საქმე №ა-5262-შ-152-2021 17 ნოემბერი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.ფ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – იტალიის რესპუბლიკის რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. იტალიის რესპუბლიკის რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილებით ა.კ–ას სარჩელის საფუძველზე, 2004 წლის 1 ივნისს ბათუმში (საქართველო) რეგისტრირებული სამოქალაქო ქორწინება შეწყდა.
2. 2021 წლის 8 ნოემბერს ვ.ფ–ძის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა იტალიის რესპუბლიკის რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.
3. 2021 წლის 16 ნოემბერს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით, აღნიშნა, რომ სურს წარმოდგენილი შუამდგომლობის გამოხმობა და მოითხოვა მისი განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო იხელმძღვანელებს იმ ნორმებით, რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.
7. სსსკ-ის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე.
8. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა გამოიხმო შუამდგომლობა. ამასთან, გამოხმობის განცხადება წარმოდგენილია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ 2021 წლის 8 ნოემბერს წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, მე-7, 831, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.ფ–ძის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური