საქმე №ას-546-2020 26 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ყ–ძე, ი.გ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2020წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ხ.ს–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ყ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და ი.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 5635 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 01.08.2016 წელს მოსარჩელემ იძულებით აუქციონზე შეიძინა მ.ყ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე“ ან „მსესხებელი“) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ..... (შემდეგში „უძრავი ქონება“). უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის უკანონო მფლობელობიდან ნივთის ვინდიცირების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, აღსრულების პოლიციის დახმარებით 28.04.2017 წელს შედგა სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი, რის შემდეგაც უძრავი ქონება გადავიდა მოსარჩელის მფლობელობაში. 2017 წლის მაისის თვის დასაწყისში მოსარჩელის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეიჭრნენ მოპასუხეები. აღნიშნულ ფაქტზე 18.05.2017 წელს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეებმა აღიარეს მოსარჩელის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეჭრის ფაქტი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ მიიღო შესაბამისი განაჩენი.
2.2. მოსარჩელის მიერ შეძენილ უძრავ ქონებას გადაჰყვა ვალდებულება, კერძოდ, ნ.ც–ის (შემდგში „გამსესხებელი“) სასარგებლოდ არსებული სამი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოსარჩელე აპირებდა უპროცენტო სესხის აღებას, უძრავი ქონების იპოთეკითა და ბინით სარგებლობის უფლებით დატვირთვას და ამ გზით ზემოაღნიშნული დავალიანების გასტუმრებას, რაშიც ხელი შეუშალა უძრავი ქონების მოპასუხეების მიერ ხელყოფამ. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა გამსესხებლისათვის გადაეხადა 14 თვის საპროცენტო სარგებელი (2017 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ივნისის თვემდე), საერთო ჯამში 5635 აშშ დოლარი. მოპასუხეებს უკანონოდ რომ არ დაეკავებინათ უძრავი ქონება, მოსარჩელე თავს აარიდებდა საპროცენტო სარგებლის გადახდას. ამრიგად, საპროცენტო სარგებლის სახით მოსარჩელის მიერ 14 თვის განმავლობაში გადახდილი 5635 აშშ დოლარი არის ის ზიანი, რომელიც მოსარჩელეს მოპასუხეთა ქმედების შედეგად მიადგა.
3. შესაგებლის საფუძვლები:
მეორე მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონება სარგებლიანი სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო იპოთეკით. მოსარჩელემ გასწია რისკი და შეიძინა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი. არ არსებობს ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.07.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5635 აშშ დოლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. მოსარჩელემ გამსესხებელთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელემ გამსესხებელს გადაუხადა 14 თვის სარგებელი 2017 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ივნისის თვემდე, რამაც ჯამურად შეადგინა 5635 აშშ დოლარი.
4.2. მოსარჩელეს არ მოუწევდა ზემოაღნიშნული თანხის გადახდა, მას რომ ჰქონოდა უძრავი ქონების განკარგვის შესაძლებლობა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
6.1. 08.08.2016 წლიდან უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად.
6.2. 28.04.2017 წლის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 21.10.2016 წელს გაცემული №2/26204-15 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ქონების მოსარჩელის მფლობელობაში გადაცემის მიზნით, აღიწერა ბინაში არსებული მოძრავი ნივთები.
6.3. მსესხებელსა (უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე) და გამსესხებელს შორის (31.08.2015წ.; 28.10.2015წ.; 17.11.2015წ.) გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებას. ამ მიზნით მოსარჩელემ გამსესხებელს გადაუხადა 14 თვის სარგებელი, 2017 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ივნისის თვემდე, რამაც ჯამურად შეადგინა 5635 აშშ დოლარი.
6.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომ ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები გაფორმდა მოსარჩელესა და გამსესხებელს შორის. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არ დასტურდება, რომ მოსარჩელესა და გამსესხებელს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. აღნიშნული ფაქტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 17.01.2020 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზეც უარყვეს მხარეებმა.
6.5. ვინაიდან მოდავე მხარეებს შორის არ არსებობს ხელშეკრულება, დავა განხილულ უნდა იქნეს დელიქტური ვალდებულების ჭრილში. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენის მიზნით უნდა შემოწმდეს შემდეგი წინაპირობების არსებობა: ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ბრალეულობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანს) შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობა უნდა დაამტკიცოს მოსარჩელე მხარემ.
6.6. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მოპასუხეთა ბრალეულობის საკითხი. კერძოდ, თუ რამდენად სავარაუდო იყო მათთვის ის ზიანი, რომელიც მოსარჩელე მხარემ განიცადა. ამ თვალსაზრისით უნდა დადგინდეს იყვნენ, თუ არა მოპასუხეები ინფორმირებულნი, რომ მოსარჩელე აპირებდა უძრავი ქონების სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვას (უპროცენტო სესხითა და იპოთეკით დატვირთვას ბინის სარგებლობის უფლებით) და ამ გზით გამსესხებლისათვის დავალიანების გასტუმრებას, პროცენტიანი სესხის უპროცენტო სესხით ჩანაცვლებას და შედეგად, დამატებითი პროცენტების გადახდისგან თავის არიდებას.
6.7. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებული არცერთი მტკიცებულება, რომ მოპასუხეთათვის ცნობილი იყო მოსარჩელის განზრახვა, უძრავი ქონების სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვის შესახებ. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა 09.11.2017 წლის წინარე შეთანხმება, რომელიც დადებულია თ.წ–სა და მოსარჩელეს შორის, თუმცა იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხეთათვის ცნობილი იყო მითითებული შეთანხმების შესახებ, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამასთან, მოსარჩელე მოპასუხეებისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 2017 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ივნისამდე, მითითებული შეთანხმება კი დადებულია 09.11.2017 წელს, ანუ ზიანის მოთხოვნილი პერიოდიდან (აპრილის თვიდან) შვიდი თვის შემდგომ, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წინარე შეთანხმება არ არის რელევანტური და სამართლებრივად წონადი მტკიცებულება მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობის დასადასტურებლად.
6.8. იპოთეკარმა - გამსესხებელმა განახორციელა იძულებითი აღსრულება. მოსარჩელემ 2016 წლის აგვისტოს თვეში აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, რომელსაც აუქციონის შემდგომ გადაჰყვა სანივთო უფლება, კერძოდ, იპოთეკა 2015 წლის 31 აგვისტოს, 2015 წლის 28 ოქტომბრისა და 2015 წლის 17 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მოსარჩელეზე ბინა გადავიდა, როგორც სანივთო, ასევე ვალდებულებითი უფლებითაც დატვირთული, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობისას იძულებითი აღსრულების შედეგად ქონების აუქციონზე რეალიზაციისას სასესხო ურთიერთობა არ მიჰყვება ნივთებს. სასესხო ურთიერთობაში რჩებიან მსესხებელი და გამსესხებელი. ნივთს გადაჰყვება მხოლოდ სანივთო უფლება - იპოთეკა.
6.9. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ გამორიცხავს მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების სავარაუდოობას. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობა ჰქონდა მსესხებელს. მსესხებელი იყო ვალდებული გადაეხადა გამსესხებლისაგან ნასესხები თანხა. ამიტომ, მოპასუხეთათვის ვერ იქნებოდა ცნობილი ის ფაქტი, რომ მოსარჩელე აპირებდა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ვალდებულების შესრულების მიზნით უძრავი ქონების უპროცენტო სესხითა და იპოთეკით დატვირთვას. აღნიშნული გარემოება დამდგარი ზიანის მიმართ მოპასუხეთა ბრალეულობას გამორიცხავს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
7.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა ბრალეულობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 06.06.2018 წლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეებმა ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, უფრო მეტიც, თავად აღიარეს ბრალი, სრულად ცნეს თავი დამნაშავედ მოსარჩელის კანონით დაცული ინტერესის ხელყოფაში.
7.2. როგორც 09.11.2017 წლის წინარე შეთანხმებით, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დასტურდება, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო იმ გარემოების თაობაზე, რომ მოსარჩელე აპირებდა უძრავი ქონების სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვას და ამ გზით იპოთეკარის (გამსესხებლის) სასარგებლოდ არსებული იპოთეკების გაუქმებას. სააპელაციო პალატას სულ მცირე ოთხთვიან პერიოდზე მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეთათვის 5635 აშშ დოლარის ნაცვლად, მინიმუმ 1610 (402.5 x 4) აშშ დოლარის გადახდა მაინც უნდა დაეკისრებინა.
7.3. მოსარჩელესა და თ.წ–ს შორის 09.11.2017 წელს ნოტარიულად დადებული წინარე ხელშეკრულება არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მათ შორის მანამდე ზეპირი შეთანხმება არსებობდა (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი). თუმცა, თუ სააპელაციო პალატა მიიჩნევდა, რომ შეთანხმება ვერ ადასტურებდა 2017 წლის აპრილის თვიდან 2017 წლის ნოემბრამდე მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობას, მას შეეძლო აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრებინა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისის თვემდე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-1601-2018, 11.03.2021წ.).
12. მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც გამსესხებელსა და უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეს (მსესხებელს) შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან (31.08.2015წ.; 28.10.2015წ.; 17.11.2015წ.) წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სამჯერ იყო დატვირთული იპოთეკით. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, მოპასუხეებისათვის, როგორც უძრავი ქონების უკანონო მფლობელებისათვის, მის მიერ 2017 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ივნისის თვემდე გამსესხებლისათვის პროცენტის სახით გადახდილი თანხის - 5635 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრებას (მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის გადახდა წინამდებარე დავის მოპასუხეთა მხრიდან შედავებული არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა აღნიშნულ პერიოდში სარგებლის გადახდაზე მსესხებლის ვალდებულების არსებობა).
13. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ იძულებითი აღსრულების შედეგად ქონების აუქციონზე რეალიზაციისას ნივთს გადაჰყვება მხოლოდ სანივთო უფლება - იპოთეკა და არა - სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის სანივთო უფლების აქცესორული ბუნება ნიშნავს არა იპოთეკით უზრუნველყოფილი საგნის შეძენის შემთხვევაში ვალდებულების შემძენზე გადასვლას, არამედ იპოთეკის არსებობას მანამ, ვიდრე იარსებებდა უზრუნველყოფილი მოთხოვნა (სუსგ №ას-363-339-2017, 16.06.2017წ.). თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს თავისი საკუთრებით უზრუნველყოფილი სხვისი ვალდებულება და ამგვარად შეინარჩუნოს ქონებაზე საკუთრების უფლება.
14. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრის დაცვის მიზანს ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 292-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. მითითებული დანაწესი იმპერატიულია. მხარეებს არ შეუძლიათ, ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებით შეცვალონ ნორმის სანივთოსამართლებრივი შედეგები (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 292, ველი 2). ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. აღნიშნული დებულება კანონისმიერი ცესიის (cessio legis) შემთხვევაა, რომელიც კრედიტორის დაკმაყოფილების სამართლებრივი შედეგია. მესაკუთრე უნდა მოქმედებდეს საკუთარი ნივთის იპოთეკისაგან გამოხსნის განზრახვით (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, 91-92; გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 292, ველი 13,14; Lieder, in Muko BGB, 7 Aufl., 2017, §1143, Rn.8.). უძრავი ქონების მესაკუთრეს სწორედ მოვალემ უნდა აუნაზღაუროს ის ფინანსური ხარჯი, რასაც იგი პირადი მოვალის ვალდებულების შესასრულებლად გაიღებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გამსესხებლის სასარგებლოდ მსესხებლის ვალდებულების შესრულება 14 თვის საპროცენტო სარგებლის გადახდის სახით მოსარჩელეს სსკ-ის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სწორედ მოვალის (მსესხებლის) მიმართ წარმოუშობს თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ №ას-363-339-2017, 16.06.2017წ.).
15. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს გარემოებას მასზე, რომ მის კუთვნილ უძრავ ნივთში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მოპასუხეების უკანონოდ შესვლა და ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა დასტურდება განაჩენით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დელიქტური ვალდებულების დაკისრების წინაპირობა.
16. დელიქტიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს შემდეგი საფუძვლებიდან - სსკ-ის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე მუხლი (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით), 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება). პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა ((გენერალური დელიქტი) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი) (სუსგ №ას-769-737-2016, 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016წ.; სუსგ №ას-1426-2018, 11.04.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება აღნიშნული, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურებას.
17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეებისათვის არ იყო სავარაუდო ის ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო 09.11.2017 წლის წინარე შეთანხმების არსებობის თაობაზე, საქმეში არ მოიპოვება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 06.06.2018 წლის განაჩენით დგინდება, რომ მოპასუხეებმა თავიანთი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ბრალეულად ხელყვეს მოსარჩელის საკუთრების უფლება. თუმცა, განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოპასუხეთა დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს, არ გამხდარა მოსარჩელის მიერ გამსესხებლისთვის საპროცენტო სარგებლის სახით 5635 აშშ დოლარის გადახდის საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (სუსგ №ას-105-2021, 02.04.2021წ.). გამსესხებლისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება გამომდინარეობს გამსესხებელსა და მსესხებელს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 547,26 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ხ.ს–ძეს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მ.ქ–ძის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 781,8 ლარის (საგადასახადო დავალება №1, გადახდის თარიღი 09.03.2020წ.) 70% – 547,26 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე