საქმე №ას-590-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.ყ–ი, ე.გ–ი, ა. ყ–ი, ა. ყ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ქ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ.ქ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი გ.ყ–ის, ე.გ–ის, ა. ყ–ისა და ა.ს ყ–ის (შემდეგში: მოპასუხეები ან კასატორები) მიმართ თანხის - 5100 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 566 ლარის გადახდა დაეკისრათ; და.რჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1 სარჩელის თა.ხმად, მოსარჩელემ ა. და გ.ყ–ებისაგან (მოპასუხეებისგან) 1999 წელს, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, 800 ლარად შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ხეხილის ბაღი გააშენა. მითითებული მიწის ნაკვეთი, 2018 წლის 14 დეკემბერს, შპს „კ.მ–ზე“ 5100 ლარად გასხვისდა. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ნასყიდობის საფასურის - 800 ლარის დაბრუნება, ასევე ხეხილის ბაღის გაშენებისათვის გაწეული ხარჯი - 2 566 ლარისა და გასხვისების დროისათვის არსებული გაუმჯობესების - 1734 ლარის გადახდა;
4.2 შესაგებლის თანახმად მოსარჩელე ნამდვილად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, თუმცა უკანონოდ, ვინაიდან არ დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებისა დადებისა და თანხის გადაცემის ფაქტი;
4.3 მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მიწის ნაკვეთის ნასყიდობის საფასურის - 800 ლარის გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოება;
4.4 მოსარჩელე მიუთითებდა ზეპირი ფორმით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, თუმცა სარწმუნო მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა უშუალოდ ნასყიდობის თანხის - 800 ლარის გადაცემის ფაქტი. მოწმეთა ჩვენებები მათი შინაარსის, ასევე მათი მხარეებთან დამოკიდებულების გათვალისწინებით, ვერ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება;
4.5 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 328.1-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ 1999 წლის მდგომარეობით მოქმედი სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციაზე განცხადების შეტანა შეეძლო როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს. იმავე პერიოდში მოქმედი 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებდა ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადაეცა სხვისთვის ან შეეძინა იგი, სანოტარო წესით უნდა დამოწმებულიყო;
4.6 მოსარჩელის განმარტებით 1999 წელს მოპასუხესთან დადო უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) ზეპირი ხელშეკრულება, რაც კანონის ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ამიტომ წარმოადგენდა ბათილ გარიგებას და მას არ შეიძლებოდა რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა;
4.7 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 164-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი კი ვალდებულია, აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ ამას ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. მითითებული ნორმით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ამ ნორმით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების არსებობა, კერძოდ: 1) უფლებამოსილი პირის გამდიდრების ფაქტის არსებობა, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარად უნდა დადგინდეს; 2) უფლებამოსილი პირის გამდიდრება უშუალოდ უნდა მოჰყვეს არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯებსა და გაუმჯობესებას; 3) ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესება მიმართული უნდა იყოს არსებულიდან უკეთესისაკენ და იგი უნდა ზრდიდეს ნივთის ღირებულებას. მხოლოდ ამ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ურთიერთობის მსგავს, მაგრამ უფრო დაზუსტებულ რეგულაციას ადგენს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, რომლითაც განსაზღვრულია პირის მიერ შეგნებულად ან შეცდომით საკუთარ ინტერესებში, მაგრამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი და.ხარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამასთან ამავე მუხლის მეორე ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი;
4.8 სააპელაციო სასამარათლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების არამართლზომიერ/არაკეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენდა, რამდენადაც არ დგინდებოდა მისი მფლობელობის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წინაპირობების არსებობა. უფრო მეტიც, რადგანაც საქმე უძრავ ქონებას შეეხება, პირის სუბიექტური დამოკიდებულება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების თაობაზე არ შეიძლება კეთილსინდისიერად შეფასდეს, ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრება რეგისტრაციაუნარიანი უფლებაა (სსკ-ის 311.1 მუხლი). ამდენად, მფლობელობის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 164-ე მუხლი და 987-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სარჩელის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა:
- არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ქონებაზე უნდა გაწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით);
- ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი;
- ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს (იხ. სუსგ Nას-1286-2018, 3.06.2019 წ.);
4.9 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 დეკემბრის N009008918 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტზე (გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......., ს/კ .......) 125 ძირი ატამი, მდგომარეობის გათვალისწინებით არის 6 წლის, მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობა687.5 კგ-ს შეადგენს, 63 ძირი ატამი არის 3 წლის, მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობა შეადგენს 157.5 კგ-ს, 40 ძირი ქლიავი არის 6 წლის, მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობა 640 კგ-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობის ბაღის გაშენება-მოვლის საჭირო ხარჯის ჯამი საორიენტაციოდ 2 566 ლარს შეადგენს. -ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ბაღის გაშენებისა და მოვლისათვის საჭირო ხარჯი 2 566 ლარით უნდა განისაზღვროს;
4.10 სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის გაუმჯობესების და ბაღის გაშენება-მოვლისათვის გაწეული ხარჯის 2566 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა;
4.11 რაც შეეხება 1734 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს შეფასებით დაუსაბუთებელია და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, სარჩელში მითითებულია, რომ 1734 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიღებული - 5100 ლარის გათვალისწინებით, როგორც მიღებულ სარგებელს (ნასყიდობის ფასი) გამოკლებული დანახარჯები (800+2566=3366; 5100-3366=1734). დადგენილია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით ნასყიდობის ფასის - 800 ლარის გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოება არ დადასტურდა, შესაბამისად ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც შეეხება 2566 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნას, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეებს მიწის ნაკვეთის გაუმჯობესების - ბაღის გაშენება-მოვლისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურება დაეკისრათ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა მოთხოვნა მითითებული თანხების ჯამის და მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის სხვაობის - 1734 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
6. კასატორთა მითითებით სასამართლომ ნაცვლად სსკ-ის 980-ე მუხლისა გამოიყენა 987-ე მუხლი, რაც დაუსაბუთებელი და უკანონოა. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე ქონებას წლების განმავლობაში ფლობდა და უსაფუძვლოდ მიაჩნდა იგი როგორც სამუდამოდ შეძენილი. მხარეებს შორის არ ყოფილა უძრავი ქონების შეძენის შესახებ წერილობით დადებული გარიგება და იგი არ დარეგისტრირებულა რეესტრში, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ ქონების სამუდამოდ შეძენილად მიჩნევის შესაძლებლობას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა.მდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა.მდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 2566 ლარის მართლზომიერება, თუმცა ამ მიმართულებით კასატორებს საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენიათ. ისინი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილთა უსაფუძვლობაზე მიუთითებენ, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და, შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული.
11. მფლობელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 164-ე მუხლი და 987-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სარჩელის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა (იხ. სუსგ-ები: N ას-1286-2018, 03.06.2019 წ; N ას-1163-2018, 08.02.2019წ; N ას-673-637-2018, 08.02.2019წ; N ას-582-582-2018, 28.12.2018წ.):
- არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ქონებაზე უნდა გაწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით);
- ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი;
- ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს.
12. საკასაციო სასამართლო უპირველესად სამოქალაქო სამართალში დადგენილ მტკიცების ტვირთზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
13. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს არაკვალიფიციური საკასაციო საჩივარი აქვთ წარმოდგენილი, რაც მის წარმატებას გამორიცხავს. მოცემულ საქმეზე რომ მოსარჩელემ (მფლობელმა) სასამართლოს წარუდგინა სადავო მიწის ნაკვეთზე ხეხილის ბაღის გაშენების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია შემოსავლის ოდენობა, რასაც ხეხილის ბაღი იძლევა, ასევე, ხარჯი, რაც მოსარჩელემ მის გასაშენებლად გასწია, რის საწინააღმდეგოდ მოპასუხეებს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენიათ. მოპასუხეებმა ვერ დასძლიეს მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოების უარყოფის მტკიცების ტვირთი, რაც მათი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველია.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ყ–ის, ე.გ–ის, ა. ყ–ის და ა. ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ყ–ს (პ/ნ ....), ე.გ–ს (პ/ნ .....), ა. ყ–ს (პ/ნ 5........) და ა. ყ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ე.გ–ის (პ/ნ ......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N11286303326, გადახდის თარიღი 2021 წლის 26 ივლისი), 70% –105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური