საქმე №ას-674-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შ.ა–ი, შ.ა–ი, კ.ა–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.04.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.11.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „დაუსწრებელი გადაწყვეტილება“), სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შ.ა–ის, კ.ა–ისა და შ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიეული, როგორც "პირველი მოპასუხე", "მეორე მოპასუხე", მესამე მოპასუხესთან ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების - 30352.44 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 17 672.68 აშშ დოლარი, პროცენტი - 5600.54 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო კი - 7079.22 აშშ დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული პირველი მოპასუხის და მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მისამართი და მახასიათებლებია: თბილისი, ........, ს/კ: ....... დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფდა არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეოდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.09.2020წ. განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.04.2021წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო შემდეგი საფუძვლებით:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.11.2020წ. განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის - 1214.10 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, გადახდის დღოისათვის არსებული ოფიციალური კურსის შესაბამისად.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2021 წლისა და 01.03.2021 წლის განჩინებებით აპელანტებს გაუგრძელდათ ვადა ხარვეზის სრულად შესავსებად.
5.3. სააპელაციო სასამართლომ გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე 01.03.2021წ. განჩინება გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს (იხ. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, ტომი I. ს.ფ. 109, 257-258., ტ II. ს.ფ. 13-14. წარმომადგენელი რეგისტრირებულია ადვოკატის წევრთა ერთიან სიაში) ი.მ–ძეს (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც „წარმომადგენელი“ ან „ადვოკატი“) მის მიერ მითითებულ მისამართზე, სადაც ჩაჰბარდა ადრესატის დედას - მ.ა–ძეს 08.04.2021 წელს. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 59-ე, მე-60, 61-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 09.04.2021 წელს და ამოიწურა 15.04.2021 წელს, თუმცა აპელანტებს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, რაც, სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 01.03.2021 წელს. განჩინება ადრესატისათვის 08.04.2021 წელს ჩაბარებულად. უკუგზავნილის თანახმად, გზავნილი ჩაჰბარდა აპელანტთა წარმომადგენლის დედას - მ.ა–ძეს, თუმცა ეს უკანასკნელი არ არის წარმომადგენლის არც დედა, არც ოჯახის წევრი და არც ახლო ნათესავი. სინამდვილეში, წარმომადგენლის დედა - ნ.მ–ძეა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.09.2021წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, კერძოდ, აპელანტების წარმომადგენლის ოჯახის წევრისათვის (დედისათვის) გზავნილის ჩაბარების კანონიერება.
11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამდენად, ამ ნორმით გათვალისწინებული პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად. სასამართლო არკვევს მხოლოდ იმას, ჩაჰბარდა თუ არა უწყება ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება (სუსგ №ას-29-27-2013, 04.04.2013წ.). აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება კი, თავად მხარეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (სუსგ №ას-1073-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წ.).
12. აპელანტების წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დაბადების მოწმობის ასლით დგინდება, რომ წარმომადგენლის დედა არის "ნ.მ–ძე" და არა "მ.ა–ძე", ვისაც ჩაჰბარდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.03.2021წ. განჩინება (იხ.: დაბადების მოწმობის ასლი, ტ.II, ს.ფ.56). შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი გზავნის ჩაბარების დასტური (საფოსტო უკუგზავნილი) ვერ იქნება შეფასებული კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად. აღსანიშნავია, რომ მითითებული მტკიცებულება წარმოდგენილია კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე, შესაბამისად, მოსამართლე, რომელიც ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, ვერ შეაფასებდა მას. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.ა–ის, შ.ა–ისა და კ.ა–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.04.2021წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე