№ას-1532-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ჯ.ფ.კ.ჯ.“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ო.ნ–ძე, ნ.ნ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით:
- შპს „ჯ.ფ.კ.ჯ–ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი ო.ნ–ძის (შემდეგში პირველი მოპასუხის) მიმართ დაკმაყოფილდა;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 45 600 აშშ დოლარის გადახდა;
- დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ნ.ნ–ძის (შემდეგში მეორე მოპასუხის) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ......
- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, დადგინდა აღსრულების მიქცევა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ უძრავ ქონებაზე.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ნ. და ო.ნ–ძეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, ასევე მის მიერ დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
6. 2018 წლის 6 ნოემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და განმარტა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
9. საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
10. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მოსარჩელის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიაზე წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.ფ.კ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პ. ქათამაძე