Facebook Twitter

საქმე № ას-745-2021 11 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ზ. და ლ. ა–ბი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ. განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კერძო საჩივრის ავტორი კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა ზ. და ლ. ა–ბის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები, კრედიტის ამღებები ან მსესხებლები) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 3801.02 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, საიდანაც ძირითადი თანხა - 2200 ლარი, პროცენტი - 1501.02 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარია.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება დარიცხული პროცენტის, 1301.02 ლარით შემცირების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო:

4.1. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტებმა გადაწყვეტილება დარიცხული პროცენტის, 1301.02 ლარის ნაწილში გაასაჩივრეს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე - 2 000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

5.1. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, დავის საგნის ღირებულება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შემზღუდავი ვერ იქნება, რადგან ცალსახაა, რომ პირისათვის, რომელსაც პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს, ერთი შეხედვით მცირე თანხაც კი, საკმაოდ დიდია და შეუძლებელ. მისი გადახდა.

5.2. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არასწორად განმარტა კანონის მოთხოვნები. ამდენად, არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

9. სსსკ-ის 365-ე (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულ და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

10. დადგენილია, რომ 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 3801.02 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, საიდანაც ძირითადი თანხა - 2200 ლარი, პროცენტი - 1501.02 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარია. ასევე, დადგენილია, რომ აპელანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ (დარიცხული პროცენტის ნაწილი 1301,02) გაასაჩივრეს (იხ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 36-48. ტ 2), შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2000 ლარზე ნაკლებია (1301.02 ლარი) და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

11. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია. შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).

12. სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება, ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR)“ -იხ. სუსგ ას-692-646-2017, 14.07.2017წ.)

13. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებასა და კანონის არასწორად განმარტებას უკავშირდება, საკასაციო სასამართლო მხარეს მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ კონკრეტული პროცესუალური საკითხი - მართებულ. თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, მითითებულ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო განსახილველ საკითხთან ერთად არსებითად ვერ განიხილავს.

14. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018; №ას-718-718-2018, 20.09.2018; Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განჩინება კანონიერი, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. და ლ. ა–ბის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე