საქმე №ას-308-2020 22 ოქტომბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - წილის დაბრუნება, სამეწარმეო რეესტრიდან წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების ამოშლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. (ო.) კ–მა (შემდგომ - გამყიდველი, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ჩ–ის (შემდგომ - მყიდველი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ შპს „კ–ას“ (შემდგომ - შპს, საწარმო ან საზოგადოება) წილის დაბრუნებისა და სამეწარმეო რეესტრიდან წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების ამოშლის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2014 წლის 14 აპრილს მოსარჩელემ და მოპასუხემ გააფორმეს „საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება“. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ყიდდა, ხოლო მყიდველი ყიდულობდა 50%-ს წილს საზოგადოებაში და წილთან დაკავშირებულ ყველა უფლებას. მყიდველი ვალდებული იყო, წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებისა და პირობების შესაბამისად, გადაეხადა წილის ნასყიდობის ფასი, აგრეთვე შეესრულებინა წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, რომელიც საზოგადოების პარტნიორებს შორის 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმისა და იმავე თარიღით ხელმოწერილი პარტნიორთა შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. წილის ნასყიდობის საფასურის - 143000 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში გადასული 50%-იანი წილი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებისა და საზოგადოების სხვა პარტნიორთა წინაშე შეძენილ წილებთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, როგორც წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, დარეგისტრირებას ექვემდებარებოდა. წილის ნასყიდობის საფასური მყიდველმა სრულად გადაიხადა, რის გამოც გაუქმდა გირავნობა, მაგრამ მოპასუხემ შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა ინვესტირებისა და საწარმოს ამუშავების ვალდებულება.
3. ხელშეკრულება, კანონის დაცვითა და მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების გარეშე, დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს გამყიდველს, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და დაიბრუნოს წილზე საკუთრების უფლება.
4. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს რამდენჯერმე გაუგრძელდა ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული, რაც წილის დაბრუნებისა და სამეწარმეო რეესტრიდან წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების ამოშლის საფუძველია.
მოპასუხეების შესაგებელი
5. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 30 ივლისს პარტნიორთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება და აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები მისი მხრიდან შესრულებულია. ისევე, როგორც, წილის გასხვისების ხელშეკრულებითა და პარტნიორთა შეთანხმებებით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, ქარხანა სრულად აშენებულია, მასში დამონტაჟებულია CO2-ის წარმოებისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარები, გაყვანილია წყლის მაგისტრალი.
6. 2015 წლის 30 ივლისს პარტნიორებს შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით, ინვესტორს დაეკისრა დამატებით ახალი ვალდებულება - 2015 წლის 31 დეკემბრამდე ქარხანა აემუშავებინა და დაეწყო პირველი კომერციული პარტიის წარმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა ჯარიმა და პირგასამტეხლო. მითითებული შეთანხმება განსაზღვრავს მოპასუხის იმგვარ ვალდებულებებს, რომელთა განხორციელებისა და გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმები მას არ გააჩნია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის ხელძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის კომპანიის დირექტორი, შესაბამისად, პარტნიორის მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულება სრულად არის დამოკიდებული დირექტორის ქმედებებზე და მის კეთილ ნებაზე. ამდენად, ხელშეკრულების აღნიშნული შინაარსი, მისი კანონთან წინააღმდეგობის გამო, უცილოდ ბათილი გარიგებაა.
7. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელე ხელს უშლიდა მას ვალდებულებების შესრულებაში, კერძოდ, მოპასუხემ ჩამოიყვანა CO2 რეკუპაციის სადგურის მონტაჟისა და ექსპლუატაციის ინჟინერი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა სადგურის მონტაჟის სისწორე და პრობლემები აღმოეფხვრა, თუმცა საწარმოს დირექტორმა სხვადასხვა მიზეზით მას არ მისცა სამუშაოს შესრულების საშუალება და მის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი პოლიციაში, რომ, თითქოს, პირი უკანონოდ იყო შეჭრილი სხვის კერძო საკუთრებაში და მოითხოვა, მას დაეტოვებინა ქარხნის ტერიტორია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, პირობების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს დაუბრუნდა მოპასუხის 50% წილი საწარმოში და მოსარჩელე აღირიცხა 98% წილის მესაკუთრედ. ამოიშალა საწარმოს სამეწარმეო რეესტრიდან მოსარჩელისა და მოპასუხის წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება, რაც გამომდინარეობს მხოლოდ თავად მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებიდან, 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა შეთანხმებიდან და 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეთანხმებიდან.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შორის დადებული გარიგებების შესახებ და დაასკვნა, რომ 2014 წლის 14 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებული „საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება“ და პარტნიორთა შეთანხმება შინაარსობრივად ერთიან ხელშეკრულებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, უდავო იყო, რომ მოპასუხის ვალდებულებას არა მხოლოდ წილის საფასურის გადახდა, არამედ საწარმოში იმგვარი ინვესტიცია წარმოადგენდა, რაც დანადგარების შეძენას, დაყენებასა და ექსპლუატაციას მოიაზრებდა. შესაბამისად, პალატის მიერ გამოსაკვლევ საკითხს, სწორედ, ამ ვალდებულების შესრულება/შეუსრულებლობის დადგენა წარმოადგენდა.
12. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა, მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, რადგან ქარხანა თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა და მისი ექსპლუატაცია საბოლოოდ ვერ მოხერხდა. მხარეთა მიერ 2014 წლის 14 აპრილის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი პირდაპირაა მითითებული, რომ ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წილის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას წარმოშობს. პალატამ მიუთითა, რომ ამ პირობებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მოპასუხის მიერ ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულების ფაქტი ვერ გახდებოდა. შესრულებული ვალდებულების უკუგება და ამ უფლების რეალიზაცია სამომავლოდ, სწორედ, აპელანტი მხარის პრეროგატივა იყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
14. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა და არ იმსჯელა მოპასუხის პრეტენზიაზე კანონსაწინააღმდეგო გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც მხარეს სადავო შეთანხმებით დაეკისრა იმგვარი ვალდებულების შესრულება, რომელთა გადაწყვეტის უფლებამოსილება მას არ გააჩნდა და დირექტორის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, ის ვერ იქნება მიჩნეული შეუსრულებელ ვალდებულებად. ამგვარი შეთანხმება ეწინააღმდეგება სსკ-ის 325-ე მუხლით დადგენილ ვალდებულების პირობათა სამართლიანად განსაზღვრის პრინციპს. ამასთან, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია.
15. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგებები ერთი შინაარსის, ერთობლივ გარიგებას წარმოადგენდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გარიგებები ერთი რიცხვითაა დათარიღებული და ერთი და იმავე სანოტარო ბიუროშია ხელმოწერილი, ვერ გახდება ხელშეკრულებების ერთ მთლიან გარიგებად მიჩნევის საფუძველი. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება არეგულირებს მისი შეწყვეტის წესს, სადაც არ გვხვდება ინვესტირების ვალდებულებების დარღვევისას მისი შეწყვეტის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ინვესტირების ხელშეკრულება ითვალისწინებს მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამის შედეგებს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ ისინი ერთიანი, შერეული ტიპის ხელშეკრულებებია, სასამართლოს განჩინება მაინც დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ ინვესტორის შენატანი არ იყო საკმარისი ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივების შესაქმნელად, მოსარჩელემ სოლიდური თანხის შეტანის ფაქტი დაადასტურა.
16. სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნებიდან ფრაზები მშრალად გადმოიტანა, არასწორად შეაფასა ისინი და არასწორად დაადგინა კასატორის მიერ შესრულებული ვალდებულების მოცულობა, ქარხნის ტექნიკური მდგომარეობა, მისი მუშაობის რესურსი და ის ფაქტი, რომ ქარხანა არ არის ვარგისი თხევადი გაზის გადამუშავებისთვის.
17. სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დირექტორი და, ამავდროულად, პარტნიორი დაინტერესებული იყო, დანადგარების სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საწარმოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებიდან გასვლა და საწარმოს წილის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 352.1 მუხლს ეფუძნება (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ნორმა განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) სამართლებრივ შედეგს, იგი გამოიხატება მხარეებისათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნებაში. რესტიტუციის წინაპირობა ხელშეკრულებიდან მართლზომიერად გასვლაა, რომლის წანამძღვრები, თავის მხრივ, ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა, ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა), დამატებითი ვადის დაწესება (გარდა კანონით განსაზღვრული იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არის აუცილებელი ასეთი ვადის დაწესება), ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა და გასვლის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობაა (სსკ-ის 405-ე მუხლი ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო წინაპირობებს).
24. მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მყიდველმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ საწარმოს 50% წილის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ იკისრა არა მხოლოდ 143000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, არამედ „კომპანიის განვითარების მიზნით, 2015 წლის პირველ იანვრამდე (რაც შეიძლება გახანგრძლივდეს მხოლოდ ერთხელ - არაუმეტეს სამი თვის ვადით) განსაზღვრული გრაფიკით, ეტაპობრივად, ინვესტიციის (საწესდებო კაპიტალში შეტანის) ვალდებულება იმ მოცულობითა და ფორმით, რაც აუცილებელი და საკმარისი იქნებოდა:
ა) ,,მიწაზე“ CO2-ის მიმღებ გადამამუშავებელი ქარხნის მართვის, ქარხნის მოწყობა-ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი დანადგარის/მოწყობილობის შესყიდვისა და ექსპლუატაციაში გასაშვებად, რომლის წარმადობაც იქნება არანაკლებ აღნიშნულ ჭაბურღილზე დამტკიცებული მარაგისა. ,,დამატებით ლიცენზიის“ მოპოვებამდე CO2-ის მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში დამონტაჟდება კომპრესორი, რომლის წარმადობაც გათვლილი იქნება არანაკლებ არსებული ლიცენზიის ოდენობით (18 ტონა) თხევადი გაზის წარმოებაზე დღე-ღამეში, დამატებითი ლიცენზიის მოპოვების შემდეგ ინვესტორი უზრუნველყოფდა დამატებით 20 (ოცი) ტონა წარმადობის დამატებითი კომპრესორის მონტაჟს; ბ) ქარხნის შენობის ასაშენებლად შესაბამისი პროექტის მიხედვით და ექსპლოატაციაში გასაშვებად; გ) ქარხნიდან სეპარაციის პროცესში გამოყოფილი წყლის მაგისტრალის მშენებლობისათვის; დ) კომპანიის საწყისი საბრუნავი კაპიტალით უზრუნველყოფისათვის, რაც აუცილებელია ქარხნის გასაშვებად და წარმოების უწყვეტი ციკლის უზრუნველსაყოფად.“ (14.04.2014 წლის პარტნიორთა შეთანხმების 3.6.1 პუნქტი).
25. პალატა არ იზიარებს აღნიშნულთან დაკავშირებულ კასატორის პრეტენზიას, რომ მხარეთა შორის დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და პარტნიორთა შეთანხმება სხვადასხვა გარიგებას წარმოადგენდა, შესაბამისად, ამ უკანასკნელი გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას არ უნდა მოჰყოლოდა გამყიდველისათვის წილის დაბრუნება, რამდენადაც წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი 143000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მყიდველს შესრულებული ჰქონდა.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 1.3 პუნქტზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ „მყიდველი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებისა და პირობების შესაბამისად, გადაიხადოს წილის ნასყიდობის ფასი მე-2 მუხლის თანახმად, აგრეთვე, შეასრულოს წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, რომელიც განსაზღვრულია და შეთანხმებულია საზოგადოების პარტნიორებს შორის, თანახმად საზოგადოების 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმისა და იმავე თარიღით ხელმოწერილი პარტნიორთა შეთანხმებით“. ამასთან, ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, წილის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, წილის მიმართ უნდა დარეგისტრირებულიყო შემდეგი შინაარსის ვალდებულებები: „მყიდველი ვალდებულია გამყიდველს გადაუხადოს წილის ნასყიდობის ფასი სრულად; 2015 წლის 1 იანვრამდე განახორციელოს სავალდებულო შესატანი (ინვესტიცია) საზოგადოების კაპიტალში, პარტნიორთა შორის შეთანხმებული ოდენობითა და ფორმით. მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულია, რომ წილის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული წინამდებარე ვალდებულებების და პარტნიორთა ხელშეკრულების 3.6.1 პუნქტით ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე წილზე მყიდველის საკუთრების უფლება ექვემდებარება ხელშეკრულების წინამდებარე პუნქტით დადგენილ შეზღუდვებს“.
27. თავის მხრივ, პარტნიორთა შეთანხმების პრეამბულაში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ წილის შეძენა და ფლობა განპირობებული იყო კომპანიის კაპიტალში შეთანხმებული ოდენობის ინვესტიციის (შესატანის) განხორციელების ვალდებულებით. ამდენად, სასამართლოს მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და პარტნიორთა შეთანხმების ერთიან გარიგებად მიჩნევა განაპირობა არა იმ ფაქტმა, რომ გარიგებები ერთი რიცხვითაა დათარიღებული და ერთი და იმავე სანოტარო ბიუროშია ხელმოწერილი, როგორც ამას კასატორი მიუთითებს, არამედ მათმა შინაარსმა, სადაც ერთმნიშვნელოვნადაა მითითებული, წილზე საკუთრების უფლების სანაცვლოდ, მყიდველის 143 000 აშშ დოლარის გადახდისა და შენატანის (ინვესტიციის) ვალდებულება.
28. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მხარეები მყიდველის მიერ აღებულ ვალდებულებას „შენატანად“ მოიხსენიებენ, თუმცა მყიდველის მიერ ნაკისრი ზემოაღნიშნული ვალდებულება არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კაპიტალში პარტნიორის შენატანის იდენტური, რომლის გადაუხდელობის იურიდიული შედეგი პარტნიორის მიერ წილის დაკარგვაა (კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი). მოცემულ შემთხვევაში, მხარეები კერძო ავტონომიის პირობებში შეთანხმდნენ, რომ წილის სანაცვლოდ მყიდველი გამყიდველისათვის თანხის გადახდის გარდა, საწარმოში განახორციელებდა ინვესტიციას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ეს დათქმა მხარეთა მიერ ინდივიდუალურად შეთანხმებული პირობაა, რომელიც სახელშეკრულებო სამართალში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის, კერძოდ, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრიციპის გამოვლინებაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომელიც მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის (სსკ-ის 319.1 მუხლი). კერძო სამართალში აღიარებული ნების ავტონომია სწორედ იმას გულისხმობს, რომ მხარეებმა საკუთარი ინტერესების ფორმირება თავისუფლად, თავიანთსავე ნებაზე დაფუძნებულ სახელშეკრულებო პირობებში გამოხატონ. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეებმა შეათანხმეს პირობა - მყიდველის მიერ წილზე საკუთრების უფლების გადასვლის სანაცვლოდ საწარმოში იმგვარი ინვესტიციის შეტანის ვალდებულება, რაც საკმარისი იქნებოდა საწარმოს ექსპლუატაციაში გასასვლელად, რომლის დარღვევა შესაბამის იურიდიულ შედეგებს წარმოშობს.
29. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მყიდველმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული ვალდებულება, კერძოდ, არ განახორციელა იმგვარი ინვესტიცია, რაც დანადგარების შეძენას, დაყენებასა და საწარმოს ექსპლუატაციას უზრუნველყოფდა. უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ექსპერტიზის დასკვნები, რადგან ექსპერტის მიერ სხდო.ე გაკეთებული განმარტებები გამორიცხავდა დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 4 მარტისა და 24 აგვისტოს დასკვნებში მითითებულია, რომ ქარხანა არ იყო შესაბამისი მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი, ექსპერტთა ჩვენებით კი დასტურდება, რომ ქარხანა ექსპლუატაციაში არ შესულა, რაც ცალსახად და არაორაზროვნად ადასტურებს მოპასუხის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტს. ექსპერტიზის დასკვნების საპირწონე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ფაქტის დასადგენად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემყარება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებს. შეაფასა რა სააპელაციო პალატამ საქმეში წარდგენილი თითოეული დასკვნა, სასამართლო სხდო.ე დაკითხული ექსპერტთა განმარტებები, მათი დასაბუთებულობა, 2015 წლის 30 ივლისის შეთანხმება, რომლითაც მოპასუხეს აღიარებული აქვს, რომ ვალდებულება არც ძირითად და არც დამატებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია (და ამ მიზნით მან პარტნიორებისთვის ჯარიმის სახით ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა) და სხვა მტკიცებულებები, მართებულად დაასკვნა, რომ მყიდველმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ხოლო მოპასუხეს ვალდებულების არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტი უნდა დაედასტურებინა. ამ კუთხით დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მყიდველმა კი, ერთმნიშვნელოვნად და დამაჯერებლად ვერ შეძლო ვალდებულების მის მიერ ჯეროვნად შესრულების დამტკიცება (შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.17 წელი „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული).
30. მოპასუხე იმის დამტკიცებასაც ცდილობდა, რომ მან თავისი ვალდებულება მოსარჩელის ბრალით ვერ შეასრულა. შესაგებლის მიხედვით, მოსარჩელე დაინტერესებული იყო, დანადგარების სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულიყო და საწარმოს ამოქმედება მხოლოდ იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ ეს უკანასკნელი ხელშეშლას ახორციელებდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მიერ მითითებული ხელშეშლის ფაქტების არარსებობა. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ ვლინდება სსკ-ის 405-მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი) გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველი გარემოება და შესრულებულია სსკ-ის 405.1 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამყიდველისათვის წილის დაბრუნება კანონიერია, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი რესტიტუციაა. ამ დროს თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე, რომელიც რესტიტუციის მოვალეა, ვალდებულია, მოსარჩელეს დაუბრუნოს 50%-ს წილი საწარმოში და მოსარჩელისა და მოპასუხის წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებიდან, 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა შეთანხმებიდან და 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეთანხმებიდან უნდა ამოიშალოს.
32. ამასთან, მხარეებმა ხელშეკრულებით (მე-5 პუნქტი) თავადაც მოაწესრიგეს მყიდველის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი: გამყიდველს წილზე საკუთრების უფლება დაუბრუნდებოდა, ხოლო მყიდველი წილის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლდებოდა, ნასყიდობის ფასის უკვე გადახდილი ნაწილი (პირგასამტეხლოს გამოკლებით) კი, მყიდველისათვის დაბრუნებას ექვემდებარებოდა. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს შესრულებულის უკან დაბრუნების მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ წარუდგენია. სასამართლო მხარეს ვერ მიაკუთვნებს იმას, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი), შესაბამისად, არ მსჯელობს გამყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მყიდველის რესტიტუციაზე. აქვე პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებად იცნობს როგორც შესაგებლის (სსსკ-ის 201-ე მუხლი), ისე - შეგებებული სარჩელის (სსსკ-ის 188-ე-190-ე მუხლები) წარდგენის ინსტიტუტს. მათ შორის არსებითი სხვაობა ისაა, რომ შესაგებლით მხარე უარყოფს მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნებს, იმგვარად, რომ თავად რაიმე მოთხოვნას მოსარჩელის მიმართ არ აყენებს. შეგებებული სარჩელის პირობებში კი, მოპასუხე სამართლებრივად უთანაბრდება მოსარჩელეს, რომელსაც ასევე გარკვეული მოთხოვნა აქვს მოსარჩელის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მყიდველმა შესაგებლით უარყო მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნები, თუმცა შეგებებული სარჩელით შესაბამისი მოთხოვნა არ დაუყენებია.
33. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას 2015 წლის 30 ივლისის შეთანხმების ბათილობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ ზემოხსენებული გარიგების ბათილად ცნობით, იმ პირობებში, როდესაც არ არის აღძრული მიკუთვნებითი შეგებებული სარჩელი, მოპასუხე დასახულ იურიდიულ შედეგს ვერ მიაღწევს (როგორც საქმიდან იკვეთება კასატორი აპროტესტებს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს, რის გამოც ამავე ხელშეკრულების თანახმად, მან დათმო თავისი წილიდან 20% - იხ. ტ. 7, ს.ფ. 758), ვერც დაკისრებული პირგასამტეხლო ვერ გაუქმდება და ვერც წილს ვერ დაიბრუნებს. ასეც რომ არ იყოს, კასატორი გარიგების ბათილობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სადავო შეთნხმებით მას დაეკისრა იმგვარი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც დირექტორის კომპეტენციას განეკუთვნებოდა.
34. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში - დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
35. განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეთანხმებით, რომელსაც ყველა პარტნიორი აწერს ხელს, მოპასუხემ იკისრა ქარხნის მოწყობისათვის საჭირო დანადგარების შეძენის, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციაში გაშვების ვალდებულება, რაც არ ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ დანაწესს. ამასთან, ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და პარტნიორთა მიერ სხვაგვარი შეთანხმების შესაძლებლობაზე მიუთითებს.
36. ამდენად, პარტნიორები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, შეთანხმდნენ ზემოაღნიშნულ პირობაზე, რომელიც არც კნონისმიერ დანაწესს არ ეწინააღმდეგება და არც ვალდებულების პირობათა სამართლიანობის საფუძველზე განსაზღვრის პრინციპს (სსკ-ის 325-ე მუხლი). ამდენად, პალატის მოსაზრებით, სადავო პირობაზე პარტნიორები ურთიერთშესატყვისი ნების გამოვლენით შეთანხმდნენ და იგი ნამდვილია. და ბოლოს, იმ შემთხვევაშიც კი, 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეთანხმებას ბათილად მივიჩნევდით, ის ვერ გააქარწყლებდა წილის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, რამდენადაც ეს მოთხოვნა 2014 წლის 14 აპრილის გარიგებიდან გამომდინარეობს.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-667-634-2014, 16 ოქტომბერი, 2015 წელი; საქმე №ას-272-259-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ლ.ჩ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ჩ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 15.05.2020), 70% - 4200 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე