Facebook Twitter

საქმე №ას-1218-2021 17 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,თ.ს.მ.“ (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ქ–ძე (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება (ძირითადი სარჩელით); ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, ლ.ქ–ძის (შემდგომ – მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი შპს ,,თ.ს.მ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებელი კომპანიის 2019 წლის 26 ივლისის №178.19 ბრძანება;

- დამსაქმებელს კომპენსაცია - 8640 ლარი და სახელფასო დავალიანება - 1942.10 ლარი დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა;

- დამსაქმებელს ანაზღაურების დაყოვების ყოველი დღისთვის 2018 წლის თებერვლის ხელფასის ნახევრის - 360 ლარის 0.07% 2018 წლის 1 მარტიდან იმავე წლის 24 მაისამდე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე - 2018 წლის თებერვლის ხელფასის ნახევრის - 360 ლარის 0.07% 2018 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2019 წლის იანვრის ხელფასის ნაწილის - 423 ლარის 0.07% 2019 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 7 ივნისამდე და 2019 წლის იანვრის ხელფასის ნაწილის - 296.40 ლარის 0.07% 2019 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2019 წლის მარტის ხელფასის ნაწილის - 514.30 ლარის 0.07% 2019 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2019 წლის მაისის ხელფასის, 180 ლარის - 0.07% 2019 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2019 წლის ივნისის ხელფასის, 205.7 ლარის, 0.07% 2019 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 2019 წლის ივლისის ხელფასის - 180 ლარის 0.07% 2019 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

- დამსაქმებლის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.

5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 59-ე მუხლის, მე-60 მუხლის, 61-ე მუხლის, 73-ე მუხლის მერვე ნაწილის, 372-ე, 373-ე და 374-ე მუხლებისა და იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

7. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც ერთვოდა კანონით დადგენილი ვადის დაცვით - 2021 წლის 13 ოქტომბერს მიიტანა ფოსტაში, რასაც სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი ამავე თარიღის განცხადებაც ადასტურებს, თუმცა ფოსტაში მისვლისას აღმოჩნდა, რომ კომპანიის წარმომადგენელს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც ამ უკანასკნელს ფოსტის შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა და მომდევნო სამი დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

8. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე, კერძოდ, 2021 წლის 14 ოქტომბერს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება გააგზავნა სასამართლოში, თუმცა, ვინაიდან არასამუშაო დღე იყო, სასამართლომ განცხადება 2021 წლის 15 ოქტომბერს მიიღო. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელი 2021 წლის 15 ოქტომბერს ფოსტაშიც მივიდა და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დოკუმენტების დედნები გააგზავნა სასამართლოში.

9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს აღუდგეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა და აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი დოკუმენტაცია კანონით დადგენილი ვადის მიხედვით, წარდგენილად ჩაითვალოს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

14. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

15. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) დაზუსტებული და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი ელექტრონულ ვერსიასთან ერთად; ბ) სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა შესაგებელში, შეგებებულ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....... და 2021 წლის 6 ოქტომბერს კომპანიის კანცელარიის თანამშრომელს - ნ.შ–ვას ჩაჰბარდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 11).

18. სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება ასევე შესაძლოა გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

20. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 7 ოქტომბრიდან დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და 2021 წლის 13 ოქტომბერს ამოიწურა.

22. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (7 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის (საპროცესო ვადის აღგენის) შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

23. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად სააპელაციო საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად ფოსტაში სასამართლოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში - 2021 წლის 13 ოქტომბერს მიიტანა, თუმცა ვინაიდან მაღალი ტემპერატურა აღენიშნებლოდა ფოსტის შენობაში შესვლა და დოკუმენტების სასამართლოში გაგზავნა ვერ შეძლო, რისი გათვალისწინებითაც, არსებობს გაშვებული ვადის აღდგენის წინაპირობები.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. Nას-366-366-2018, 18.05.2018წ.). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. Nას-1023-2019, 25.09.2019წ.), რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

25. ზემოაღნიშნულ გარემოებას ვერ ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ 2021 წლის 14 ოქტომბერს სასამართლოსთვის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნილი განცხადება, სადაც განცხადების შედგენის თარიღად მითითებულია 2021 წლის 13 ოქტომბერი. პალატა მიუთითებს, რომ განცხადებაში ასახული თარიღი აპელანტის წარმომადგენლის მიერ ფოსტაში შექმნილი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ შეიცავს. პალატა მიუთითებს, რომ მხარეს შეუძლია, განცხადების შედგენისას ის თარიღი მიუთითოს, რომელიც მის სასარგებლო გარემოებას დაადასტურებს და აღნიშნული არ ქმნის ამ უკანასკნელის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას.

26. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის წარმომადგენელს წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტში მითითებული გარემოების არსებობისას შეეძლო ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეევსო, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელს ხარვეზის გამოსწორების მიზნით, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და მტკიცებულებების წარდგენა ფოსტის მეშვეობით სხვა პირის ან თუნდაც კომპანიის დირექტორის დახმარებით შეეძლო, თუმცა მას აღნიშნული შესაძლებლობაც არ გამოუყენებია.

27. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2021 წლის 14 ოქტომბერს, 17:34 საათზე წარადგინა (ისე, რომ არ მოუთხოვია საპროცესო ვადის აღგენა, იმ მიზეზებზე მითითებით, რაც კერძო საჩივარშია აღნიშნული) და განცხადებას რწმუნებულებისა და სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ასლები დაურთო. კერძო საჩივრის ავტორმა 2021 წლის 15 ოქტომბერს უკვე ფოსტით გააგზავნა სასამართლოში განცხადება (არ მიუთითებია საპროცესო მოქმედების საპატიო მიზეზით შეუსრულებლობის შეუძლებლობაზე და არ მოუთხოვია საპროცესო ვადის აღდგენა), რომელშიც უთითებდა, რომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგენდა სააპელაციო საჩივრის ელექტრონულ ვერსიასა და სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანს და განცხადებას ზემოაღნიშნული დოკუმენტები დაურთო.

28. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

29. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

30. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების გასაქარწყლებლად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტს საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადებებითაც არ შეუსვია სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი და სასამართლოში დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, სადაც დაზუსტებული იქნებოდა როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლები, ისე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა.

31. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

34. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

35. ამრიგად, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,თ.ს.მ.ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე