საქმე №ას-572-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.06.2020წ. გადაწყვეტილებით - სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნ.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
1.1. 30.05.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 370.62 ლარისა და პირგასამტეხლოს - 100 ლარის ანაზღაურება.
1.2. 31.01.2020 წლიდან 30.05.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 370.62 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
1.3. 18.08.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 4 299.04 ლარის, პროცენტის - 2 152.09 ლარისა და პირგასამტეხლოს - 300 ლარის ანაზღაურება.
1.4. 31.01.2020 წლიდან 18.08.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4 299.04 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 33% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 118.22 ლარს.
1.5. 31.01.2020 წლიდან 18.08.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4 299.04 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 11.60 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.
1.6. 27.09.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 734.90 ლარის, პროცენტის - 378.68 ლარისა და პირგასამტეხლოს - 100 ლარის ანაზღაურება.
1.7. 31.01.2020 წლიდან 27.09.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 734.90 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 22.04 ლარს.
1.8. 31.01.2020 წლიდან 27.09.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 734.90 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1.98 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.10.2020წ. განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა. აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2021წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.10.2020წ. განჩინება ხარვეზის შესახებ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით აპელანტსა და მის წარმომადგენელ - ს.მ–ს, რამდენჯერმე გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 16.02.2021წ. ჩაჰბარდა პირადად აპელანტს. შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 17.02.2021 წელს და დასრულდა 26.02.2021 წელს. განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ წარდგენილია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე და 368.5 მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება, რომ აპელანტმა 16.02.2021 წელს პირადად ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, არასწორია. აღნიშნული განჩინება აპელანტს არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.09.2021წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხზე.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
11. კანონის მითითებული დანაწესი დასაშვებად მიიჩნევს, სასამართლო უწყება, მხარის ნაცვლად, ჩაჰბარდეს მის წარმომადგენელს, რასაც თავად მხარისათვის საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების იურიდიული ძალა გააჩნია, თუმცა ამავე კოდექსის 440-ე მუხლი ადგენს, რომ პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში. შესაბამისად, პირი, რომელიც ჩამოთვლილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ ჩაუბარებია საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში მხარის წარმომადგენელი ვერ იქნება. მხარის სახელით ვერანაირ საპროცესო მოქმედებას ვერ განახორციელებს, მათ შორის, ვერ ჩაიბარებს იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტაციას (იხ. სუსგ №ას-634-592-2017, 16.06.2017წ., პუნ. 25-27; შდრ სუსგ №ას-381-354-2017, 13.11.2017წ.).
12. მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრა. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება 16.02.2021 წელს აპელანტს ჩაჰბარდა პირადად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილზე, რომლითაც დგინდება, რომ ხარვეზის განჩინება 16.02.2021 წელს ჩაჰბარდა არა აპელანტს, არამედ მის წარმომადგენელ - ს.მ–ს (ს.ფ. 193). შესაბამისად, უნდა განისაზღვროს - მისთვის გზავნილის ჩაბარება წარმოადგენს თუ არა უფლებამოსილი პირისათვის კორესპონდენციის კანონით დადგენილი წესით გადაცემას.
13. მოპასუხის წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაჰბარდა, მის ინტერესებს იცავდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან ადვოკატთა ასოციაციის წევრი არ არის. შესაბამისად, ზემდგომ ინსტანციებში მხარის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მას არ გააჩნდა და სასამართლო გზავნილის მისთვის ჩაბარება აპელანტის მიერ საპროცესო დოკუმენტის მიღებად ვერ შეფასდება სათანადო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის გამო (შდრ. სუსგ №ას-634-592-2017, 16.06.2017წ. პუნ. 29).
14. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვის ეტაპზე, მოპასუხის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება, სადაც თავად მიუთითებდა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო ადვოკატის აყვანა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო (იხ. ს.ფ. 126). საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა დამოუკიდებლად და წარმომადგენლის თაობაზე მითითებას არც სააპელაციო საჩივრის შესაბამისი გრაფა შეიცავდა (ს.ფ.169-176).
15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჩ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2021წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე