Facebook Twitter

საქმე №ა-2397-შ-64-2018 27 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

შუამდგომლობის ავტორი – ო.ბ–ძე

წარმომადგენელი – ლ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ძე

წარმომადგენელი – კ.გ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ.თ. ძე ბ–სა (შემდგომში - ,,მოპასუხე“ ან ,,მოწინააღმდეგე მხარე“) და ო.ვ. ასულ ბ–ძეს (შემდგომში - ,,შუამდგომლობის ავტორი“) შორის 2012 წლის 13 ნოემბერს მოსკოვის მმაჩის მთავარი სამმართველოს პოდოლსკის მმაჩის საქალაქო განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის ნომრით 1513, შეწყდა; 2013 წლის 3 მაისს დაბადებული არასრულწლოვან ნ.ჯ. ძე ბ–ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - შუამდგომლობის ავტორის საცხოვრებელი ადგილი.

2. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 16 აპრილს.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. 2018 წლის 25 ივნისს შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის წერილი, რომელშიც უცხო ქვეყნის სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არაერთხელ ეცნობა სასამართლო სხდომების შესახებ მისი რეგისტრაციის მისამართზე და ბოლო ცნობილი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე, რაც მითითებული იყო სასარჩელო განცხადებაში, გაეგზავნა ტელეგრამები, მაგრამ ადრესატი ტელეგრამების ჩასაბარებლად არ ცხადდებოდა, რის გამოც სასამართლომ მოსარჩელის თანხმობით განსაზღვრა სამოქალაქო საქმის განხილვა დაუსწრებელი წარმოების წესით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინების ასლი და შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე ( ქ. თბილისი, ........). სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 11 ივლისს.

8. ზემოაღნიშნული განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, აგრეთვე, შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

9. 2018 წლის 16 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება.

10. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

10.1. მხარეები შვილთან ერთად ძირითადად ცხოვრობდნენ საქართველოში და პერიოდულად ჩადიოდნენ რუსეთის ფედერაციაში. ბოლო ვიზიტისას შუამდგომლობის ავტორმა უარი განაცხადა უკან დაბრუნებაზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე ბავშვთან ერთად 2017 წლის 22 აგვისტოს დაბრუნდა საქართველოში და მას შემდეგ საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის უცნობი იყო 2018 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ;

10.2. შუამდგომლობითა და თანდართული ცნობებით დასტურდება, რომ მოპასუხეს გზავნილები სასამართლოში გამოცხადებასთან დაკავშირებით ეგზავნებოდა იმ მისამართზე, რომელზეც არ ცხოვრობდა. ამასთან, პოდოლსკის სასამართლოს არც საჯარო შეტყობინება გამოუცია. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს კანონით გათვალისწინებული წესით არ ეცნობა პოდოლსკის სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ;

10.3. ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ლ.ბ–ძის სარჩელი ო.ბ–ძის მიმართ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომელმაც უნდა წარადგინოს დასკვნა ბავშვის საცხოვრებელი პირობების შესახებ და, ასევე, უნდა შეაფასოს ბავშვის დედის მიმართ სასამართლოს მიერ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საკითხი, რათა ბავშვზე მზრუნველ მშობელს - მამას ჰქონდეს შესაძლებლობა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მეორე მშობლის მხრიდან ხელშეშლის გარეშე განახორციელოს ყველა მოქმედება;

10.4. ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა, ამასთან რუსეთის ფედერაციაში წარმართული სამართალწარმოების ფარგლებში დაირღვა მოწინააღმდეგე მხარის საპროცესო უფლებები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2018 წლის 27 დეკემბერს, 2019 წლის 29 იანვარსა და 2019 წლის 27 მარტს გამართულ სასამართლო სხდომებზე.

12. 2019 წლის 3 იანვარს მოპასუხის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარმოუდგინა დამატებითი წერილობითი პოზიცია და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული მისი სარჩელის განხილვის დასრულებამდე შუამდგომლობის განხილვის შეჩერების თაობაზე. მხარემ ამავე განცხადებაში განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე არ იყო ცნობილი უცხო ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

13. 2019 წლის 29 იანვარს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი განმარტებები საქმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული ლ.ბ–ძის სარჩელის განხილვის დასრულებამდე შუამდგომლობის განხილვის შეჩერების შესახებ ლ.ბ–ძის შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერებას იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავა რეგულირდება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციითა (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული საფუძვლით უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვის შეჩერებას არ ითვალისწინებს. მოპასუხის მიერ აღნიშნული ფაქტი მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაძლოა, გახდეს გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძველი. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია საქართველოში ამ საქმის დამთავრების შემდეგ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები წარმოადგენს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებებს (იხ. სუსგ საქმე №ა-3197-შ-65-2015, 20 ოქტომბერი, 2015 წელი; №ა-3809-შ-80-2015, 23 დეკემბერი, 2015 წელი). შესაბამისად, ამ საკითხებზე სასამართლომ შუამდგომლობის არსებითად განხილვისას უნდა იმსჯელოს.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო ო.ბ–ძის შუამდგომლობის, თანდართული მასალების გაცნობისა და მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

18. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

19. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

20. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება.

21. იმავე შინაარსის ნორმას შეიცავს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები. იმავე კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

22. ამრიგად, როგორც მინსკის კონვენცია, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობას (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი; საქმე №ა-2631-შ-65-1016, 24 იანვარი 2017 წელი).

23. მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და იმავე სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის ცნობით ირკვევა, რომ შეტყობინებები სასამართლო სხდომების შესახებ მისი რეგისტრაციისა და ბოლო ცნობილი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ლ.ბ–ძეს ვერ ჩაბარდა. მას გაეგზავნა ტელეგრამები, თუმცა ადრესატი ტელეგრამების ჩასაბარებლად არ ცხადდებოდა, რის გამოც სასამართლომ მოსარჩელის თანხმობით განსაზღვრა სამოქალაქო საქმის განხილვა დაუსწრებელი წარმოების წესით.

24. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით ასევე დასტურდება, რომ როგორც შუამდგომლობის ავტორისათვის, ისე პოდოლსკის საქალაქო სასამართლოსთვის ცნობილი იყო მოწინააღმდეგე მხარის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არყოფნის შესახებ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 ივნისს გაცემულ ცნობებზე თანდართული ტელეგრამების ასლებიც. საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს საჯარო შეტყობინების გზით აცნობა სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მინსკის კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები, თხოვნისამებრ, თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მისამართების დადგენაში, თუ ეს აუცილებელია მათი მოქალაქეების უფლებების განსახორციელებლად. ამასთან, თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარე გასცემს მის ხელთ არსებულ მონაცემებს მოთხოვნაში მითითებული პირის მისამართის დასადგენად. ამავე კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად კი თხოვნის მიმღები იუსტიციის დაწესებულება ახორციელებს დოკუმენტების გადაცემას მის სახელმწიფოში მოქმედი წესის შესაბამისად, თუ გადასაცემი დოკუმენტები დაწერილია მის ენაზე ან რუსულ ენაზე ანდა აღჭურვილია დამოწმებული თარგმანით ამ ენებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადასცემს დოკუმენტებს მიმღებს, თუ იგი თანახმაა მათ ნებაყოფლობით მიღებაზე. ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს შეეძლო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, საქართველოსთვის ეთხოვა მოწინააღმდეგე მხარის მისამართის დადგენა ან მისთვის სასამართლოში გამოძახების თაობაზე უწყების ჩაბარება.

26. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების თაობაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაადასტურა (სასამართლო სხდომის ოქმის ან სხვა სათანადო მტკიცებულების წარდგენით), რომ მოწინააღმდეგე მხარეს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ სათანადო წესით ეცნობა.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იყო ინფორმებული რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის სასამართლო სხდომის თაობაზე, რაც „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარის, მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.

29. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს და განმარტავს, რომ სასამართლო პროცესის თაობაზე მოპასუხის ინფორმირებულობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის - შეჯიბრებითი სამართალწარმოების წინაპირობაა.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეთა ავტონომიურობასა და თვითპასუხისმგებლობას განსაზღვრავს, რომელიც რაიმე ფორმით, მათ შორის, საქმის განხილვაზე მიუწვევლობით არ შეიძლება შეეზღუდოთ სამართალწარმოებაში მონაწილე სუბიექტებს (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი).

31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).

32. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდე“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ), რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა. ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი სასამართლოს მხრიდან არცერთი მცდელობა არ განხორციელებულა - დაკავშირებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას ან ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას, რათა დაედგინათ განმცხადებლის ადგილსამყოფელი (იხილეთ, მაგალითად, mutatis mutandis, „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya), §§ 83-85 ციტირებულია მაღლა). ეროვნულ სასამართლოებს ასევე შეეძლოთ ეთხოვათ სამართლებრივი დახმარება შესაბამისი წევრი სახელმწიფოსგან, მაგალითად, რუსეთის ფედერაციისგან, მინსკის კონვენციის მიხედვით (იხილეთ §18). სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო წარმოებაში არსებული საკითხების განსაკუთრებით სენსიტიურ ხასიათზე, კერძოდ, განმცხადებლის მშობლის უფლებების შესაძლო შეზღუდვაზე და განმარტა, რომ ეროვნულ სასამართლოებს უნდა ემოქმედათ განსაკუთრებული გულისხმიერებით (იხილეთ mutatis mutandis, მოთხოვნა „მშობლის მონაწილეობის“ კუთხით, „გლასერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Glaser v. the United Kingdom), no. 32346/96, § 70, 19/09/2000; აგრეთვე იხილეთ mutatis mutandis, მოთხოვნა „გონივრული ვადის” კუთხით, „ველიკოვი სერბეთის წინააღმდეგ“ (Veljkov v. Serbia), no. 23087/07, §85 და §87, 19/04/2011), რაც მათ ვერ განახორციელეს. ამავე საქმის ფარგლებში ევროსასამართლომ განმარტა, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოითხოვს მხარის ინფორმირების მიზნით საპროცესო საშუალებათა გონივრულად განკარგვის აუცილებლობას სასამართლოს მხრიდან.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რადგან საქმის ამგვარი წესით განხილვა ეწინააღმდეგება მოპასუხის უფლებას თავისი ნების თავისუფალი გამოვლენით შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოში საქმის განხილვისას (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი).

34. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაზე უარის თქმის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებასა და აღსრულებაზე უარის თქმის სხვა საფუძვლებზე.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ ო.ბ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ბ–ძის შუამდგომლობა საქართველოს საერთო სასამართლოს წარმოებაში არსებული, ო.ბ–ძის მიმართ მისი სარჩელის განხილვის დასრულებამდე, უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის შეჩერებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ო.ბ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე