Facebook Twitter

საქმე №ა-1485-შ-31-2021 22 ნოემბერი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – გ.უ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის 175F 15276/14 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეურვეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის 175F 15276/14 გადაწყვეტილებით ა.ა–ძისა და გ.უ–ის საერთო შვილზე, 2012 წლის 26 ნოემბერს დაბადებულ ა. უ–ზე, მშობლის ვალდებულებები გადაეცა მხოლოდ დედას.

2. ა.ა–ძის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის 175F 15276/14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის 175F 15276/14 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ბავშვის დედას, შუამდგომლობის ავტორს, სურდა მშობლის ვალდებულებების მხოლოდ საკუთარ თავზე აღება; გ.უ–ი (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2020 წლის 3 დეკემბრიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის 175F 15276/14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. გორი, ....... მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტებზე ორივე შემთხვევაში, მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ მისამართი არასრულია.

8. 2021 წლის 1 ივლისს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დააზუსტა მოპასუხის მისამართი, ასევე, მიუთითა საკონტაქტო ინფორმაცია (ქ. გორი, ...., ტელ.: .......).

9. 2021 წლის 7 ივლისს მოწინააღმდეგე მხარეს კვლავ გაეგზავნა ზემოაღნიშნულ მისამართზე კორესპოდენცია, თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საფოსტო უკუგზავნილზე მითითებული იყო, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ზემოაღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გ.უ–ისათვის (მისამართი: ქ. გორი, ....., ტელ.: .......) ჩაებარებინა ა.ა–ძის შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინების ასლები. მასვე დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა ზემოაღნიშნული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს 2021 წლის 19 ოქტომბრის MIA32102751253 წერილიდან ირკვევა, რომ სასამართლოს კორესპონდენციები გ.უ–ს კვლავ ვერ ჩაბარდა. წერილზე თანდართული 2021 წლის 10 ოქტომბრის ოქმის თანახმად, საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე არავინ იმყოფებოდა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გ.უ–ს ამავე პალატის 2021 წლის 2 აპრილს მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების – საჯაროდ გამოქვეყნების მეშვეობით. მასვე განემარტა უფლება, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა წერილობითი პასუხი.

13. საქმის მასალებში არსებული აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა 2021 წლის 3 ნოემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს სასამართლოს განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.

14. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის 175F 15276/14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

17. მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.1 პუნქტი]. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

19. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით [ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს].

20. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის 175F 15276/14 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ა–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის 175F 15276/14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტემპელჰოპ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის 175F 15276/14 გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ა–ძისა და გ.უ–ის საერთო შვილზე, 2012 წლის 26 ნოემბერს დაბადებულ ა.უ–ზე, მშობლის ვალდებულებები გადაეცა მხოლოდ დედას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი