Facebook Twitter

ას-919-2021

06 ოქტომბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ი.ი–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ.ე.კ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 25 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სს მისო „ე.კ–მა“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელემ) და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35618-ე მუხლის თანახმად საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (ს/ფ 2-5). განმცხადებლის განმარტებით, 2017 წლის 5 დეკემბერს შპს მისო „ე.კ–სა“ და უ.კ–ძეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზისა და გირავნობის შესახებ №DLE17026739, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 5 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო შეთანხმება №DLE17026739 და მსესხებელს - უ.კ–ძეს გადაეცა სესხის სახით 13 423 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი შემდეგი ტექნიკური მონაცემებით: მარკა/მოდელი: HONDA FIT HYBRID, სარეგისტრაციო ნომერი: WW425HH, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №...... საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, გადაეხადა სესხი საკრედიტო შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სესხზე წლიური 60.0912%-ის ოდენობით სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, შპს მისო „ე.კ–სა“ და ი.ი–ს შორის 2017 წლის 5 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, თავდებმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, ასევე სარგებლის, პირგასამტეხლოს და სხვა დამატებითი ხარჯების ნაწილში. ვინაიდან, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იყო საკმარისი ვალდებულების სრულად შესასრულებლად, მოპასუხეებს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ კვლავ ერიცხებათ დავალიანება.

2. განმცხადებლის მითითებით, ვინაიდან, მოპასუხე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ი.ი–ი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს გაასხვისებს ან/და იპოთეკით დატვირთავს კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე და აღარ იარსებებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. განმცხადებელი ითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618 მუხლის შესაბამისად, ი.ი–ისათვის, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისში, ...., „ე–ა“, საკადასტრო კოდი: .... რაიმე სახის განკარგვის აკრძალვას (გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით სს მისო „ე.კ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი.ი–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..... „ე–ა“ ს/კ ..... გასხვისება.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დავის საგანია დავალიანების დაფარვა 4 444.29 ლარის ოდენობით. დავალიანების გადახდაზე პასუხისმგებელნი იყვნენ მსესხებელი უ.კ–ძე და თავდები ი.ი–ი. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგანი საჭიროებდა დაცვას და მოვალის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში, კრედიტორი ვერ განახორციელებდა საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული თანხის დაბრუნებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკმარისი იყო, ი.ი–ს აკრძალვოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისება, ხოლო უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, არ მიიჩნია მიზანშეწონილად.

5. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ი.ი–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი დიდია და თვითონაც აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას საპროცენტო განაკვეთის გონივრულ ფარგლებში შემცირების მოთხოვნით, შესაბამისად, შესაძლოა საარბიტრაჟო სარჩელი არ დაკმაყოფილდეს და გაუმართლებელი აღმოჩნდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. საჩივარში ასევე მითითებულია, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა, თუ რა ღირებულების ქონებაზე ითხოვდა ყადაღის დადებას 4 444.29 ლარის უზრუნველსაყოფად, ხოლო უძრავი ქონების ღირებულება იმდენად აღემატება აღნიშნული თანხის ოდენობას, რომ სათანადო გარანტიის გარეშე სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებულად გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება, ამასთან, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ მინიმალური დოზით ზღუდავს მოვალე მესაკუთრის უფლებას, ვინაიდან, უკრძალავს უძრავი ქონების მხოლოდ გასხვისებას და სხვა სანივთო-სამართლებრივი უფლებები არ იზღუდება. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას, საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შესახებ, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოებები საქმის არსებითი განხილვის დროს უნდა დადგინდეს და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე არ ხდება მათი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ გამოყენებული უზრუნველყოფა მიიჩნია ადეკვატურ და თანაზომიერ საშუალებად და მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსიდან გამომდინარე, გამოყენებული უზრუნველყოფის სახის დავის საგანთან ადეკვატურობა არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე დარჩეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის

10. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

11. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხაზისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით, ასევე თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით ირკვევა, რომ დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ კერძო არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვაზე. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი.

13. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ Nას-970-2019, 19.07.2019წ.).

14. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

15. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

16. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

17. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

18. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

19. მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს განმცხადებელსა და თავდებ ფიზიკურ პირს შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, თავდებმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, ასევე სარგებლის, პირგასამტეხლოს და სხვა დამატებითი ხარჯების ნაწილში (2017 წლის 5 დეკემბრის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლი). განმცხადებელი მიუთითებდა, რომ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 4 444.29 ლარს, რომლის უზრუნველსაყოფადაც სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერია. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც სადავო აკრძალვის უკანონობას დაადასტურებს.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი დიდია და თვითონაც აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას საპროცენტო განაკვეთის გონივრულ ფარგლებში შემცირების მოთხოვნით, შესაბამისად, შესაძლოა საარბიტრაჟო სარჩელი არ დაკმაყოფილდეს და გაუმართლებელი აღმოჩნდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობის დროს სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობასა და მის დასაბუთებულობას, მხოლოდ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ თავდებმა ფიზიკურმა პირმა, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

22. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა, თუ რა ღირებულების ქონებაზე ითხოვდა ყადაღის დადებას 4 444.29 ლარის უზრუნველსაყოფად, ხოლო უძრავი ქონების ღირებულება იმდენად აღემატება აღნიშნული თანხის ოდენობას, რომ სათანადო გარანტიის გარეშე სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერების შესახებ, მითუმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მხოლოდ გასხვისების აკრძალვა, ხოლო უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, სწორედ მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, არ დააკმაყოფილა.

23. ამასთან, სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

24. ამდენად, კანონმდებელი უშვებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას როგორც სასამართლოს, ისე მხარის ინიციატივითაც.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის სასამართლოს ინიციატივით გამოყენების საფუძველი, ხოლო მხარის დასაბუთებული შუამდგომლობა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ, წარდგენილი არ ყოფილა.

26. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინებაში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. სუსგ: # ას-54-2019, 06.06.19 წ.).

27. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ი–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი