Facebook Twitter

საქმე №ას-858-2021 21 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ.ტ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.05.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.03.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „დაუსწრებელი გადაწყვეტილება“), ნ.ს–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „რ.ტ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4966 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა.

2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.11.2020 წლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.05.2021 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო შემდეგი საფუძვლებით:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.03.2021 წლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში.

5.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 13.04.2021 წელს (იხ. ს.ფ 339). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 14.04.2021 წელს და დასრულდა 23.04.2021 წელს. განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ უნდა წარდგენილიყო 23.04.2021 წელს, ხოლო აპელანტმა წარადგინა 28.04.2021 წელს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილელად დატოვების საფუძველია.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით გამოასწორა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 20.04.2021 წელს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა 23.04.2021 წელს. აპელანტმა სასამართლოში დაზღვეული წერილი გაგზავნა, რომლის უკუგზავნილიც მასვე დაუბრუნდა. საფოსტო უკუგზავნილით, რომელზეც დატანილია სასამართლოს წარმომადგენლის ხელმოწერა, ცალსახად დასტურდება, რომ გაგზავნის თარიღია 23.04.2021 წელი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში გამოასწორა და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა. შესაბამისად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხზე.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (შდრ.: სუსგ Nას-1693-2019, 10.02.2020; სუსგ Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; Nას-320-2019, 24.04.2019წ. ; №ას-34-2021, 18.05.2021წ.).

12. საქმის მასალებით დასტურდება (ს.ფ.339), გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და არც კერძო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი ფაქტი მასზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 01.03.2021 წლის განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა 13.04.2021 წელს მისამართზე: ბათუმი, ....... კომერციული ფართი 5. შესაბამისად, 14.04.2021 წელს დაიწყო და 23.04.2021 წელს ამოიწურა ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადა.

13. 28.04.2021 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიაში დარეგისტრირდა ხარვეზის შევსების მიზნით მოპასუხის მიერ წარდგენილი 22.04.2021 წლით დათარიღებული სააპელაციო საჩივარი დანართებითურთ, სახელმწიფო ბაჟის 20.04.2021 წელს გადახდის ქვითარი, CD დისკი და კონვერტი (ს.ფ.340-367). პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ კონვერტზე არ ფიქსირდება რაიმე შტამპი ან სხვა საფოსტო მონაცემი.

14. კერძო საჩივართან ერთად მოპასუხემ წარმოადგინა შპს „გ–ის“ უკუგზავნილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოპასუხემ 23.04.2021 წელს ფოსტით გააგზავნა გზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სასამართლოს ჩაჰბარდა 28.04.2021 წელს. ამასთან, პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ უკუგზავნილზე (საფოსტო ბილზე) დასმულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (და არა სამოქალაქო საქმეთა პალატის) კანცელარიის ბეჭედი (იხ. ს.ფ 379). აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, დასახელებული გარემოების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა, ვინაიდან როგორც აღინიშნა, საფოსტო უკუგზავნილი სასამართლოს წარედგინა გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდეგ.

15. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების, მათ შორის კერძო საჩივარზე დართული საფოსტო ბილის, ყოველმხრივ შესწავლის შედეგად უნდა დაადგინოს: სააპელაციო საჩივარი დანართებითურთ, სახელმწიფო ბაჟის 20.04.2021 წელს გადახდის ქვითარი, CD დისკი და კონვერტი წარდგენილ იქნა პირდაპირ სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში თუ ფოსტის მეშვეობით და როდის (დასადგენია, ზემოაღნიშნული საფოსტო ბილის შემხებლობა წინამდებარე საქმესთან).

16. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

17. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მითითებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა დაადგინოს აღმოფხვრა თუ არა აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ.ტ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.05.2021წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე