Facebook Twitter

04 ნოემბერი 2021 წელი

№ას-1163-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.ო–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება _ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) წარადგინა სარჩელი ლ.ო–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 39 784.99 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 39 784.99 ლარის გადახდა დაეკისრა.

3. მოპასუხემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ს.ი.პ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. 2021 წლის 06 აგვისტოს (ფოსტაში რეგისტრაციის თარიღი _ 05 აგვისტო) თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება ითხოვა.

6. 2021 წლის 22 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ შეადგინა აქტი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა 2021 წლის 22 სექტემბერს.

7. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2021 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელეს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი და ეს უკანასკნელი ამავე წლის 24 სექტემბერს ჩაბარდა მას.

8. 2021 წლის 22 ოქტომბერს (ფოსტაში რეგისტრაციის თარიღი _ 2021 წლის 21 ოქტომბერი) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

15. მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი.

16. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღეს _ 2021 წლის 05 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დაცვით მიმართა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით (იხ. განცხადება ტ.1, ს.ფ. 180-181). დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება (იხ. აქტი, ტ.1, ს.ფ. 183), მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთანავე სასამართლომ გაუგზავნა გადაწყვეტილების ასლი მხარეს (იხ. გზავნილი, ტ.1, ს.ფ. 185), რაც მოსარჩელეს ჩაბარდა 2021 წლის 24 სექტემბერს (იხ. ჩაბარების დასტური, ტ.1, ს.ფ. 186). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 25 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 ოქტომბერს.

17. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2021 წლის 22 ოქტომბერს (ფოსტაში რეგისტრაციის თარიღი _ 2021 წლის 21 ოქტომბერი), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით (იხ. საკასაციო საჩივარი ტ.1, ს.ფ.187-206).

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1354-2019, 21.02.2020წ; №ას-1395-2020, 7.12.2020წ.).

19. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

21. ვინაიდან, ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2021 წლის 19 ოქტომბერს გადახდილი 1989 ლარი და 25 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე,374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (ს/კ 2...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1989 ლარი და 25 თეთრი (საგადახდო მოთხოვნა #63234 / გადახდის თარიღი 19.10.2021).

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი