Facebook Twitter

საქმე №ას-401-2021

10 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი: ნ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები შპს ,,ს–ო“, კ.კ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.კ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს–ო“-სა და კ.კ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ს–ო“-ს ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 15 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნ.კ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივარი წარადგინდა ასევე შპს ,,ს–ომაც“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით ნ.კ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 970 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის (მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარი) დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

2021 წლის 13 მაისს კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განჩინებით ნ.კ–ძის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ნ.კ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 970 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის (მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარის) დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით შპს ,,ს–ოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2021 წლის 29 ივნისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლით დადგენილი ვადის დაცვით, ნ.კ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად. ამავე წლის 5 ივლისის განჩნებით ნ.კ–ძის შეგებებულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, მისი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 970 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის (მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარი) ქვითრის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.კ–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ (შეგებებული) საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან (შეგებებული) საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, (შეგებებული) საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის ნ.კ–ძის შეგებებულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, მისი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 970 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის (მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარი) ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის განჩინება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელებს ფ.ბ–ას და ო.გ–ძეს, გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სამუშაო ადგილის მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...... ქუჩა N36) და გზავნილი ჩაბარდა მათ თანამშრომელს, ლ.ე–ას, 2021 წლის 15 სექტემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 16 სექტემბრიდან და ამოიწურა 25 სექტემბერს, მაგრამ ვინაიდან 25 სექტემბერი დაემთხვა შაბათ არასამუშაო დღეს და მომდევნო დღეც იყო კვირა არასამუშაო დღე, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ათ დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველი სამუშაო დღეს - 2021 წლის 27 სექტემბერს, სსს კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც წარმოდგენილი შეგებებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ნ.კ–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე