საქმე №ას-349-349-2018 18 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სარჩოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ.გ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დაზარალებული“ ან „პირველი კასატორი“) მუშაობდა შპს „ს.რ–ის“ (უფლებამონაცვლე - სს „ს.რ–ა“) (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) ფილიალის - „ს.რ–ის სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ (შემდგომში - „ფილიალი“) რუსთავის სადგურში მატარებლის შემდგენლის თანაშემწედ.
2. მოსარჩელემ 1987 წლის ოქტომბერში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც მოპასუხისგან იღებს სარჩოს, 1987 წლიდან დღემდე.
3. მოსარჩელეს 2010 წლის 01 აპრილიდან დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მიღებული შრომითი დასახიჩრების გამო, უვადოდ, 100%-ით პროფესიული შრომის უნარის ხარისხის დაკარგვით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩოს სახით უხდის 217,60 ლარს.
5. მოპასუხის ფილიალის სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შემავალი სადგური „რიონის“ საშტატო განრიგის მიხედვით, მატარებლის შემდგენლის თანაშემწის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2012 წლის აგვისტოდან 2012 წლის ოქტომბრამდე შეადგენდა 360 ლარს, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, შეადგენს 500 ლარს.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 2016 წლის 01 ნოემბრიდან ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით სარჩოს გადახდის დაკისრება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; ასევე, მიუღებელი სარჩოს გადახდის დაკისრება 13 837,6 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (გადაწყვეტილების პირველი პუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურება 13 837,6 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით (გადაწყვეტილების 1.1. ქვეპუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 01 ნოემბრიდან 2028 წლის 29 მაისამდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა 500 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით (გადაწყვეტილების 1.2. ქვეპუნქტი).
9. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე განიცდიდა ქონებრივ დანაკლისს, ვინაიდან უბედური შემთხვევის გამო ის ვეღარ მუშაობდა დაკავებულ თანამდებობაზე თავისი პროფესიით და ვერ იღებდა იმ შეღავათებსა და უპირატესობას, რასაც მიიღებდა ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი, კერძოდ, კი ხელფასს 500 ლარის ოდენობით. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებებში, პრეზუმირებული იყო, რომ მოსარჩელე იმუშავებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს 217,60 ლარის ოდენობით, ხოლო მატარებლის შემდგენლის თანაშემწის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2012 წლის ოქტომბრიდან შეადგენდა 500 ლარს, 2012 წლის ოქტომბრიდან დაზუსტებული სარჩელის წარდგენამდე - 2016 წლის ნოემბრამდე დროის მონაკვეთში მოსარჩელის მიერ მიღებულ და მისაღებ თანხებს შორის სხვაობა შეადგენდა 13 837,60 ლარს.
14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით მისაღები ოდენობა, მისი შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის (100%) გათვალისწინებით, უნდა განსაზღვრულიყო ყოველთვიურად - 500 ლარით, ვინაიდან მატარებლის შემდგენლის თანაშემწის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო დაზუსტებული სარჩელის აღძვრის მომენტისათვის - 2016 წლის 01 ნოემბრისათვის შეადგენდა 500 ლარს, რაც ამჟამადაც უცვლელი იყო, თუმცა 2028 წლის 29 მაისამდე (მოსარჩელის დაბადების თარიღია 1963 წლის 29 მაისი), ანუ იმ დრომდე, რა დრომდეც იარსებებდა ვარაუდი იმისა, რომ მოსარჩელე იმუშავებდა ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში (საპენსიო ასაკის მიღწევამდე).
15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სარჩოს ანაზღაურების ვალდებულება უნდა განსაზღვრულიყო უვადოდ და არა საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ პირი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საწარმოში ვერ შეასრულებდა შრომით მოვალეობებს და, შესაბამისად, მასზე ვერც სახელფასო ცვლილებები და სხვა შეღავათები გავრცელდებოდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე და 992-ე მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სარჩოს ანაზღაურების ვალდებულება უნდა შემოფარგლულიყო კანონით განსაზღვრული შრომისუნარიანობის (საპენსიო) ასაკამდე.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხარეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივრები. პირველმა კასატორმა მოითხოვა განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე კასატორმა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. პირველმა კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ნაწილობრივ გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
17.1. სარჩოს მიღების ვადის საპენსიო ასაკამდე შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინებაზე, საქმე №ას-173-162-2017; ასევე, იმავე სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე, საქმე №ას-826-773-2017;
17.2. მოსარჩელე დაბადებულია 1963 წლის 29 მაისს, ანუ არის 54 წლის, შესაბამისად იგი არ არის საპენსიო ასაკს მიღწეული და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მას უნდა მიეცეს ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლება რაიმე ვადის მითითების ან შეზღუდვის გარეშე.
18. მეორე კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
18.1. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები;
18.2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტი №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ყოველთვიური სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება;
18.3. სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს და ადგენს პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. დასახელებული სამართლებრივი ნორმა პირდაპირ ადგენს ასეთ შემთხვევაში, რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ხოლო მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია. მუშაკის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სარჩოს გადაანგარიშების გზით პრობლემის არაეფექტური და არაზუსტი გადაწყვეტაა. აღნიშნული საკითხის სირთულიდან არსებობს გამოსავალი, რაც კანონმდებელმაც გაითვალისწინა. მეტიც, კანონმდებელმა საერთოდ გააუქმა სარჩოს უპირობოდ გადაანგარიშების წესი, ვინაიდან, შეუძლებელია მიუღებელი შემოსავლის მთელი ცხოვრების მანძილზე წინასწარ ზუსტად განსაზღვრა. კანონი ლოგიკურად დარჩა საკითხის მოწესრიგების იმგვარ ფორმაზე, როგორიცაა სარჩოს გამოანგარიშება და დანიშვნა იმ ოდენობიდან, რა ოდენობითაც დაზარალებული იღებდა ხელფასს ზიანის მიყენების დროს და მას ეს სარჩო ერიცხება ცხოვრების ბოლომდე. ასეთ შემთხვევაში, როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის უფლებების მოსალოდნელი შეზღუდვა დაყვანილია მინიმალურ დონეზე. ამდენად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დაზარალებულისათვის დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებისა (გაზრდის) და მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების მართლზომიერება; ასევე, სარჩოს დაკისრების ხანგრძლივობა, კერძოდ, ის საკითხი თუ რა დრომდე არის საწარმო ვალდებული გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია.
23. პირველი კასატორი დავობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს მიღების ვადის საპენსიო ასაკამდე შეზღუდვის ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. რაც შეეხება მეორე კასატორს, მისი პრეტენზია კანონის არასწორ გამოყენებას ემყარება. მისი განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას, შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები, არამედ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით).
24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მეორე კასატორის მითითებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული წესის მოქმედება, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ დახმარების მიმღებ პირს.
25. შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი მითითებითია, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.
26. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება, ასევე, სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება იმავე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება (იხ. სუსგ საქმე №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
29. საგულისხმოა თავად უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) მოთხოვნის ფარგ
30. ლებიც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ საქმე №1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).
32. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი, №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-799-766-2016, 08 მაისი, 2017 წელი; №ას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი).
33. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხის ფილიალის რუსთავის სადგურში მატარებლის შემდგენლის თანაშემწედ; მან 1987 წლის ოქტომბერში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც 2010 წლის 01 აპრილიდან დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, უვადოდ, 100%-ით პროფესიული შრომის უნარის ხარისხის დაკარგვით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩოს სახით უხდის 217,60 ლარს; დადგენილია, ასევე, რომ მატარებლის შემდგენლის თანაშემწის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2012 წლის აგვისტოდან 2012 წლის ოქტომბრამდე შეადგენდა 360 ლარს, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან შეადგენს 500 ლარს; ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხე დაბადებულია 1963 წლის 29 მაისს, შესაბამისად მას საპენსიო ასაკისათვის ჯერ არ მიუღწევია.
34. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის), ასევე მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად ამ ნაწილში მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. სარჩოს ოდენობასთან დაკავშირებით კი მეორე კასატორს შედავება არ წარმოუდგენია.
35. რაც შეეხება სარჩოს გადახდის ხანგრძლივობას, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას, რომ სარჩოს მიღების ვადის საპენსიო ასაკამდე შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (შედარებისთვის იხ. სუსგ საქმე №ას-812-763-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-1304-1224-2015, 05 თებერვალი, 2016 წელი; №ას-742-710-2016, 25 ნოემბერი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი; №ას-826-773-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-1742-2018, 27 დეკემბერი, 2018 წელი).
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, აგრეთვე მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, 1.2-ე ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 1 ნოემბრიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 500 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; ხოლო, მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
41. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება ჯამში შეადგენდა 17 226,4 ლარს (13 837,6 ლარს დამატებული მოთხოვნილ სარჩოს ოდენობასა (500 ლარი) და უკვე დანიშნულ სარჩოს ოდენობას (217,60) შორის სხვაობა - 282,4 ლარი X 12 თვეზე = 3 388,8 (სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად)).
42. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 516,79 ლარის (17 226,4 ლარის 3%) გადახდა; სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (დავის საგნის - 3 388,8 ლარის 4% შეადგენს 135,55 ლარს, თუმცა, სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში შეადგენს დავის საგნის 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა) გადახდა და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (დავის საგნის - 3 388,8 ლარის 5% შეადგენს 169,44 ლარს, თუმცა, სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო სასამართლოში შეადგენს დავის საგნის 5%, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა) გადახდა.
43. ამგვარად, საბოლოო ჯამში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 966,79 ლარის გადახდა.
44. რაც შეეხება მეორე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ვინაიდან მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ბ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, აგრეთვე მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, 1.2-ე ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
4. სს „ს.რ–ას“ ბ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 1 ნოემბრიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 500 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
5. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
7. სს „ს.რ–ას“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს 966 (ცხრაას სამოცდაექვსი) ლარისა და 79 (სამოცდაცხრამეტი) თეთრის გადახდა;
8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე