საქმე №ას-57-57-2018 8 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ბ–ძის უფლებამონაცვლე გ.კ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – დანიშნული სარჩოს აუღებელი სხვაობის ანაზღაურება და სარჩოს გადაანგარიშება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე.ბ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დაზარალებული“) 1955 წლის 20 ივლისიდან მუშაობდა სოფელ ხიდრის საშუალო სკოლაში (ამჟამად - სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა) (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სკოლა“) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
2. მოსარჩელემ 1978 წლის 05 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ტრავმა, რის გამოც 80%-ით შეუმცირდა შრომის უნარი. მიუხედავად ამისა, მან განაგრძო სკოლაში მუშაობა, ასრულებდა როგორც მასწავლებლის, ასევე, კლასის დამრიგებლის მოვალეობებს და 1986 წლის 23 აგვისტოს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის წოდება.
3. მოსარჩელე დაიბადა 1932 წლის 15 აპრილს და საპენსიო ასაკის მიღწევის მიუხედავად, ფაქტობრივად, შრომით მოვალეობებს ასრულებდა 1994 წლის ჩათვლით.
4. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა 2004 წლის 06 იანვრიდან ყოველთვიურად 75,2 ლარის ოდენობით.
5. ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სკოლისათვის დაკისრებული სარჩოს ოდენობა გაიზარდა 139,28 ლარამდე. გარდა ამისა, სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს - 256,32 ლარის გადახდა.
6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული სარჩოს ოდენობა კვლავ გაიზარდა და სკოლას დაეკისრა 2014 წლის 01 იანვრიდან ყოველთვიურად 458,62 ლარის გადახდა.
7. 2016 წლის აპრილიდან სკოლამ საკუთარი ინიციატივით გაზარდა სარჩოს ოდენობა და მოსარჩელეს გარდაცვალებამდე უხდიდა 512,82 ლარს.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 2016 წლის 01 აპრილიდან გაზრდილი სარჩოს - ყოველთვიურად 834,42 ლარის, ხოლო 2017 წლის 01 იანვრიდან ყოველთვიურად 982,42 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე მიუღებელი სარჩოს - 1533 ლარის გადახდის დაკისრება.
9. მოსარჩელის განმარტებით, განათლების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებისა დ საქართველოს მთავრობის №68 ბრძანების საფუძველზე, დამტკიცდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი წესი და 2015 წლის 01 სექტემბრიდან გაიზარდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლამ გადაუანგარიშა მოსარჩელეს სარჩო და დაუნიშნა 512,82 ლარი, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ ახალი ბრძანების თანახმად, მას ეკუთვნოდა დანამატი სტატუსისათვის (უფროსი, წამყვანი, მენტორი მასწავლებელი), რასაც, ასევე უნდა დაემატოს დამრიგებლობის დანამატი. ამასთან, ზემოაღნიშნული ბრძანებების შესაბამისად, 2017 წლის 01 იანვრიდან კვლავ იზრდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება.
10. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
11. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
12. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე მიუღებელი სარჩოს - 385,03 ლარის გადახდა (გადაწყვეტილების 1.1. ქვეპუნქტი), ასევე, 2016 წლის 01 აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად - 654,42 ლარის გადახდა, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (გადაწყვეტილების 1.2. ქვეპუნქტი); მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაანგარიშებული სარჩოს - 982,42 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
13. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 07 ივლისის განჩინებით მოსარჩელის გარდაცვალების (გარდაცვალების თარიღი: 08.10.2016წ.) გამო, აპელანტის/მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ.კ–ა (შემდგომში - „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“ ან „კასატორი“).
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
17. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და იმავე კოდექსის 411-ე მუხლით, ასევე, გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები საქმეებზე: 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, საქმეზე №ას-789-746-2015 და 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე №ას-1216-1141-2015. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებებში საკასაციო სასამართლომ სარჩოს მოთხოვნის უფლება დაუკავშირა დაზარალებულის მხრიდან შრომითი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას, რომელიც, ჩვეულებრივ, დაზარალებულის საპენსიო ასაკამდე - ქალებისათვის 60 წლამდე გრძელდება.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე 60 წლის გახდა 1992 წლის 15 აპრილს. მან სკოლასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა 1994 წლიდან, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია, რომ, თუნდაც, ტრავმის არარსებობის პირობებში, 2015 წლის 01 სექტემბრის შემდეგ მოსარჩელე კვლავ შეასრულებდა შრომით მოვალეობებს. სასამართლოს მითითებით, საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან დამაჯერებლად ვერ გასწია.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.
21. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
21.1. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლი, რადგან არც აპელანტს და არც მოწინააღმდეგე მხარეს მოუთხოვიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება. სკოლა ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა კლასის დამრიგებლის დანამატის გადაანგარიშების თაობაზე;
21.2. სასამართლომ, ფაქტობრივად, გააუქმა მოსარჩელის მიმართ სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული;
21.3. სასამართლომ სარჩოს გადაანგარიშებაზე უარის თქმა დაასაბუთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, საქმე №ას-789-746-2016. თუმცა, აღნიშნულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობს დასკვნა, რომ დაზარალებულის მიერ სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის უფლება დაკავშირებულია შრომითი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობასთან (საპენსიო ასაკი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან. კერძოდ, 2015 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოსარჩელის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე №ას-734-702-2014, რომლის თანახმად, სასამართლომ კანონიერად ცნო სარჩოს გადაანგარიშების დასაბუთება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე უკვე იყო საპენსიო ასაკს გადაცილებული;
21.4. რომ არა საწარმოო ტრავმა, მოსარჩელე შეძლებდა ჩაებარებინა სხვადასხვა გამოცდები, დაეგროვებინა კრედიტები, გაევლო სხვადასხვა პროგრამები და ახალი წესით მოეპოვებინა მასწავლებლის მაღალანაზღაურებადი სტატუსები (უფროსი, წამყვანი, მენტორი). შესაბამისად, სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს მასწავლებლის ძირითად ხელფასზე სტატუსის შესაბამისი დანამატის გათვალისწინებით, ვინაიდან საწარმოო ტრავმის მიღებისას საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა უფროსი მასწავლებლის სტატუსი (ძველი წესის შესაბამისად), რაც იმ დროისათვის იყო ყველაზე მაღალი სტატუსი;
21.5. 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე მიუღებელი სარჩო შეადგენს 1533 ლარს. კერძოდ, 2015 წლის 01 სექტემბრიდან, განათლების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების საფუძველზე, გაიზარდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. შესაბამისად, 2015 წლის 01 სექტემბრიდან მოსარჩელეს, შრომისუნარიანობის დაქვეითების შესაბამისად (80%), ეკუთვნოდა ყოველთვიური ხელფასი 731,82 ლარის ოდენობით, საიდანაც 496,82 ლარი წარმოადგენდა ძირითად ხელფასს, ხოლო 235 ლარი დანამატს დამრიგებლობისა და სტატუსისათვის. სკოლამ გადაიანგარიშა სარჩოს ოდენობა, თუმცა მოსარჩელეს შედომით დაუნიშნა 512,82 ლარი. სკოლამ არ გაითვალისწინა, რომ ახალი ბრძანების თანახმად, პირველი სექტემბრიდან მოსარჩელეს, ასევე, ეკუთვნოდა დანამატი სტატუსისა და დამრიგებლობისათვის. შესაბამისად, დანიშნულ (512,82) და ასაღებ (731,82) სარჩოს შორის სხვაობა შვიდ თვეზე შეადგენს სწორედ 1533 ლარს;
21.6. ვინაიდან, 2016 წლის 01 აპრილიდან კვლავ გაიზარდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურება, მოსარჩელისათვის დანიშნული სარჩოს ოდენობა უნდა გადაანგარიშებულიყო და მას, შრომისუნარიანობის დაქვეითების შესაბამისად (80%), უნდა დანიშვნოდა სარჩო 834,42 ლარის ოდენობით, საიდანაც 573,42 ლარი წარმოადგენს ხელფასს, ხოლო 261 ლარი დანამატს. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე გარდაიცვალა 2016 წლის 08 ოქტომბერს, ხოლო კასატორი წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს, სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს 2016 წლის 08 ოქტომბრამდე, რაც ასაღებ (834,42 ლარი) და აღებულ (512,82 ლარი) სარჩოს შორის სხვაობის შესაბამისად, შეადგენს ჯამში - 2144,93 ლარს;
21.7. დაკისრებული სარჩო არ უნდა დაიბეგროს, ვინაიდან მხარეებს აღნიშნული არ მოუთხოვიათ და ამაზე არც სასამართლოს უმსჯელია. ამასთან, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.07.2004წ. გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებულს ყოველთვიური სარჩო ეძლევა მთლიანად, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, მოსამართლეს მისი ნაწილის გაუქმების უფლება არ ჰქონდა. გარდა ამისა, მოსარჩელის სასარგებლოდ სკოლისათვის დაკისრებული სარჩო თავისუფლდება დაბეგვრისაგან, ვინაიდან სარჩო თავისი არსით შეიძლება გაუთანაბრდეს სახელმწიფო კომპენსაციას, რომელიც საგადასახადო კოდექსის თანახმად, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.
22. კასატორი შუამდგომლობს საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 ქვეპუნქტი სკოლისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 01 აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად 654,42 ლარის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს დაზარალებულისათვის დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება და მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება.
27. კასატორი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლი და გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლომ სრულად გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლით რეგლამენტირებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები. აღნიშნული მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. ამდენად, სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია სააპელაციო მოთხოვნით და იგი ვერ იმსჯელებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე იმ ნაწილში, რომელზეც აპელანტს პრეტენზია არ განუცხადებია.
29. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე მიუღებელი სარჩოს გადახდა 385,03 ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენდა დამრიგებლობის დანამატს; ასევე, 2016 წლის 01 აპრილიდან ყოველთვიურად 654,42 ლარის ოდენობით სარჩოს გადახდა, რაც მოიცავდა სახელფასო განაკვეთს, სრულ განაკვეთზე მუშაობის დანამატს და დანამატს კლასის დამრიგებლობისათვის (იხ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 05.08.2016წ. გადაწყვეტილება, ტ. I, ს.ფ. 226-240).
30. სკოლის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრიდან ირკვევა, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა მხოლოდ ნაწილობრივ, დამრიგებლობის დანამატის გადაანგარიშების ნაწილში; იგი, ასევე, დავობდა, რომ სარჩოს გადაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ 2016 წლის აპრილი-ივლისის თვეებში მოსარჩელისათვის გადახდილი სარჩოს ოდენობა. რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (მიუღებელი სარჩოსა და 2016 წლის 01 აპრილიდან გადაანგარიშებული სარჩოს მოთხოვნის ნაწილში). მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით სრულად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესს. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეეცვალა მხოლოდ იმ ნაწილში, რაზეც აპელანტები პრეტენზიას აცხადებდნენ. შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე ვერც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს.
31. კასატორი, ასევე, დავობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის უფლება დაკავშირებულ იქნა შრომითი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობასთან (საპენსიო ასაკი), განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება იმავე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება (იხ. სუსგ საქმე №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
34. საგულისხმოა თავად უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) მოთხოვნის ფარგლებიც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
35. საკასაციო სასამართლოს მიერ მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით (საქმე №789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი) შეიცვალა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა და დაშვებულ იქნა პრეზუმფცია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ საქმე №1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი; №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი).
36. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი, №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-799-766-2016, 08 მაისი, 2017 წელი; №ას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი; №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი).
37. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 1955 წლის 20 ივლისიდან მუშაობდა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; მან 1978 წლის 05 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ტრავმა, რის გამოც 80%-ით შეუმცირდა შრომის უნარი, თუმცა, განაგრძო სკოლაში მუშაობა და მიუხედავად საპენსიო ასაკის მიღწევისა (1992 წელი), იგი შრომით მოვალეობებს ასრულებდა 1994 წლის ჩათვლით.
38. ამდენად, საკასაციო სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული სარჩო გადაანგარიშებას ექვემდებარებოდა 1994 წლის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდამდე, ვიდრე დაზარალებული ფაქტობრივად ასრულებდა შრომით მოვალეობებს.
39. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩო გადაიანგარიშა 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე მასწავლებლის შრომის ანაზღაურების შესაბამისად და სკოლას დააკისრა მიუღებელი სარჩო 385,03 ლარის ოდენობით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუღებელი სარჩო წარმოადგენს დამრიგებლობის დანამატს. შესაბამისად, ვინაიდან სკოლა სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა დამრიგებლობის დანამატის გადაანგარიშების საკითხს, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
40. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სკოლისათვის 2016 წლის 01 აპრილიდან გადაანგარიშებული (გაზრდილი) სარჩოს დაკისრების თაობაზე, აღსანიშნავია, რომ სკოლამ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა მხოლოდ დამრიგებლობის დანამატის გადაანგარიშება, ასევე სარჩოს გადაანგარიშება 2016 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ მოსარჩელისათვის ამ პერიოდში გადახდილი სარჩოს ოდენობა. რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, როგორც ზემოთ ითქვა, დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
41. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ დასახელებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება დაზარალებულის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ. შესაბამისად, ამ ნაწილში სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
42. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოკვლეული რა ოდენობის სარჩო აქვს გადახდილი სკოლას მოსარჩელისათვის 2016 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში; ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სკოლისათვის 2016 წლის პირველი აპრილიდან დაკისრებული სარჩოდან რა ოდენობა წარმოადგენს დანამატს კლასის დამრიგებლობისათვის, რის გამოც 2016 წლის 01 აპრილიდან გადაანგარიშებული სარჩოს მოთხოვნის ნაწილში სახეზეა საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და სკოლის მიერ გადახდილი თანხების შესაბამისად, დაადგინოს მოსარჩელე გარდაცვალებამდე (08.10.2016წ.) ჯამურად რა ოდენობის სარჩოს მიიღებდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამრიგებლობის დანამატზე მსჯელობისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ დაზარალებულის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული სარჩო გადაანგარიშებას ექვემდებარებოდა 1994 წლის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდამდე, ვიდრე დაზარალებული ფაქტობრივად ასრულებდა შრომით მოვალეობებს.
43. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სარჩოს გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მისი საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია. ვინაიდან მოსარჩელისათვის დანიშნული სარჩო გადაანგარიშებას ექვემდებარებოდა იმ პერიოდამდე, ვიდრე იგი ფაქტობრივად ასრულებდა შრომით მოვალეობებს (1994 წლის ჩათვლით), 2016 წლის 01 აპრილიდან გადაანგარიშებული (გაზრდილი) სარჩოს მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
44. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, გააუქმა მოსარჩელის მიმართ სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მითითებას და განმარტავს, რომ სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენს დამოუკიდებელ სარჩელს, რომლის მიზანია დაზარალებულისათვის დანიშნული სარჩოს ოდენობის მისადაგება ხელფასის იმ ოდენობასთან, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიღებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში. შესაბამისად, სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება კი არ ხდება, არამედ სასამართლო წესით დადასტურებული უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.
45. კასატორი მიიჩნევს, რომ დაკისრებული სარჩო არ უნდა დაიბეგროს (იხ. წინამდებარე განჩინების 20.7. პუნქტი). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩოს დაბეგვრის საკითხი დამოკიდებული არის არა მოთხოვნის არსებობაზე ან/და სასამართლოს შეხედულებაზე, არამედ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ წესზე. რაც შეეხება სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე მანამდე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა წინამდებარე პუნქტში.
46. საკასაციო პალატა, ასევე მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით კონკრეტულად არის განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო კომპენსაცია შეიძლება დაენიშნოს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ სარჩო სახელმწიფო კომპენსაციასთან გათანაბრების საფუძვლით, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია.
48. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილით (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) დადგენილია საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალური ფარგლები. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. იმავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, კასატორის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან), მთლიანობაში „6“ ფურცლად (ტ. 2, ს.ფ. 185-190);
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
50. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ასევე მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და საქმის ხელახლა განხილვისას, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ბ–ძის უფლებამონაცვლე გ.კ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2-ე ქვეპუნქტი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლისათვის ე.ბ–ძის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად 654,42 ლარის დაკისრების შესახებ, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს ასევე მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან) საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან), მთლიანობაში „6“ ფურცლად (ტ. 2, ს.ფ. 185-190);
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი