Facebook Twitter

საქმე №ას-1186-2020 27 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჭ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.ჭ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (960.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ს.კ. .....) მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში.

2. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მუდმივმოქმედი ფილიალი (შემდგომში - „მოპასუხის ფილიალი“) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის პროცესში ხდებოდა მიწისქვეშა აფეთქებები.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის ზიანის ანაზღაურების სახით - 15 287,26 ლარის დაკისრება.

4. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე სოფელ .....ში, მოსარჩელის კუთვნილი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოებდა №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. გვირაბის მშენებლობის პროცესი დაიწყო 2012 წლიდან და მიმდინარეობდა აფეთქებითი სამუშაოებით ისე, რომ არ იყო დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება. მიწისქვეშა აფეთქებები ხდებოდა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რამაც გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება. აღნიშნულის გამო დაზიანდა სახლები, მათ შორის, მოსარჩელის კუთვნილი სახლიც. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, სახლის აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს ესაჭიროება 15 287,26 ლარი.

5. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული გვირაბის მშენებლობისას მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოებით.

6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.

7. მხარეებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფლება, ხოლო მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 287,26 ლარის გადახდა.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

10. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მარტის საინჟინრო ექსპერტიზის №001771519 დასკვნის თანახმად, ,,ვიზუალური დათვალიერებით ხაშურის რაიონის სოფ. .....ში მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ხაშურის რაიონის სოფ. .....ში მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობაზე დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის (EMS-98) მიხედვით, მიეკუთვნება მე-2 ხარისხს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში (2012-2015 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფ. .....ში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფ. .....ში მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. .....ში მდებარე, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა №9 სარკინიგზი გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად“. კვლევა ჩაატარა ექსპერტმა, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის 31 წლიანი გამოცდილება (იხ. ტ. I, ს.ფ. 34-46).

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაეყრდნო საექსპერტოდ წარდგენილ შემდეგ წერილობით მტკიცებულებებს: 1. მოპასუხის ფილიალის დირექტორის წერილს (წერილის თანახმად, სოფ. .....ის ტარიტორიაზე №9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2012 წლის ივლისიდან); 2. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილს (წერილის თანახმად, 2011-2016 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრები დაფიქსირდა 2011 წლის 18 აგვისტოს (ამბროლაური, მაგნიტუდა 5.2) და 2016 წლის 12 ივლისს (დმანისი, მაგნიტუდა 5.0) და 3. სამთო-სამონტაჟო-აფეთქებითი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ე–ის’’ მიერ შესრულებულ დასკვნას ,,აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფ. .....ში მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი ეფუძნებოდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მობინადრეთა განცხადებებს, რაც მიუთითებდა დასკვნის სავარაუდო და არაკატეგორიულ ხასიათზე.

13. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები, ასევე, ის გარემოება, რომ 2011-2016 წლებში მიწისძვრა გამოსაკვლევ ადგილზე არ დაფიქსირებულა, იძლეოდა იმის დადგენის შესაძლებლობას, რომ დაზიანებები გამოწვეული იყო №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

14. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, არსებობდა თუ არა ასეთი დაზიანებები №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე და შემდგომ მოხდა თუ არა არსებული დაზიანებების დამძიმება, ეკისრებოდა მოპასუხეს, თუმცა მან აღნიშნული გარემოებები ვერ დაადასტურა. ამასთან, ვიდრე მოპასუხე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, მას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის. საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება.

15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი კომპანია ,,ე–ის“ დასკვნა ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნული დასკვნა არის ზოგადი ხასიათის და შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. მისი საშუალებით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისთვის.

16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, რადგან აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმის ფარგლებში, მას არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას და, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, რომ .....ის ტერიტორიაზე №9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, აფეთქებები დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, „ე–ის“ დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 09.10.2012 წლიდან. გარდა ამისა, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით.

17. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნას, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზებისა და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. ამასთან, დასკვნის თანახმად, ძნელი დასადგენია პროცენტული მაჩვენებელი, თუ რომელი მოვლენების ზემოქმედების შედეგად იყო გამოწვეული არსებული დაზიანებები: ასაკობრივი ცვეთის, ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების, მშენებლობის ნორმების დარღვევის, აფეთქებების შედეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვების. ამდენად, აღნიშნული დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე მაშინ, როცა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთი მიზეზი - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებული სამუშაოები.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოების უარყოფა.

19. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული ზიანის ოდენობის (15 287,26 ლარი) 10 000 ლარამდე შემცირებასთან დაკავშირებით.

20. სააპელაციო სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქმეში არსებული, ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი სადავო საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახლის სარეაბილიტაციო ხარჯი შეადგენს 15 287,26 ლარს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით გაქარწყლებული არ ყოფილა.

21. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ შპს ,,ა -ს-ც–ის" დასკვნას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იგი ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯებს. ამასთან, აღნიშნული დასკვნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიუთითებს, რომ ინდ. მეწარმე "ზ.გ–ძის" მიერ გაზრდილია შესასრულებელი სამუშაოები და მათი მოცულობები, რითაც, ასევე, გაზრდილია საშენი მასალებისა და შრომითი რესურსების ოდენობა. დასკვნა არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არ გამომდინარეობდა ინდ. მეწარმე "ზ.გ–ძის" დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნიდან და რატომ არ არსებობს მასში მითითებული სამუშაოების შესრულების აუცილებლობა.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 15 287,26 ლარს.

23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

24. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

24.1. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალით;

24.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავენ მოპასუხის ბრალს მოსარჩელის ქონების დაზიანებაში და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც სავარაუდო ხასიათი აქვს. მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და აგებულია მობინადრის განცხადებებზე. დასკვნა არ არის შესაბამისად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს კონკრეტული გამოკვლევებიდან და ოფიციალური ჩანაწერებიდან;

24.3. სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ .....ზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით აწარმოა კომპანია „ე–მა“, რათა განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე, აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნულ დასკვნას სამხარაულის ექსპერტი იყენებს მოპასუხის წინააღმდეგ და მასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებით გამოწვეული ზონის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. კერძოდ, აუცილებელია გეო-ტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. აღნიშნულ მსჯელობას კასატორი არ ეთანხმება;

24.4. მოსარჩელის კუთვნილი სახლი ძირითადად დაზიანებულია სიძველისა და ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად, რაც გარკვევით ჩანს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დართულ ფოტოსურათებზე. თუმცა, ექსპერტს აღნიშნულზე საერთოდ არ უმსჯელია;

24.5. მოპასუხემ თავისი პოზიციის დაცვის მიზნით ჩაატარა ექსპერტიზა. აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ მიერ 2019 წლის 18 ოქტომბერს შედგენილი დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აფეთქებასაშიში ზონის გარეთ; აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მოსარჩელის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით. ანალოგიურია შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 04 ოქტომბრის №05/141 დასკვნაც;

24.6. ამდენად, მოპასუხის მიერ წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავს მოსარჩელის ქონების დაზიანებაში მის ბრალეულობას;

24.7. შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნის თანახმად, ინდ. მეწარმე "ზ.გ–ძის" მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული რესურსული ხარჯთაღრიცხვა ძირითადად ნაწარმოებია არსებული ნორმატივების მიხედვით, მაგრამ გაზრდილია შესასრულებელი სამუშაოები და მათი მოცულობები, რითაც გაზრდილია საშენი მასალებისა და შრომითი რესურსის ოდენობა, საბოლოო ჯამში კი აღდგენითი ღირებულება. აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნიდან და მასში მითითებულია ისეთი სახის სამუშაოები, რომელთა შესრულების აუცილებლობა არ არსებობს;

24.8. შპს „ა-ს-ც–ის“ ექსპერტის მიერ ადგილზე შესწავლის საფუძველზე შედგენილ იქნა ხარჯთაღრიცხვა არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, ბზარების გამონოლითებით და საძირკვლის გამაგრებით, რომლის მთლიანმა აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 1355 ლარი. სამხარაულის დასკვნისგან განსხვავებით, აღნიშნული დასკვნა არ არის სავარაუდო, იგი კატეგორიულია და ნათლად ასახავს სახლისა და სახლის გარშემო არსებულ რეალურ სურათს.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

30. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი] და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება].

32. კასატორის ძირითადი პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასება-გამოკვლევას ემყარება. იგი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც სავარაუდო ხასიათი აქვს და არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები. შესაბამისად, არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით. სადავოა, ასევე, ზიანის ოდენობაც.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. იგი არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ამ ქმედების უშუალო შედეგს. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; №ას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; №ას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).

34. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

35. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე თავისი ფილიალის მეშვეობით სოფელ .....ში, მოსარჩელის კუთვნილი სახლის მიმდებარედ, რომელიც სადავო არ არის, რომ დაზიანებულია, აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - სახლის დაზიანებასა და აფეთქებით სამუშაოებს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკური ხასიათი და ის გარემოება, რომ ამ პერიოდში (2012-2015 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა სოფელ .....ში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს, იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ ექსპერტმა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანებების გამომწვევ მიზეზად სწორედ მოპასუხის ფილიალის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოები მიიჩნია. ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია შესაბამისი ცოდნის მქონე ექსპერტის/დაწესებულების მიერ და მის მართებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მისი შედგენისას ექსპერტი დაეყრდნო არა მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას და ვიზუალური დათვალიერების შედეგებს, არამედ საექსპერტოდ წარდგენილ არაერთ წერილობით დოკუმენტს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი; ასევე, ტ. I, ს.ფ. 36-47). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არის სავარაუდო და დაუსაბუთებელი.

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექპსერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარდგენის ვალდებულებამ მოპასუხის მხარეს გადაინაცვლა. შესაბამისად, სწორედ მას ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის კუთვნილი სახლი ძირითადად დაზიანებულია სიძველისა და ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად, რაც მან ვერ განახორციელა. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, გამოკვლეული იყო მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა, დაფიქსირებული იყო არსებული დაზიანებები და მშენებლობის პროცესში მიმდინარეობდა ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

37. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნებს, კომპანია „ე–ის“ მიერ 2017 წლის ივლისში შედგენილი დასკვნა - „აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ .....ში მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისთვის“ ზოგადი ხასიათისაა და შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს და სამუშაოების წარმოების კონსულტაციას. აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის კვლევა (იხ. ტ. I, ს.ფ. 86-286); ხოლო, იმავე კომპანიის მიერ 2019 წლის 18 ოქტომბერს შედგენილი №0717.1.050 ექსპერტიზის დასკვნა, მართალია, შედგენილია მოსარჩელის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, თუმცა იგი იმავე კომპანიის 2017 წლის ზოგადი ხასიათის დასკვნას ეფუძნება (იხ. ტ. II, ს.ფ. 42-45); შპს „ა-ს-ცენტრის“ 2019 წლის 04 ოქტომბრის №05/141 დასკვნა (იხ. ტ. II, ს.ფ. 11-27) კი შედგენილია მოსარჩელის კუთვნილი სახლის აღდგენისათვის საჭირო ღირებულების განსაზღვრის მიზნით და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიუთითებს დაზიანების რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნები, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონედ ვერ გამოდგება.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და მართებულად დაადგინა მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებსა და მოპასუხის მიერ №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებულ სამუშაოებს შორის.

39. ამრიგად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენლობა (მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის), რაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

40. კასატორი, ასევე, სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის (იხ. ტ. I, ს.ფ. 49-61) თანახმად, სახლის გამაგრება-შეკეთებისათვის აუცილებელი ხარჯი შეადგენს 15 827,26 ლარს. დასახელებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი დაზიანებების გამოსასწორებლად აუცილებელი სამშენებლო რესურსი და განსახორციელებელი სამუშაოები. მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება. ასეთად ვერ მიიჩნევა შპს „ა-ს-ცენტრის“ მიერ 2019 წლის 04 ოქტომბერს შედგენილი №05/141 დასკვნა, რომელიც არის ზოგადი და დაუსაბუთებელი. მასში არ არის მითითებული, რის საფუძველზე მიიჩნევს ექსპერტი, რომ ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა გაზვიადებულია და შეიცავს ისეთი სახის სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობაც არ არსებობს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ზიანის ოდენობაც (15 827,26 ლარი).

41. ამრიგად, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

43. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-1052-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-487-2019, 27 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-1765-2019, 23 ივლისი, 2020 წელი; №ას-508-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი;№ას-105-2021, 02 აპრილი, 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 764,36 ლარის 70% – 535,05 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ს“ დაუბრუნდეს შპს „ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ი-ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ (ს.ნ. .....) მიერ 2020 წლის 23 ოქტომბერს №788 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 764,36 (შვიდას სამოცდაოთხი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის 70% – 535,05 (ხუთას ოცდათხუთმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი