Facebook Twitter

საქმე №ას-1130-2020 27 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ბ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (806.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ს.კ. .....) მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......

2. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მუდმივმოქმედი ფილიალი (შემდგომში - „მოპასუხის ფილიალი“) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის პროცესში ხდებოდა მიწისქვეშა აფეთქებები.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის ზიანის ანაზღაურების სახით - 13 498 ლარის დაკისრება.

4. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ხაშურის რაიონში, სოფელ ...... 2012 წლის ზაფხულში დაიწყო №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებული აფეთქებითი სამუშაოები. სამუშაოები მიმდინარეობდა ინტენსიურად, დღე-ღამის განმავლობაში, ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგებით და გაგრძელდა 2017 წლის ბოლომდე. აღნიშნულმა გამოიწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება, გაჩნდა სხვადასხვა მიმართულებისა და ზომის ბზარები. სპეციალისტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სახლის სარემონტო- მოპირკეთებითი სამუშაოებისათვის საჭიროა 13 498 ლარი.

5. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, აფეთქებები მიმდინარეობდა დასაშვები ნორმის ფარგლებში და მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით.

6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 000 ლარის გადახდა.

7. მხარეებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფლება; ხოლო, მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

10. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 05 დეკემბრის №008225918 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 2013 წლიდან განვლილ პერიოდში ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა და მოხაზულობა ვიზუალურად შესამჩნევად არ შეცვლილა და პირველი კვლევის დროს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 13 თებერვლის №000463513 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2012 წლის პირველ თებერვალს ვიზუალურად შესწავლილ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...... მდებარე საცხოვრებელი სახლების, მათ შორის, ი.ღ–ძის (მოსარჩელის პაპა) სახლის ტექნიკური მდგომარეობა. კვლევა ითვალისწინებდა სოფ. ...... მშენებარე რკინიგზის №9 გვირაბის მშენებლობის ზეგავლენის დადგენას მიმდინარე საცხოვრებელ სახლებზე) დაფიქსირებული დაზიანების ხარისხი, მე-2 ხარისხის დაზიანება, დარჩა იგივე. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროა სარემონტო-მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით. საკვლევი შენობის კედელზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება (ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი) მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ძირითადად გამოწვეულია სოფ. ......, საქართველოს რკინიგზის №9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, როგორც იმავე სოფელში არსებული მრავალი სახლის დაზიანებები, რომლებიც ექსპერტების მიერ შესწავლილ იქნა 2012-2017 წლებში. სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც შენობაზე ბზარების ქაოტურ განვითარებას გამოიწვევდა, სოფ. .... ტერიტორიაზე არ შეინიშნება. დაზიანება გამოწვეულია, ასევე, ნაწილობრივ ასაკობრივი ცვეთითა და ტექნიკური მოუვლელობით. კვლევა ჩაატარა ექსპერტმა, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი კომპანია ,,ე–ის“ დასკვნები ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას. კერძოდ, კომპანია „ე–ის“ დასკვნა -„აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ...... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ ზოგადი ხასიათისაა და შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების, მათ შორის, მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის გამოკვლევის შედეგად; მისი საშუალებით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისთვის.

13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმის ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება, ვინაიდან, სასამართლოს თქმით, ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას და, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. გარდა ამისა, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, რომ სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, აფეთქებები დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, „ე–ის“ დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 09.10.2012 წლიდან. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით.

14. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ კომპანია ,,ე–ის“ მეორე დასკვნას (14.09.2019წ. №0717.1.049 ექსპერტიზის დასკვნა), სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დასკვნა შედგენილია კომპანია ,,ე–ის" 2017 წლის დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვიდრე მოპასუხე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, მას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის. საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება.

16. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 04 ოქტომბრის №05/142 დასკვნით დგინდებოდა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზებისა და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. ამასთან, დასკვნის თანახმად, ძნელი დასადგენია პროცენტული მაჩვენებელი, თუ რომელი მოვლენების ზემოქმედების შედეგად იყო გამოწვეული არსებული დაზიანებები: ასაკობრივი ცვეთის, ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების, მშენებლობის ნორმების დარღვევის, აფეთქებების შედეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვების. ამდენად, აღნიშნული დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებების უარყოფა.

18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელემ წარადგინა ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი, სადავო საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახლის სარეაბილიტაციო ხარჯმა შეადგინა 13 498 ლარი. ამასთან, ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, რაიონულმა სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები შეადარა საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებულ დაზიანებებს და მიიჩნია, რომ სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა უნდა შემცირებულიყო 8 000 ლარამდე.

19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ზიანის გამომწვევ მიზეზად, გარდა აფეთქებითი სამუშაოებისა, ასევე, მითითებულია სხვა მიზეზებიც - ასაკობრივი ცვეთა და ტექნიკური მოუვლელობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზებიდან მხოლოდ ერთი შეიძლება შეერაცხოს მოპასუხეს და ამავე დროს დადგენილი არ არის თითოეული ფაქტორის პროპორცია დამდგარ ზიანში, ზიანის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს თანაბრალეულობის პრინციპის გათვალისწინებით.

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

21. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

22. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

22.1. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალით. მან არ დაასაბუთა, რატომ გაიზიარა მხოლოდ ერთი მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები;

22.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას სავარაუდო ხასიათი აქვს და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს. დასკვნა არ არის შესაბამისად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებიდან და ოფიციალური ჩანაწერებიდან. ამასთან, მისი კვლევითი და დასკვნითი ნაწილები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. კერძოდ, გამოკვლევით ექსპერტი დაზიანებათა უმეტეს ნაწილს მიაწერს ბუნებრივ მოვლენებს, ასაკობრივ ცვეთას, ტექნიკურ მოუვლელობას და სხვა ფაქტორებს, რომლებიც არ არის აფეთქებასთან დაკავშირებული, ხოლო დასკვნით ნაწილში კი აღნიშნავს, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ამის მიზეზად მიუთითებს 2012-2017 წლებში სხვა მაპროვოცირებელი გარემოებების არარსებობაზე. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის განსაზღვრული, რომელი მოვლენის შედეგად რომელი ზიანია გამოწვეული და თითოეულ გარემოებას რა პროცენტული წვლილი მიუძღვის შენობის დაზიანებაში. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ უნდა გაეზიარებინა;

22.3. სასამართლომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნა სავარაუდო ხასიათის დასკვნად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მასში ექსპერტი დაზიანების რამდენიმე მიზეზზე მიუთითებდა. კასატორის თქმით, აღნიშნულ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული თითოეული დაზიანების წარმოქმნის მიზეზზე, რასაც სასამართლომ გვერდი აუარა;

22.4. სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ .......ზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით აწარმოა კომპანია „ე–მა“, რათა განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები. ამ მიზნით დადგმული იყო სეისმოგრაფები და ბზარის საზომი მოწყობილობები, რომელიც აღრიცხავდა ნებისმიერ აფეთქებას, მის სიმძლავრეს და ზემოქმედების რისკს გარემო სივცრესთან. აღნიშნულით კონტროლდებოდა, რომ აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. ამ კვლევის შედეგები სამხარაულის ექსპერტს საერთოდ არ გამოუყენებია, სხვა ალტერნატიული მონაცემები კი აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა;

22.5. უშუალოდ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, კომპანია „ე–ის“ მიერ 2019 წლის 14 სექტემბერს შედგენილ იქნა დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აფეთქებასაშიში ზონის გარეთ; აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მოსარჩელის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით;

22.6. ამდენად, მოპასუხის მიერ წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავს მოსარჩელის ქონების დაზიანებაში მის ბრალეულობას;

22.7. კასატორი არ ეთანხმება ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. მისი განმარტებით, ექსპერტს შეფასებული აქვს სახლის კაპიტალური რემონტისათვის შესასრულებელი სამუშაოები და არ აქვს გათვალისწინებული შენობის ბუნებრივი ცვეთა და სხვა გარემო პირობები. ამასთან, მოპასუხის მიერ ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის თანახმად (04.10.2019წ. №05/142 დასკვნა), არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯი, ბზარების გამონოლითებით და საძირკვლის გამაგრებით, შეადგენს 1407 ლარს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი] და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება].

30. კასატორის ძირითადი პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასება-გამოკვლევას ემყარება. იგი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სავარაუდო ხასიათი აქვს და წინააღმდეგობრივია. შესაბამისად, არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით. სადავოა, ასევე, ზიანის ოდენობაც.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. იგი არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ამ ქმედების უშუალო შედეგს. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; №ას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; №ას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).

32. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

33. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე თავისი ფილიალის მეშვეობით სოფელ ......ი, მოსარჩელის კუთვნილი სახლის მიმდებარედ, რომელიც სადავო არ არის, რომ დაზიანებულია, აწარმოებდა №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - სახლის დაზიანებასა და აფეთქებით სამუშაოებს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, საკვლევი შენობის კედელზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება (ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი) მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ძირითადად გამოწვეულია სოფ. ......, საქართველოს რკინიგზის №9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, როგორც იმავე სოფელში არსებული მრავალი სახლის დაზიანებებისა, რომელიც ექსპერტების მიერ შესწავლილი იქნა 2012-2017 წლებში, ვინაიდან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც შენობაზე ბზარების ქაოტურ განვითარებას გამოიწვევდა, სოფ. .......ის ტერიტორიაზე არ შეინიშნება; ასევე, ნაწილობრივ ასაკობრივი ცვეთითა და ტექნიკური მოუვლელობით (იხ. ტ. I, ს.ფ. 30-47). იგივე მიზეზებზე საუბრობს ექსპერტი დასკვნის კვლევით ნაწილში. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა მოსარჩელის სახლის დაზიანების მიზეზები - აფეთქებითი სამუშაოები, ასაკობრივი ცვეთა და ტექნიკური მოუვლელობა. ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია შესაბამისი ცოდნის მქონე ექსპერტის/დაწესებულების მიერ და მის მართებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არის სავარაუდო, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი.

34. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნებს, კომპანია „ე–ის“ მიერ 2017 წლის ივლისში შედგენილი დასკვნა - „აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ......ი მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისთვის“ ზოგადი ხასიათისაა და შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს და სამუშაოების წარმოების კონსულტაციას. აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის კვლევა (იხ. ტ. I, ს.ფ. 88-288); ხოლო, იმავე კომპანიის მიერ 2019 წლის 14 სექტემბერს შედგენილი №0717.1.049 ექსპერტიზის დასკვნა, მართალია, შედგენილია მოსარჩელის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, თუმცა იგი იმავე კომპანიის 2017 წლის ზოგადი ხასიათის დასკვნას ეფუძნება (იხ. ტ. II, ს.ფ. 32-35); შპს „ა-ს-ცენტრის“ 2019 წლის 04 ოქტომბრის №05/142 დასკვნა (იხ. ტ. II, ს.ფ. 13-29) კი შედგენილია მოსარჩელის კუთვნილი სახლის აღდგენისათვის საჭირო ღირებულების განსაზღვრის მიზნით და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიუთითებს დაზიანების რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნები, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონედ ვერ გამოდგება.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია მოპასუხის მიერ №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.

36. ამრიგად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენლობა (მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის), რაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

37. კასატორი, ასევე, სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (იხ. ტ. I, ს.ფ. 49-61) თანახმად, სახლის გამაგრება-შეკეთებისათვის აუცილებელი ხარჯი შეადგენს 13 498,04 ლარს. დასახელებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი დაზიანებების გამოსასწორებლად აუცილებელი სამშენებლო რესურსი და განსახორციელებელი სამუშაოები. მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება. ასეთად ვერ მიიჩნევა შპს „ა-ს-ც–ის“ მიერ 2019 წლის 04 ოქტომბერს შედგენილი №05/142 დასკვნა, რომელიც არის ზოგადი და დაუსაბუთებელი. მასში არ არის მითითებული, რის საფუძველზე მიიჩნევს ექსპერტი, რომ ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა გაზვიადებულია და შეიცავს ისეთი სახის სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობაც არ არსებობს.

38. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს არა მხოლოდ აფეთქებითი სამუშაოები, არამედ - ასაკობრივი ცვეთა და ტექნიკური მოუვლელობა, ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება თითოეული მათგანის პროპორციული წილი დამდგარ ზიანში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის [თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული; ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი] შესაბამისად, მართებულად განსაზღვრა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა (8000 ლარი).

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

41. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ №ას-1052-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-487-2019, 27 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-1765-2019, 23 ივლისი, 2020 წელი; №ას-508-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-105-2021, 02 აპრილი, 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის 70% – 280 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ს“ დაუბრუნდეს შპს „ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ი-ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ (ს.ნ. ...) მიერ 2020 წლის 23 ოქტომბერს №790 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 (ოთხასი) ლარის 70% – 280 (ორას ოთხმოცი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი