გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბ-573-11-ა-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტიების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. შ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს 2003წ. 27 მარტს 1130-ზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ. მიუხედავად მისი შუამდგომლობისა პალატის თავმჯდომარემ ბ. მ-მა უარი უთხრა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე იმ მოტივით, რომ ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის თანახმად სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვა გადაიდო 2003წ. 17 აპრილის 1230-ზე. აღნიშნულ დღესაც არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები, რის გამოც სასამართლოს თავმჯდომარემ ბ. მ-მა კვლავ უარი უთხრა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილებას გამოიტანდა სსკ-ს 408-ე მუხლის საფუძველზე. მიუხედავად ამისა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სსკ-ს 410-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, გადაწყვეტილების გამოტანაში მონაწილეობა მიუღიათ მოსამართლეებს ნ. ს-ეს, ი. ლ-ს და ნ. კ-ს, რომლებსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საქმის გადაწყვეტაში. მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები ზუსტად პასუხობს სსკ-ს 422-ე მუხლის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 423 მუხლის ,,გ” და ,,ვ” პუნქტების მოთხოვნებს.
ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს და სასამართლოს მოსაზრებების უსაფუძვლობას დაამტკიცებს სასამართლო პროცესში.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ვინაიდან მისი განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეეხება რამდენიმე ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას (განჩინებას), ამიტომ განცხადება შეაქვს ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში სსკ-ს 424-ე მუხლის შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა რ. შ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ არის დასაშვები და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ არსებობს სკ-ს 422-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მხარის განცხადებას განიხილავს ის სასამართლო, რომლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასაც ითხოვს განმცხადებელი. ვინაიდან რ. შ-ე განცხადებით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინების როგორც ბათილად ცნობას, ისე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, განმცხადებლის მოთხოვნა განჩინების ბათილად ცნობის შესახებ საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია. ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში განცხადება რაიონულ სასამართლოს განსჯადია, რადგან სსკ-ს 424-ე მუხლის თანახმად განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებით განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. ვინაიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, ამიტომ რ. შ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განსჯადია და ამ ნაწილში განცხადების დასაშვებობაზე ვერ იმსჯელებს უზენაესი სასამართლო. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად სარჩელი, (განცხადება) უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს საქმე. არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის (განცხადების) შეტანის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს (განცხადებას) გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამრათლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე რ. შ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში უნდა გადაეცეს განსჯად, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
რ. შ-ე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს სსკ-ს 422-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს სხდომებზე, რომლებზეც არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე და საქმის განხილვა გადაიდო, სხდომას თავმჯდომარეობდა ბ. მ-ი, ხოლო განჩინება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებულია სხვა შემადგენლობით (ნ. ს-ე, ი. ლ-ი, ნ. კ-ი).
სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. შ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება გაეგზავნა 2003წ. 13 მაისს, ხოლო განცხადება შემოტანილი აქვს 2003წ. 11 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოადგენს განცხადების დასაშვებობის შემოწმების ერთ-ერთ პირობას. სსკ-ს 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლო განჩინებით დატოვებს განუხილველად.
ამასთან, საკასაციო პალატა განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება რომ საკასაციო საჩივრის განხილვის გადადების სხდომებს სხვა მოსამართლე თავმჯდომარეობდა და მხარეთა დასწრების გარეშე საკასაციო საჩივარი სხვა შემადგენლობით იქნა განხილული. რ. შ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო და არსებითად განიხილა იგივე შემადგენლობამ, რომელიც სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის განჩინებაშია მითითებული (ნ. ს-ე, ი. ლ-ი, ნ. კ-ი).
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სსკ-ს 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. შ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და დარჩეს განუხილველი.
2. რ. შ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში განცხადების დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს უფლებამოსილ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.