№ა-4160-ა-14-2021 30 სექტემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ.ო–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჯ–ძე
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.09.2012წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ჯ–ძემ (ამჟამინდელი (იგივე ქორწინებამდელი) გვარი "ო–ძე") (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა ზ.ჯ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში, ......, თანამესაკუთრედ ცნობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2011წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ.150-155). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2012წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2011წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: ......) ¼ ნაწილის (მოპასუხის სახელზე რიცხული ½ ნაწილიდან ½ ნაწილის) მესაკუთრედ (ტ.2, ს.ფ.38-46). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.09.2012წ. განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
- მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ბათუმში, ...... (ს/კ .......) თანაბარწილად საკუთრებაში გადაეცეს შვილებს - ი. და ს. ჯ–ებს;
- მოპასუხის წილი უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმში, ...... N63-ში (ს/კ ......), თანაბარწილად საკუთრებაში გადაეცეს შვილებს - ი. და ს.ჯ–ებს;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.09.2010წ. გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული 50.000 აშშ დოლარზე, მოთხოვნის უფლება თანაბარწილად საკუთრებაში გადაეცეს შვილებს - ი. და ს. ჯ–ებს (საქმე N2/2156-2010);
- მოპასუხემ იკისრა ვალდებულება აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ბინა, მდებარე: თბილისში, ...... მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა (105.72 კვ.მ., ს/კ .......), მოხსნას რეალიზაციიდან (ანუ გადაიხადოს თანხა) და საკუთრებაში გადასცეს შვილებს - ი. და ს.ჯ–ებს;
- შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება, მოსარჩელის სარჩელის გამო მოპასუხის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე (ტ.2, ს.ფ.147-155).
5. 06.09.2021წ. სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.09.2012წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა (ტ.2, ს.ფ.188, 189).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ № ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019წ.).
7. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ № ას-342-2019, 25 აპრილი, 2019წ.; №ა-3666-ბ-9-2021, 15 სექტემბერი, 2021წ.).
8. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
9. სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ (პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე) ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ (არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს) და „თ“ (არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, დაუშვებელია საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-378-359-2012, 16 ივლისი, 2021 წელი).
10. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.09.2012წ. განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას (განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მორიგების აქტით დადგენილი პირობები, ტ.2, ს.ფ.188,189). არ არსებობს 5 წლიანი ვადის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება.
11. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილია 06.09.2021წ., შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წელზე მეტი დროა გასული, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. რადგან დარღვეულია განცხადების დაშვების ისეთი პირობა, როგორიცაა მისი წარდგენის ვადა, სასამართლო: აღარ ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა/არარსებობის საკითხს; აღარ აფასებს, მითითებული საფუძველი რამდენად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ საქმის წარმოების განახლების რომელიმე წინაპირობას; აღარ ადგენს ვადას განცხადების სსსკ-ის 427-ე მუხლთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამასთან, გათვალისწინებით იმისა, რომ განმცხადებელი აპელირებს მოპასუხის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობაზე, საკასაციო პალატა განმცხადებელს აქვე განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (სუსგ №ას-205-198-2012, 06.04.2012წ.; №ას-7-7-2017, 13.04.2017წ.; №ას-559-534-2016, 14.07.2017წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 429-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ო–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.09.2012წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე