Facebook Twitter

საქმე №ა-4513-შ-135-2021 12 ნოემბერი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ს–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ა–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, მეურვეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილებით ე.ს–ი (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) და ბ.ა–ძე (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) განქორწინდნენ; ქორწინებიდან მცირეწლოვანი ქალიშვილები 2014 წლის 15 მაისს დაბადებული ალექსანდრა - ა.ა–ძე, 2017 წლის 12 ივლისს დაბადებული ა.ა–ძე და 2017 წლის 12 ივლისს დაბადებული ა.ა–ძე დარჩნენ დედის მეურვეობაში და იცხოვრებენ მასთან; მოწინააღმდეგე მხარეს არასრულწლოვანი ქალიშვილების სასარგებლოდ დაევალა ყოველთვიურად, თვის პირველ ხუთ რიცხვში, 300 ევროს (თითოეულ ბავშვზე 100 ევროს) ალიმენტის სახით გადახდა; აღნიშნული თანხა ყოველწლიურად განახლებადია სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ან მისი შემცვლელი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით.

2. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ე.ს–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ან მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; ან ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; ბ) ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილების დამოწმებული, გამართული ქართული თარგმანი; გ) ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; დ) ოფიციალური ცნობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ბ.ა–ძე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შესახებ; ე) ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე; ვ) დაზუსტებული მოთხოვნა იმის შესახებ შუამდგომლობის ავტორი ითხოვს გადაწყვეტილების მხოლოდ ცნობას, რამდენადაც ალიმენტის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების იურიდიული ინტერესი არ აქვს, თუ ითხოვს აღსრულებასაც; ზ) იმ შემთხვევაში, თუ ალიმენტის დაკისრების ნაწილში შუამდგომლობის ავტორს აქვს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების იურიდიული ინტერესი, წარმოადგინოს სასამართლოს ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილება ესპანეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ითხოვს ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

5.1. შუამდგომლობის ავტორი და მისი ყოფილი მეუღლე არიან საქართველოს მოქალაქეები. 2021 წლის 4 სექტემბერს ე.ს–მა (დაბადებული 1979 წლის 8 აგვისტოს ქ. გურჯაანში, პ/ნ: .......) გასცა მინდობილობა, რა დროსაც მოხდა მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის იდენტიფიცირება;

5.2. ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილება ნათარგმნი და დამოწმებულია სანოტარო წესით;

5.3. ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარე მონაწილეობას იღებდა სასამართლო პროცესში და მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების შესახებ;

5.4. მოწინააღმდეგე მხარე იმყოფება მადრიდში, თუმცა შუამდგომლობის ავტორისათვის მისი მისამართი უცნობია;

5.5. ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ამავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

9. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის) სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

10. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა 20 დღე.

11. შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოადინა განცხადება და მიუთითა, რომ სურს ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, თუმცა მას არ დაუზუსტებია გადაწყვეტილების რა ნაწილის ცნობით არის დაინტერესებული.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილების ქართული თარგმანის გაცნობის შემდეგ აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს ალიმენტის დაკისრების თაობაზე ჩანაწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აღსრულებადია, თუმცა შუამდგომლობის ტექსტიდან გამომდინარე, მოთხოვნილია მხოლოდ გადაწყვეტილების ცნობა. ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების ცნობით ვერ მიიღწევა ის იურიდიული ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს შუამდგომლობის ავტორს. შესაბამისად, თუ განმცხადებელი დაინტერესებულია მხოლოდ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების გარკვეული ნაწილის ცნობით და ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების იურიდიული ინტერესი არ აქვს, აუცილებელია, რომ ამ გარემოების შესახებ სპეციალურად მიეთითოს - დაზუსტდეს მოთხოვნა და აღინიშნოს თუ რა ნაწილში ითხოვს შუამდგომლობის ავტორი გადაწყვეტილების ცნობას.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.

15. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინების 5.1. პუნქტში შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი საქართველოს მოქალაქეობის ფაქტის დასადგენად. იმისათვის, რომ დადგინდეს შუამდგომლობის ავტორის საქართველოს მოქალაქეობის ფაქტი, საჭიროა, მისი პირადობის/პასპორტის ასლის წარმოდგენა.

16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დამოწმებული თარგმანით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს გადაწყვეტილების დედანთან.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ შუამდგომლობაზე თანდართული საცნობი გადაწყვეტილების თარგმანი გაუმართავია. საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის გადაწყვეტილების სრული შინაარსის გარკვევა თარგმანის გაუმართაობის გამო შეუძლებელია. ამასთან, თარგმანი შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერს, კერძოდ, თარგმანში მითითებული აპოსტილის თარიღი არ ემთხვევა აპოსტილის ორიგინალ დოკუმენტში მითითებულ დამოწმების თარიღს, რაც დაუშვებელია.

19. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ.

20. მოცემულ შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან არ ირკვევა, რომ ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. რაც შეეხება თავად სასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანის ბოლო გვერდზე არსებულ ჩანაწერს, საკასაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მიიჩნევს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად, რამდენადაც ჩანაწერი არის ზოგადი, წინადადების შინაარსი კი გაურკვეველი, ამასთან, არც კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია მითითებული.

21. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ წარმოდგენილა, არც ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილების წარმოდგენილ თარგმანშია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხე - ბ.ა–ძე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შესახებ.

22. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მოწინააღმდეგე მხარის მისამართი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის განსახილველად მიღების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, შუამდგომლობის ავტორმა დადგენილ ვადაში მომართა სასამართლოს, თუმცა მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია. შესაბამისად, არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი და 63-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ს–ის შუამდგომლობა ესპანეთის მადრიდის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის №09 სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის №22/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური