედ იმაში არწმუნებს სასამართლოს, რომ მან ცხადად და არაორაზროვნად გამოვლინა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნება.
34. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა კომპანიის (დამსაქმებლის) მტკიცება, რომ დამსაქმებლის მხრიდან გათავისუფლების ბრძანება არ გამოცემულა და მხარეთა შორის შრომითისამართლებრივი ურთიერთობა არ შეწყვეტილა, ვინაიდან შრომით სამართალში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებიდან გამომდინრე, სწორედ კომპანია იყო ვალდებული შრომითი ურთიერთობის უწყვეტობა ედასტურებინა, რაც ვერ განახორციელა. ამასთან, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ გათავისუფლების თაობაზე ბრძანების არარსებობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას არ გამორიცხავს, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვემდგომი სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნეს, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 24 ნოემბრიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია შრომითი ხელშეკრულებით ორმხრივად შეთანხმებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
35. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმით გათვალისწინებული და კასატორის მიერ მითითებული სასამართლოს დისკრეცია, არ გულისხმობს სასამართლოს ინიციატივას, თავად მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს (დასაქმებულს) სარჩელით სამუშაოზე აღდგენა არ მოუთხოვია, შესაბამისად, ვერც ერთი ინსტანციის სასამართლო ვერ იმსჯელებდა იმაზე, რაც მხარეს არ მოუთხოვია. ამრიგად, კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებასთან შედარებით მის რღვევას მიანიჭა უპირატესობა, არ არის გაზიარებული.
36. საკასაციო სასამართლოს განსჯით, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მსჯელობა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, არამედ დირექტორის პირადი ინტერესების გამო. დამსაქმებლის ქმედებით გამოვლენილია შრომითი ხელშეკრულების კანონით აკრძალული საფუძვლით შეწყვეტის ფაქტი, მასზე სშკ-ს 48.2-ე მუხლის რეგულირება უნდა გავრცელდეს, ვინაიდან, ნორმის მიზანია შეტყობინების ვადის დაცვის გარეშე დათხოვნილი დასაქმებულისათვის დაცვის გარკვეული გარანტიის შექმნა და კომპენსაცია მისი საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება. დადგენილია, რომ მოსარჩელის ხელფასი თვეში 1500 ლარს (დასაბეგრი ოდენობა) შედგენდა და მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით, 3000 ლარის გადახდა მართებულად დაეკისრა.
37. სშკ-ის 58-ე მუხლის მიხედვით, „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი, ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. სსკ-ის 408-ე მუხლის მიხედვით, „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.
38. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებისა და მისი შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთების გადაუცემლობის შედეგად, მოსარჩელეს 3478.75 ლარის ზიანი მიადგა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი), რისი ანაზღაურების ვალდებულაც მოპასუხე კომპანიას ეკისრება.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების და მასზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების სადაზღვევო პრემიის გადახდა, მოსარჩელის ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად არ იყო გამოწვეული და სსკ-ის 408-ე, 415-ე და 992-ე მუხლების შესაბამისად, დამსაქმებლის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
40. საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორი იმ განჩინების კანონიერების შემოწმებასაც მოითხოვს, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების, საშვებულებო ანაზღაურების და კომპენსაციის ნაწილში, ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული პრეტენზია კერძო საჩივრისათვის დადგენილი წესით განიხილა და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვა.
41. სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 419-ე მუხლით დადგენილია კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების სავალდებულო ძალა, რაც კერძო საჩივრის განხილვის საგანზე საქმის წარმოების დასრულებასა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანას ნიშნავს. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო კასატორის საყურადღებოდ, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესზე მიუთითებს და განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესაძლებლობა საპროცესო კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია არც ამ ნაწილშია გაზიარებული.
43. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
44. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ქ.პ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ქ.პ.ს–ს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მ.ბ–ძის (პ/ნ.....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 446,50 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 15 ივნისი), 70% – 312,55 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური