Facebook Twitter

ას-834-2021

06 ოქტომბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ.მ–ძე, ნ.ა–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ხ–ძე, ლ.ქ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ხ–ძემ (შემდეგში მოსარჩელემ) და ე.უ–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ.ე–ძის, ი.ე–ძის, ნ.ა–სა და ნ.მ–ძის (შემდეგში – მოპასუხეების) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

2. სარჩელი დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1993 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ე.უ–მა, ლ.ფ–ამ და ა.ნ–ამ შეიძინეს უძრავი ქონება - სურსათის მაღაზია №53. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა №23/60, დამოწმების თარიღი - 30.11.1993. უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, ე.უ–ი და ლ.ფ–ა წავიდნენ საზღვარგარეთ. 2002 წელს გარდაიცვალა ა.ნ–ა, გარდაიცვალა ლ.ფ–აც. მოპასუხეებმა ისარგებლეს მესაკუთრეების არყოფნით და შესახლდნენ მოსარჩელეების კუთვნილ ფართში. 2017 წელს მოსარჩელე ე.უ–მა უძრავი ქონების 2/3 ნაწილი დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, ხოლო 2018 წელს 1/3 წილი საჯარო რეესტრში აღირიცხა ა.ნ–ას მეუღლის, მ.ხ–ძის სახელზე. უძრავი ქონება დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და უარს ამბობენ ფართის გათავისუფლებაზე. 2019 წლის 23 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე.უ–ის წილი შეიძინა ლ.ქ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელემ), რომელიც სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინების საფუძველზე ცნობილი იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.

3. მოპასუხეებმა ვ.ე–ძემ და ი.ე–ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არიან სოციალურად დაუცველები. სადავო ფართი წარმოადგენდა მიტოვებულ სათავსს, რომელსაც არ გააჩნდა კარები, ფანჯრები, იატაკი. ამხანაგობის წევრთა ნებართვით 2000 წლიდან შევიდნენ სათავსში საცხოვრებლად და ფართი მოიყვანეს საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში. გარდა ამისა, მათ დაკავებული აქვთ 97.67 კვ.მ. ფართი, ხოლო მოსარჩელეებს რეგისტრირებული აქვთ 210 კვ.მ. მოსარჩელეთა ფართი არ არის იდენტიფიცირებული და პრეტენზია ამ დრომდე მათ არასდროს გამოუთქვამთ.

4. მოპასუხეებმა ნ.მ–ძემ და ნ.ა–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ისინი არ არიან უკანონოდ შეჭრილები სადავო ფართში. მათ მრავლჯერ სცადეს აღნიშული ფართისთვის პრივატიზების გაკეთება და იცოდნენ, რომ სადავი ბინა არ ირიცხებოდა არავის სახელზე. ამასთან, მათ გარკვეულწილად სადავო ფართი გააუმჯობესეს, რომელიც იყო უპატრონოდ მიტოვებული კარებების, ფანჯრების და იატაკის გარეშე. მოპასუხეებმა ასევე განმარტეს, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობენ მისამართზე: ქ. თბილისი, ........, კორპუსი №414, ბინა №241ა, ფართი - 87.84 კვ.მ. ნ.მ–ძემ აღნიშნული ქონება ინდივიდუალურ საკუთრებაში მიიღო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,....“-ისგან. გარდა ამისა, მოსარჩელეების ფართი არ არის ზუსტად იდენტიფიცირებული და მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ, რომ სწორედ მათ ფართს ფლობენ მოპასუხეები.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......, კორპ. 414, პირველი სართული, არასაცხოვრებელი ფართი 121ა, საკადასტრო კოდი: ..... და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.ე–ძემ, ნ.ა–მა და ნ.მ–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. 2020 წლის 23 სექტემბერს თ.ჯ–ძის წარმომადგენელმა იშუამდგომლა ლ.ქ–ძისა და მ.ხ–ძის უფლებამონაცვლედ თ.ჯ–ძის ცნობის შესახებ, ვინაიდან, სადავო უძრავი ქონება 2020 წლის 23 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ.ჯ–ძის სახელზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით თ.ჯ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმყოფილდა; სამოქალაქო საქმეზე N2ბ/2653-20, ლ.ქ–ძისა და მ.ხ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ.ჯ–ძე.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა და ა.შ) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძველი იყო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის ცვლილება. შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს წარმოუდგინა 2021 წლის 24 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო თ.ჯ–ძის საკუთრების უფლება; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა 2020 წლის 23 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას შეეხებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში უფლებამონაცვლეობა იყო დასაშვები და შუამდგომლობა უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ნ.მ–ძემ და ნ.ა–მა და მოითხოვეს განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

11. კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილში დაკონკრეტებულია თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლეობის დადგენა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან და ნორმიდან გამომდინარე არ იკვეთება უფლებამონაცვლეობის დადგენის საჭიროება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის ცვლილებისას უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი.

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძვლის არარსებობის შესახებ და განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები მოწესრიგებულია სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

15. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-1136-1082-2014, 22.12.2014).

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით, კერძოდ, სსკ-ის 172-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელის უფლებამონაცვლეს (რომელიც სადავო უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა) უფლება აქვს, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება. ამდენად, მესაკუთრის უფლება სსკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, არ უკავშირდება მხოლოდ წინამორბედ მესაკუთრეს და ახალ მესაკუთრეს შეუძლია, ამ უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა წაუყენოს მოპასუხეებს.

17. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სრულიად მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლა საპროცესო უფლებამონაცვლეობის წარმოშობის საფუძველია.

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ძისა და ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი