Facebook Twitter

საქმე №ას-535-2020 5 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ. ა–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.12.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „საკრებულო“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ. ა–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“, „ს.კ." ან „მზღვეველი“) მიმართ სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანისა და ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 29.12.2015 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №7 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც „ხელშეკრულება“), რომლითაც საკრებულომ საკუთარ ბალანსზე რიცხული ავტომანქანები მოპასუხე ს.კ–ში დააზღვია. მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, დამზღვევის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე, აენაზღაურებინა ხანძრით ან თვითაალებით გამოწვეული ავტოტრანსპორტის დაზიანების ან განადგურების შედეგად დამდგარი ზიანი.

2.2. 27.02.2016 წელს ქ. თბილისში, .... მიმდებარედ, თვითაალების შედეგად დაზიანდა საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული ერთ-ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება - KIA OPTIMA, სახელმწიფო ნომრით : .... (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც „ავტომანქანა“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“). მანქანის ელექტროობა იყო წესრიგში. შემთხვევის დადგომამდე ავტომანქანა მთელი დღის განმავლობაში გამართულად მუშაობდა, ცეცხლი გაჩერებულს გაუჩნდა, დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდგომ, დაახლოებით 5 საათში.

2.3. მოპასუხემ უარი განაცხადა შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანა დაზიანდა ელექტროობის გაუმართაობით, რაც ხელშეკრულების N1 დანართის მე-5 მუხლის 5.9 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისია და არ ექვემდებარება ანაზღაურებას. სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გაჩერებული მანქანის თვითაალების, ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყო „ელექტროსადენების გადატვირთვა“ და არა „ელექტროობის გაუმართაობა“, რომელთა გაიგივებაც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან არასწორია.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა ელექტროობის გაუმართაობის გამო, რაც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისს და ს.კ.ს არ წარმოუშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.02.2018წ. გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის - 18280 ლარისა და პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების შესრულებამდე, 18280 ლარის 0,01%-ის ანაზღაურება.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.12.2019წ. განჩინებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. 29.12.2015 წელს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საკრებულომ აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები დააზღვია (ტ.1., ს.ფ. 16-23).

6.2. 01.06.2016წ. სადაზღვევო პოლისის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის თვითაალებისთვისაც ითხოვს მოსარჩელე თანხას, სადაზღვევო თანხა მისი ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში 18 280.60 ლარით განისაზღვრა (ტ.1., ს.ფ. 78).

6.3. ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის მიხედვით, ავტომანქანის სრული დაზღვევა ითვალისწინებს - ავტომობილის დაზიანებას ან განადგურებას, რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, თვითაალებით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებებით, ან უბედური შემთხვევით. ამავე ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის შემსყიდველს/მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების - 0,1%.

6.4. დაზღვევის პირობების N1 დანართის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულების საგანია დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა მზღვეველის მიერ წინამდებარე პირობების შესაბამისად დამზღვევის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე შემდეგი სადაზღვევო რისკებისაგან: ავტოტრანსპორტის დაზიანება ან განადგურება, რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, თვითაალებით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით. ამავე დანართის 5.9 პუნქტის მიხედვით, მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას ანაზღაურებაზე, თუ დანაკარგი, დაზიანება ან პასუხისმგებლობა გამოწვეულია ცვეთით, მექანიკური, პროგრამული ან ელექტროობის გაუმართაობით (ტ.1., ს.ფ. 24-26).

6.5. 27.02.2016 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული ერთ-ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

6.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 18.03.2016წ. ექსპერტის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომანქანაზე დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 19 000 ლარს (ტ.1., ს.ფ. 30-33) .

6.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 30.03.2016წ. ექსპერტის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ნამწვის ნიმუშსა და ანაწმენდებზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი. ელექტრონული ფოტომასალის შესწავლისა და შემთხვევის ადგილის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქ.თბილისში, .... მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ ავტომანქანაზე ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანის ძრავის განყოფილებაში წინა მარცხენა მხარეს აკუმულატორთან. შემთხვევის ადგილის შესწავლისა და კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ავტომანქანაში ხანძრის გაჩენა დაკავშირებულია ელექტროტექნიკურ მიზეზებთან, კერძოდ, ელექტროსადენების გადატვირთვასთან (ტ.1., ს.ფ. 34-52). სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 18.07.2016წ. დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებითა და ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე ავტომანქანაში ხანძრის გამომწვევი ტექნიკური მიზეზია ძრავის საწვავის მიმწოდებელი იმპულსური სარქველების (მეოთხე სარქველი) მკვებავ ელექტროსადენების მიერთების ადგილზე დიდი გარდამავალი წინაღობის წარმოქმნა; შემთხვევის ადგილის გამოკვლევით, ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებითა და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების (კვლების) გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე, ხანძრის გაჩენის კერა, ანუ არაკონტროლირებადი წვის პირველადი წარმოშობის ადგილი, დაფიქსირდა ავტომობილის ძრავის ნაკვეთურის შუა ნაწილში, ძრავის საწვავის მიმწოდებელი იმპულსური სარქველების (მეოთხე სარქველის) განთავსების ზონაში; ხანძრის გაჩენა ავტომობილში ცეცხლის განზრახ წაკიდებით და საწვავი სისტემის ავარიულ რეჟიმში მუშაობის გამო, მოცემულ შემთხვევაში, გამორიცხულია (ტ.1., ს.ფ. 96-112 ). სააპელაციო სასამართლომ არარელევანტურად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ შემთხვევა დასკვნების მიხედვით შეფასებულია როგორც ხანძარი, ვინაიდან ხანძარი შეიძლება გაჩნდეს თვითაალების შედეგადაც.

6.8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ზიანის საგამონაკლისო შემთხვევების შედეგად დადგომა. შესაბამისად, არსებობდა ზიანის შეთანხმებული ოდენობით (18 280 ლარი) ანაზღაურების საფუძველი.

6.9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

7.1. ხელშეკრულების N1 დანართის მე–5 მუხლის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია, უარი თქვას დანაკარგის, დაზიანების ან პასუხისმგებლობის ანაზღაურებაზე, თუ ის გამოწვეულია ცვეთით, მექანიკური, პროგრამული ან ელექტროობის გაუმართაობით. აღნიშნული მუხლით გამონაკლისია არა უშუალოდ ცვეთა, მექანიკური, პროგრამული ან ელექტროობის გაუმართაობა, არამედ მათი მიზეზით გამოწვეული დანაკარგი, დაზიანება ან პასუხისმგებლობა. სააპელაციო სასამართლოს ხელშეკრულება უნდა განემარტა მისი პირობებისა და გამონაკლისების კომპლექსური და გონივრული განსჯის შედეგად.

7.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს და განმარტეს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. ელექტროგაყვანილობაზე ცეცხლის გაჩენა დაკავშირებულია ელექტროგაყვანილობის გაუმართაობასთან.

7.3. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობის არსებობა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი (ნ. მოწონელიძე, სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი, 2016, გვ.17).

12. მოცემულ საქმეში, სარჩელის საგანს წარმოადგენს დამზღვევისათვის მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 799-ე მუხლი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე კოდექსის 820-ე და 821-ე მუხლების თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

13. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, არასწორად განმარტეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები და უსაფუძვლოდ მიიჩნიეს საგამონაკლისო მიზეზით გამოწვეული ავტომობილის დაზიანება სადაზღვევო შემთხვევად.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11.03.2016წ.). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30.10.2015წ.).

15. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ №ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ.).

16. მხარეებს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს ავტომობილის დაზიანება ან განადგურება გამოწვეული ხანძრით ან თვითაალებით; გამონაკლისის სახით მზღვეველს უფლება ეძლევა, უარი თქვას აანაზღაუროს დანაკარგი, დაზიანება ან პასუხისმგებლობა, თუ ეს გამოწვეულია ელექტროობის გაუმართაობით (ტ.1., ს.ფ.16-26). სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნასა (ტ.1., ს.ფ. 34-52) და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 18.07.2016წ. დასკვნაზე (ტ.1, ს.ფ. 96-112) დაყრდნობით დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანი არ არის გამოწვეული მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საგამონაკლისო შემთხვევით. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

18. ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1013.64 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 709.55 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ. ა–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „ს.კ. ა–ას“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1013.64 ლარის (საგადახდო დავალება №202, გადახდის თარიღი 10.08.2020წ.) 70% – 709.55 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია