Facebook Twitter

საქმე №ას-345-323-2017

25 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ . თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – თ.მ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – რ.რ–ა, ა.რ–ა (ა.რ–ას მხარდამჭერი შ.შ–ა) (მოპასუხეები)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სააღსრულებო ფურცლის გაცემა

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ.მ–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.რ–ას და ა.რ–ას მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით თ.მ–ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ.რ–ამ და ა.რ–ამ (ა.რ–ას მხარდამჭერმაშ.შ–ამ).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ.რ–ამ და ა.რ–ამ (ა.რ–ას მხარდამჭერმაშ.შ–ამ) შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით:

1. დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივრის ავტორების რ.რ–ასა და ა.რ–ას (ა.რ–ას მხარდამჭერის შ.შ–ას), მოწინააღმდეგე მხარის თ.მ–ასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების წარმომადგენლის - შ.ღ–ას შუამდგომლობა და დამტკიცდა რ.რ–ასა (პ/ნ: ......) და ა.რ–ას (პ/ნ: .....) (ა.რ–ას მხარდამჭერსშ.შ–ას პ/ნ: .....), თ.მ–ასა (პ/ნ: ....) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების წარმომადგენელს - შ.ღ–ას (პ/ნ: .......) შორის 2018 წლის 18 ივლისს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი) შემდეგი პირობებით:

1.1. ქალაქ ფოთში, ..... მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია № ....., საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მორიგების აქტის გაფორმებისთანავე დარეგისტრირდეს თ.მ–ასა (პ/ნ .....) და ა.რ–ას (პ/ნ .....) თანასაკუთრებაში, თითოეულზე ½ (50%-50%) წილით;

1.2. რ.რ–ა (პ/ნ .......) და/ან ა.რ–ა, მისი მხარდამჭერისშ.შ–ას (პ/ნ ....) სახით, იღებენ ვალდებულებას გადაუხადონ თ.მ–ას 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი წლის ვადაში. აღნიშნული თანხის მიღებისთანავე თ.მ–ა ან/და მისი უფლებამონაცვლე № ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მის სახელზე რეგისტრირებულ ½ წილს დაუბრუნებს ა.რ–ას, რაზედაც წარადგენს შესაბამის განცხადებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონებაზე მისი თანასაკუთრების უფლების გაუქმების ან გადაცემის თაობაზე;

1.3. თანხის გადაცემა მოხდეს ქალაქ მარტვილში მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც თ.მ–ა და რ.რ–ა ვალდებულნი არიან შეადგინონ ან სანოტარო წესით დაამოწმონ თანხის - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის მიღება–ჩაბარების დოკუმენტი. აღნიშნული პროცედურა მხარეებმა შეიძლება განახორციელონ პირადად ან სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლების მეშვეობით;

1.4. თანხის მიღების შემდგომ თ.მ–ა ასევე იღებს ვალდებულებას ქალაქ ფოთში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია № ......, წარადგინოს განცხადება იპოთეკის მოხსნის თაობაზე, რასაც განახორციელებს თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 07 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;

1.5. თ.მ–აზე 10000 აშშ დოლარის შეთავაზების უფლება აქვს რ.რ–ასა და ა.რ–ას, მხარდამჭერის და/ან უფლებამონაცვლის მეშვეობით. ასევე თ.მ–ა ხელს არ შეუშლის თანამესაკუთრეს და მის მხარდამჭერს ქალაქ ფოთში, .... მდებარე უძრავი ქონების არანაკლებ 10000 (ათიათას) აშშ დოლარად გასხვისებაში. ხელშეშლაში იგულისხმობა ისეთი გარემოება, თუ თ.მ–ა უძრავი ქონების არანაკლებ 10000 დოლარად გასხვისებისა და ამ თანხის მიღების შემთხვევაში, ხელს არ მოაწერს კუთვნილი წილის მეორე მხარის მიერ მითითებულ პირებზე (ქონების შემძენებზე) გადაფორმებას, ასევე სხვა ფორმით შეეცდება ხელშეშლას ქონების გასხვისებაში, რაზედაც მხარის მიერ ხელისშემშლელ მხარეს ან/და მის უფლებამონაცვლეს უნდა გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება ვალდებულების შესრულების თაობაზე. წერილის ჩაბარებიდან მხარემ 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა აღმოფხვრას ხელშეშლა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეშლის დადასტურების შემთხვევაში თ.მ–ა დაკარგავს 10000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლებას და წარმოიშობა ამ შეთანხმების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, ა.რ–ას დაუბრუნოს თ.მ–ას სახელზე რეგისტრირებული ½ წილი;

1.6. თანხის გადაცემისათვის მხარეები მორიგების აქტის შედგენიდან ერთწლიანი ვადის დადგომამდე (2019 წლის 18 ივლისამდე) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღით ადრე წერილობითი ფორმით ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (მეილი) აცნობებენ ერთმანეთს თანხის გადაცემის კონკრეტული დროისა და სანოტარო ბიუროს შესახებ;

1.7. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის ვადაში 2019 წლის 18 ივლისამდე რ.რ–ა/ან ა.რ–ა ვერ უზრუნველყოფენ თ.მ–ასათვის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადახდას, ყოველგვარი დამატებითი პირობებისა და ვადის გარეშე უძრავი ქონება მისამართი: ქ. ფოთი, ......, ს/კ №....... საკუთრების უფლებით სრულად აღირიცხება თ.მ–ას საკუთრებაში;

1.8. მესამე პირებთან დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები იღებენ ვალდებულებას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია აღნიშნული დავის შესახებ. ასევე ა.რ–ას მხარდამჭერი და რ.რ–ა ვალდებული არიან თ.მ–ასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე არ ცნონ №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე 21.12.2011 წელს თ.ჯ–ასა (პ/ნ .....) და ა.რ–ას (პ/ნ ...) შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკარის მოთხოვნა;

1.9. ქალაქ ფოთში, ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ №.......) საკუთრების უფლების მიღების შემთხვევაში, თ.მ–ა ან მისი უფლებამონაცვლე არ მოახდენს ა.რ–ას გამოსახლებას ამ უკანასკნელის სიცოცხლის მანძილზე. ა.რ–ას უფლება აქვს სიცოცხლის მანძილზე იცხოვროს და ისარგებლოს ქალაქ ფოთში, ....... მდებარე ქონებით, რაც უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;

1.10. მხარეებს ერთმანეთის მიმართ სხვა სახის პრეტენზიები ან მოთხოვნები არ გააჩნიათ.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

3. მხარეთა მორიგების გამო წინამდებარე დავაზე საქმის წარმოება შეწყდა.

4. განემარტათ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

2021 წლის 6 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ.მ–ამ და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით დადგენილი მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოპასუხეების მხრიდან დადგენილ ვადაში არ შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.6 და 1.7 პუნქტებზე.

თ.მ–ას ზემოაღნიშნული განცხადება გაეგზავნათ მოპასუხეებს და დაევალათ შეტყობინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მათი პოზიცია/მოსაზრება და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილები 2021 წლის 12 ოქტომბერს ჩაბარდა შ.შ–ას, როგორც ა.რ–ას მხარდამჭერს და რ.რ–ას ოჯახის წევრს - ბიძას (ტ. 3, ს.ფ.10-11). განცხადების ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი მოსაზრება და არც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თ.მ–ას განცხადებას და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის.

მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების თავისებურებიდან გამომდინარე, მხარეები წარმოადგენენ ერთდროულად მოვალესაც და კრედიტორსაც. განჩინება ითვალისწინებს მხარეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულებების გარკვეულ ეტაპებს, რომლებიც გაწერილია დროში. კერძოდ, განჩინების 1.7 პუნქტის თანახმად - იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის ვადაში 2019 წლის 18 ივლისამდე რ.რ–ა/ან ა.რ–ა ვერ უზრუნველყოფდნენ თ.მ–ასათვის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადახდას, ყოველგვარი დამატებითი პირობებისა და ვადის გარეშე უძრავი ქონება მისამართი: ქ. ფოთი, ......, ს/კ №...... საკუთრების უფლებით სრულად აღირიცხება თ.მ–ას საკუთრებაში.

საქმეში წარმოდგენილ 2021 წლის 6 ივლისის განცხადებაში თ.მ–ა აღნიშნავს, რომ მოპასუხეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით დადგენილ ვადაში არ შეასრულეს მორიგების პირობები. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ზემოაღნიშნული განჩინების იმ პუნქტზე, რომლითაც გათვალისწინებულია უძრავი ქონების სრულად აღრიცხვა მის საკუთრებაში. ამასთან, თ.მ–ას განცხადების ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი მოსაზრება და არც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.6 პუნქტი არ შეიცავს იძულებით აღსასრულებელ პირობას, სააღსრულებო ფურცელი უნდა გაიცეს ზემოაღნიშნული განჩინების 1.7 პუნქტზე. ამასთან, ვინაიდან განჩინების 1.7 პუნქტის აღსრულებასთან განუყოფელ კავშირშია განჩინების 1.9 პუნქტი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელი უნდა გაიცეს განჩინების როგორც 1.7, ისე 1.9 პუნქტებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, ასევე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 20-ე და 21-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ.მ–ას განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე;

2. თ.მ–ას სასარგებლოდ გაიცეს სააღსრულებო ფურცელი:

(ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.7 პუნქტის იმ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ უძრავი ქონება მისამართი: ქ. ფოთი, ...., ს/კ №....... საკუთრების უფლებით სრულად აღირიცხება თ.მ–ას საკუთრებაში;

(ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.9 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ ქალაქ ფოთში, ....... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ №......) საკუთრების უფლების მიღების შემთხვევაში, თ.მ–ა ან მისი უფლებამონაცვლე არ მოახდენს ა.რ–ას გამოსახლებას ამ უკანასკნელის სიცოცხლის მანძილზე. ა.რ–ას უფლება აქვს სიცოცხლის მანძილზე იცხოვროს და ისარგებლოს ქალაქ ფოთში, .... მდებარე ქონებით, რაც უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი