5 ნოემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-467 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.მ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.მ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.მ–ვი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ს.მ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; თბილისში, ...... კოპუსში მდებარე ბინა #15-ზე, ს/კ-ით #...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, სადავო უძრავი ქონება ან საზიარო საგანი), გაუქმდა საზიარო უფლება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით, კერძოდ, ამონაგები თანხიდან მოსარჩელეს მიეკუთვნა 1/4, ხოლო მოპასუხეს 3/4 წილი. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, სარგებლობს ეტლით, საზიარო ნივთის აუქციონზე გაყიდვითა და მისი წილის შესაბამისი ამონაგები თანხით კი, ვერ შეძლებს საცხოვრებელი სახლის შეძენას და დარჩება ღია ცის ქვეშ.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ თანახმაა გადაუხადოს მოსარჩელეს მისი წილის შესაბამისი ღირებულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე 72 კვ. მ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მხარეთა თანასაკუთრების უფლება, კერძოდ, უძრავი ქონების 1/4 წილი მოსარჩელეს, ხოლო 3/4 წილი, მოპასუხეს ეკუთვნის.
6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, საზიარო უფლების გაუქმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, სსკ-ის 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 961.1 (თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება), 964.1 (თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით) მუხლებიდან გამომდინარეობს.
ზემოაღნიშნული ნორმებით, განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება და ამისთვის ამ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია.
7. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მოწილის მოთხოვნაც, რაც მას ნებისმიერ დროს შეუძლია. ამასთან, როცა მხარე მოითხოვს საზიარო საგნის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმებას, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი მთავარი წინაპირობა: საზიარო საგნის ნატურით გაყოფა უნდა გამოირიცხებოდეს. საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა/შეუძლებლობაზე დათქმას შეიცავს სსკ-ის 963-ე მუხლი (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე). აქედან გამომდინარე, საზიარო უფლების ნატურით გაყოფის წინაპირობა მაშინ იარსებებს, როცა შესაძლებელი იქნება საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა ღირებულების შემცირების გარეშე, ხოლო, თუ ამგვარი გაყოფა შეუძლებელია, მაშინ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა გამორიცხულია. შესაბამისად, ასეთ დროს საზიარო უფლება შეიძლება, გაუქმდეს საზიარო საგნის გაყიდვით და თანამესაკუთრეთა შორის ამონაგების განაწილებით.
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორმა საქმეში დაცული ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც საკუთარი ახსნა-განმარტებით, ვერ გააქარწყლა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 961-ე, 964-ე მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვით, რადგან საქმის მასალებით დადასტურებელია, რომ სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია.
სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია, მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც სსკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, საწინააღმდეგო კასატორს არ დაუდასტურებია.
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.“ (იხ. სუსგ 2016 წლის პირველი მარტის საქმე №ას-39-39-2016, 2014 წლის 31 ივლისის საქმე Nას-67-65-2014, 2015 წლის 20 ივლისის საქმე №ას-774-741-2014, 2015 წლის 29 ივნისის საქმე №ას-59-58-2014).
11. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ: “სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული.
საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება. პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმებისა და საკუთრებაში კუთვნილი წილის კომპენსაციის მიღების თაობაზე და იგი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ“ (საქმე #ას-1148-1194-2014, 19.03.2015 წ.).
12. კასატორის პრეტენზია, რომ საზიარო ნივთის აუქციონზე გაყიდვის შემთხვევაში მისი წილის შესაბამისი ამონაგები თანხით ვერ შეძლებს სხვა საცხოვრისის შეძენას და დარჩება ღია ცის ქვეშ, სამართლებრივად კვალიფიციურ შედავებად ვერ მიიჩნევა. დასახელებული გარემოება დადასტურების შემთხვევაშიც, საზიარო უფლების გაუქმების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების დაბრკოლებას არ წარმოადგენს ვინაიდან საკანონმდებლო ნორმები ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებენ.
13. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მსჯელობაც, იმის შესახებ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საზიარო საგნის გამოსყიდვის თაობაზე მისი მზაობა უარყო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იხილავს საზიარო უფლების მქონე პირის სარჩელს, რომელიც უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამასთან, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ გააქარწყლა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 961-ე, 964-ე მუხლები), ხოლო აღნიშნული შეთავაზება თავისი შინაარსით მორიგების პირობაა, მხარეთა მორიგების საკითხი კი, თავად მხარეთა თავისუფალი ნებიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის შესაძლო გზაა, რის თაობაზეც სასამართლო ვერ იმსჯელებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაცაა შესაძლებელი, მათ შორის იძულებითი აღსრულების დაწყებამდეც და მისი მიმდინარეობისას. დამატებით, მოპასუხეს შეუძლია საზიარო საგნის დანარჩენი ნაწილის აუქციონზე შეძენაც, შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები უსაფუძვლოა.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე