საქმე №ას-731-2020 8 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.კ–ის უფლებამონაცვლე გ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „უ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „უ–ომ“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.კ–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საზღაურის - 343 676 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს გადახდა 343 676 აშშ დოლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაევალა დაზუსტებული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა.
6. 2020 წლის 14 მაისს აპელანტის წარმომადგენელმა წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადავადება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ და აპელანტს 7 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.
8. 2020 წლის 22 ივნისს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ აპელანტის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დამძიმებულია, წევს რეანიმაციაში, გაჩერებული აქვს გული, ტვინი დაზიანებულია და იმყოფება უგონოდ, მართვით სუნთქვაზე, ხოლო მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია. წარმომადგენელმა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს დაურთო აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა 7 დღით.
10. 2020 წლის 6 ივლისს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა პალატას სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების მოთხოვნით და მიუთითა, რომ აპელანტი კვლავ კომაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, რის გამოც, როგორც წარმომადგენელი, ვერ ახერხებდა მარწმუნებლთან შეთანხმებას, მისი ნების გაგებას, შესაბამისად, მარწმუნებლის ინტერესიდან გამომდინარე, კვლავ მოითხოვდა ბაჟისგან გათავისუფლებას.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის 2020 წლის 6 ივლისის განცხადება სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ, დარჩა განუხილველად. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
12. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა წარადგინა იმავე სახის შუამდგომლობა, იმავე საფუძვლებით, რაზეც სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით აპელანტს ეთქვა უარი. აღნიშნული კი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. ამასთან, პალატის მითითებით, იმ პირობებშიც კი, რომ არ ყოფილიყო შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი, შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ ქმნის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლებს, რადგან საქმის მასალებში (ტ.1, ს/ფ 85) წარმოდგენილი იყო აპელანტის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა, მოქმედების განუსაზღვრელი ვადით, რომელიც, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, რწმუნებულ პირს აღჭურავს უფლებით, წარმოადგინოს მარწმუნებელი ყველა ინსტანციის სასამართლოში, წარადგინოს სააპელაციო საჩივარი და გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ამრიგად, მითითებულ რწმუნებულებაში მარწმუნებელმა გამოავლინა ნება მასზედ, რომ რწმუნებულებს ჰქონოდათ სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის უფლებამოსილება და, შესაბამისად, ის გარემოება, რომ აპელანტი უგონოდ იყო, ვერ ავლენს ნებას სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან მიმართებით, ვერ გამოდგება ვარგის არგუმენტად სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თვალსაზრისით, ვინაიდან მას ასეთი ნება უკვე გამოვლენილი აქვს. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 717-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები, ამრიგად, მითითებულ ნორმაში კანონმდებელი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: რწმუნებულმა უნდა იმოქმედოს მარწმუნებლის დავალებების შესასრულებლად და, ამ მიზნით, გაწიოს კიდეც დავალების შესრულების პროცესში წარმოშობილი აუცილებელი ხარჯები, რომელიც, საბოლოოდ, დაექვემდებარება ანაზღაურებას მარწმუნებლის მიერ.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების დავალდებულების მოთხოვნით.
14. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლომ, ფაქტობრივად, ადვოკატი დაავალდებულა, გადაეხადა 5000 ლარი. სსკ-ის 717-ე მუხლის ამგვარი განმარტება არასწორია. ალოგიკურია ნორმა აუცილებელ ხარჯებში ადვოკატის მიერ 5000 ლარის გადახდის ვალდებულებას მოიაზრებდეს. ადვოკატის მოქმედების მთავარი არსი მარწმუნებლის ინტერესების დაცვა და მისი სურვილების შესრულება/სასამართლომდე მიტანაა. სსკ-ის 713-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერი მოქმედება ადვოკატმა უნდა შეუთანხმოს კლიენტს და 712-ე მუხლიდან გამომდინარე, უნდა იმოქმედოს მისი მითითებებით. ვინაიდან მარწმუნებელი უგონოდ არის, ამ ვალდებულებათა დაცვა შეუძლებელია. ვიდრე მარწმუნებელი აზროვნებდა, რწმუნებულს დაავალა, ბაჟის გადახდის გადავადებაზე ეშუამდგომლა. შემდგომი ბაჟისაგან გათავისუფლება მოთხოვნილი იყო მარწმუნებელთან შეუთანხმებლად, რამდენადაც ამ დროს უკვე უგონოდ იყო, შესაბამისად, სსკ-ის 712-ე მუხლიდან გამომდინარე ივარაუდა, რომ მარწმუნებელი მოიწონებდა ამ გადაწყვეტილებას. რწმუნებულმა არ იცოდა მარწმუნებლის პოზიცია, ისურვებდა თუ არა 5000 ლარის გადახდას, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობასთან ერთად დამძიმდა მისი ფინანსური მდგომარეობაც.
15. ამასთან, დაუსაბუთებელია 2020 წლის 2 ივლისის განჩინების მსჯელობა, რომ ჯანმრთელობის სიმძიმე არ ადასტურებს პირის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას და, შესაბამისად, ეს ფაქტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდებოდა. მოცემული შემთხვევა არის არა უბრალოდ ჯანმრთელობის გაუარესება, არამედ პირის უგონოდ ყოფნა. რა ქონებაც არ უნდა გააჩნდეს მას, ნებისმიერის გამოყენებას ესაჭიროება მისი თანხმობა, შესაბამისად, აპელანტის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტზე მითითება აზრს მოკლებულია. მით უფრო, იმ ქონებაზე მითითება, რომელიც ფაქტობრივად დაყადაღებულია. ამდენად, უძრავ ქონებათა მესაკუთრედ ყოფნა ავტომატურად 5000 ლარის გადახდის შესაძლებლობას არ გულისხმობს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის გარდაცვალების გამო, სამოქალაქო საქმისწარმოება შეჩერდა მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, კერძო საჩივრის განსახილველად მიღების შემოწმების ეტაპზე.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებით გ.კ–ი ცნობილ იქნა გ.კ–ის უფლებამონაცვლედ და საქმისწარმოება განახლდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
21. დადგენილია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა. ვიდრე აღნიშნული განჩინება აპელნტის წარმომადგენელს ჩაჰბარდებოდა (17.06.2020წ.), აპელანტი გახდა შეუძლოდ, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 26.06.2020წ. ცნობით (ფორმა N100/ა) დგინდება, რომ იგი 2020 წლის 28 მაისს უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს კლინიკაში, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა, როგორც უკიდურესად მძიმე, იგი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმე. ჩაძახილზე არ რეაგირებს, პერიოდულად აღენიშნება სპონტანური თვალიღიაობა, მზერას ვერ აფიქსირებს, ინსტრუქციებს ვერ ასრულებს (ტ.2, ს.ფ. 168). ამდენად, წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსებისთვის დადგენილ ვადაში აპელანტის არა მხოლოდ მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ ნების გამოვლენის შეუძლებლობას, რამდენადაც მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობებიდან (მატერიალური და ფორმალური), სახეზე არ არის მატერიალური წინაპირობა ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობა - ჯანმრთელობა.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199) (იხ. სუსგ №ას-274-2021, 7 ივლისი, 2021 წელი)
23. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტს ჰყავდა წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენდა მხარეს და იცავდა მის უფლებებს (სსკ-ის 709-ე მუხლი). როდესაც მხარეს არ შესწევს საპროცესო უფლება-მოვალეობების რეალიზების უნარი და მას ჰყავს საპროცესო წარმომადგენელი, საქმისწარმოების შეფერხების საფუძველი არ არსებობს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა შეიძლება იმგვარ საპროცესო მოქმედებად მივიჩნიოთ, რომელიც თავად მხარის ნების გამოვლენას საჭიროებდა, მით უფრო იმ პირობებში, როცა აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირების შეუძლებლობის ფაქტი დადასტურებულია.
24. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, რაკი წარმომადგენელს მინდობილობით მინიჭებული ჰქონდა ბაჟის გადახდის უფლებამოსილება, სსკ-ის 717-ე მუხლიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, თავად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც შემდგომში მარწმუნებლის მიერ ანაზღაურდებოდა.
25. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნებისათვის, განსახილველ შემთხვევაში, ამ უფლებამოსილების აღნიშვნას მინდობილობაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც სსსკ-ის 98-ე მუხლიდან გამომდინარე, მარწმუნებლის სახელით სასამართლოში საქმისწარმოების უფლებამოსილება, იმთავითვე გულისხმობს ბაჟის გადახდის უფლებამოსილებასაც, თუმცა, ჰქონდა თუ არა რწმუნებულს ბაჟის გადახდის ვალდებულება, დამოკიდებულია მას და მარწმუნებელს შორის შეთანხმებაზე. წერილობითი დავალების ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. როგორც თავად რწმუნებული განმარტავს, მხარეთა შორის ასეთი შეთანხმება არ ყოფილა და ბაჟის საკითხთან დაკავშირებით იგი ყოველ ჯერზე მარწმუნებლის მითითებით მოქმედებდა. მაშინ, როდესაც ამგვარი შეთანხმება არ არსებობს, სსკ-ის 717.1 მუხლის თანახმად, მარწმუნებელი რწმუნებულს აუნაზღაურებს მხოლოდ მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეულ აუცილებელ ხარჯებს („მართალია, სამოქალაქო კოდექსი არ ავალდებულებს რწმუნებულს, შეასრულოს დავალება თავისი ხარჯებით და შემდეგ მოითხოვოს მისი ანაზღაურება, მაგრამ, თუ რწმუნებულმა დავალებული საქმეები განახორციელა საკუთარი ხარჯებით, მაშინ დავალების ხელშეკრულების შესრულების შემდეგ მას უფლება აქვს, მოსთხოვოს მარწმუნებელს ამ ხარჯების ანაზღაურება, ხოლო მარწმუნებელი მოვალეა, აანაზღაუროს ეს ხარჯები, მაგრამ აქ გათვალისწინებული უნდა იქნეს სსკ-ის 717.1 მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მარწმუნებელი მოვალეა, აანაზღაუროს მხოლოდ რწმუნებულის მიერ გაწეული აუცილებელი ხარჯები“ - იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, თბილისი, 2001წ., „სამართალი“, გვ. 409). ხოლო ხარჯების გაწევის საჭიროების დასადგენად მრავალი ფაქტორი გაითვალისწინება (სუბიექტურ-ობიექტური მასშტაბი), მათ შორის, რწმუნებულის მიერ ამგვარი ხარჯების გაწევის თაობაზე მარწმუნებლისთვის შეტყობა (შდრ. იხ: იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, თბილისი, 2014 წ., ს.ფ. 509-510), რაც მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ რწმუნებულს 5000 ლარი უპირობოდ აუნაზღაურდებოდა, არასწორია.
26. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო წესით გასაჩივრება (რაც მარწმუნებლის ნებას შეესაბამებოდა), სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილ ბაჟს ავტომატურად „აუცილებელ ხარჯად“ ვერ აქცევს იმიტომაც, რომ, სანამ შეუძლოდ გახდებოდა, მან რწმუნებულს დავალება მისცა, სასამართლოსათვის ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობა წარედგინა. შემდგომ, ვიდრე შუამდგომლობაზე პასუხს მიიღებდა, უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა. შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის პირობებში, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი რომ ჰქონოდა, მას რამდენიმე არჩევანი ექნებოდა: გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, წარედგინა თავისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან არ შეესრულებინა არცერთი და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენა, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟს აუცილებელ ხარჯად ვერ აქცევს, ხოლო, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აპელანტი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას შუამდგომლობდა, ცალსახა დასკვნა, რომ მის ნამდვილ ინტერესში სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა შედიოდა, შეუძლებელია.
27. „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 6.2 მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის 8.6 მუხლის თანახმად კი, ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მარწმუნებლის უგონო მდგომარეობის გამო, რწმუნებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეწოდებინა ინფორმაცია, სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის ვალდებულების თაობაზე. შესაბამისად, ადვოკატი კლიენტთან შეთანხმებული წესით ვერ იმოქმედებდა.
28. პალატა განმარტავს, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორი აპელანტის უგონოდ ყოფნა, ნების გამოვლენის შეუძლებლობა იყო. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპის გათვალისწინებით, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარის სასარგებლოდ, კერძოდ, იმგვარად, რომ დაცული იქნეს გასაჩივრების უფლების მქონე მხარის უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სასამართლო ხელმისაწვდომობის პრინციპი ასახულია სსსკ-ის მე-2 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის აღნიშნული ჩანაწერი არ არის ფორმალური ხასიათის და ემსახურება ამ უფლების რეალიზაციას. ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდანაც.
29. პალატა ბაჟის გადახდის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე აღარ იმსჯელებს, რამდენადაც მხარის გარდაცვალების გამო ამ საქმეზე დადგენილია უფლებამონაცვლეობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უფლებამონაცვლეს უნდა დაავალოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
30. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–ის უფლებამონაცვლე გ.კ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე