საქმე№ას-560-2019 27 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – პ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის რულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2013 წლის 5 დეკემბერს გ.მ–სა (შემდგომში „გამსესხებელი“, „კრედიტორი“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და პ.ა–ძეს (შემდგომში „მსესხებელი“ ან „მოვალე“) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით გადასცა 21 000 ათასი ლარი, ერთი წლით, 2014 წლის 5 დეკემბრამდე.
2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ....... მდებარე მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ N ......).
3. მოვალემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
4. სასარჩელო მოთხოვნა
4.1. კრედიტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოვალის მიმართ და მოითხოვა სესხის სახით გაცემული თანხის, 21 000 ლარის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება და თანხის გადახდის მიზნით მოვალის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
4.2. მოსარჩელის განცხადებით, იგი მოპასუხეს სხვადასხვა დროს სესხის სახით აძლევდა თანხას და საერთო ჯამში გადაცემული აქვს 21 000 ლარი, რაც დაფიქსირდა კიდეც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება.
5. მოპასუხის პოზიცია
5.1. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელესთან აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა და მოგებასაც შეთანხმებით იყოფდნენ. მოპასუხეს მოსარჩელე მართლაც აძლევდა სესხის სახით სხვადასხვა თანხას, თუმცა მას მოსარჩელისთვის გადასახდელი აქვს არა 21 000 ლარი, არამედ 5000 ლარი.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი მოპასუხისთვის სესხის სახით 21 000 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე დარჩენილი ვალის - 5000 ლარის გადახდა.
7. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
7.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას ვერ დაადასტურებდა მათ შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ვინაიდან მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება (დოკუმენტი), რომელიც 21 000 ლარის მოპასუხისთვის გადაცემის ფაქტს დაადასტურებდა.
8.3. სასამართლომ ასევე იხელძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე-132-ე მუხლებით და მიუთითა მოპასუხის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება, ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე დარჩენილი ვალი შედაგენდა 5000 ლარს.
8.4. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
9. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სასესხო ვალდებულება მაშინ, როდესაც აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარდგენილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკის რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ასევე დადასტურებულია მსესხებლისთვის თანხის ურთიერთშეთანხმებით გადაცემის ფაქტი. ამასთან, გაურკვეველია, საიდან დაასკვნა სასამართლომ რომ მოპასუხე აღიარებს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე 5000 ლარის გადახდის ვალდებულებას, ისევე, როგორც გაურკვეველია მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის არსებობა, როცა მათ ამგვარ შეთანხმებაზე ხელშეკრულება არ დაუდიათ. ამავე დროს, მოპასუხეს არ მოუთხოვია იპოთეკის შეწყვეტა და არც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ მოთხოვნა გამხდარა სადავოდ.
9.3. საკასაციო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სასამართლო გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს, როდესაც მსესხებლის მიერ გამსესხებლისთვის თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო, 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და იმ პირობებში, როდესაც თავად სესხის ხელშეკრულებიდან დგინდებოდა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის თანხის გადაცემის ფაქტი, უსაფუძვლოდ დააკისრა მოსარჩელეს ამ გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულების წარდგენა.
13. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ, როგორც საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის)არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ.სუსგ №ას-1768-2017, 29.05.2020წ; №ას-1773-2019, 13.03.2020წ).
14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
15. მოცემულ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნა - სსკ-ის 623-ე მუხლიდან გამომდინარეობს. მოცემული ნორმის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისას თამიმდევრობით უნდა განხორციელდეს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა. 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.
17. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ). სხვა საქმეში, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ).
18. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა. სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.
19. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შდრ. სუსგ Nას-279-264-2017, 21.04.2017წ.). „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული). მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) კი თავად მსესხებელს (მოპასუხეს) აკისრია (შდრ. სუსგ Nას-№ას-929-891-2014, 22.04.2015).”
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლზე (სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით) და აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში, თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთს, გადარიცხვის ქვითარს, სალაროს შემოსავლის ორდერს და ა.შ. (შდრ: სუსგ №აs-398-371-2017, 6 ივნისი, 2017 წელი), რასაც ვერ ვიტყვით წერილობითი სახის სესხის ხელშეკრულებაზე, როდესაც მხარეები, წერილობით იღებენ ვალდებულებას ერთმანეთის მიმართ და სათანადო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაში ასახავენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს.
22. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორი (მოსარჩელე) სადავოდ ხდის მის მიერ მოპასუხისთვის (მსესხებლისთვის) სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნებას და საკუთარ პოზიციას სესხის ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერზე (თანხის გადაცემის შესახებ) მითითებით ამყარებს, საკასაციო სასამართლო შეაფასებს თავად ამ ხელშეკრულების შინაარსს და, მასში გამოვლენილ მხარეთა ნების გათვალისწინებით, იმსჯელებს, იძლევა თუ არა აღნიშნული ჩანაწერი მოსარჩელის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.
23. სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1) 2013 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წერილობით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც იმავე წლის 5 დეკემბერს დამოწმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (იხ. ტ. 1. ს.ფ 15-16);
2) ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გამსესხებელმა სესხის სახით გასცა და მსესხებელმა მიიღო 21 000 ლარი ერთი წლის ვადით (იხ. ტ. 1. ს.ფ 15);
3) ხელშეკრულებაში აღნიშნულია, ასევე, რომ გასესხებული თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მსესხებელი იპოთეკით დატვირთავდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (იხ. ტ. 1. ს.ფ 15);
4) ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიმართ და ხელმოწერათა ნამდვილობა სადავოდ არ გამხდარა (იხ. ტ. 1. ს.ფ 15-16);
5) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის ამონაწერში მითითებულია, რომ მსესხებლის საკუთრებაში არსებული, ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ....... მდებარე 1300 კვ.მ უძრავი ქონება 2013 წლის 5 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთულია იპოთეკით (განცხადების რეგისტრაციის/უფლების რეგისტრაციის თარიღი: 05.12.2013).
24. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული ხელშეკრულებისა და მხარეთა ნების გამოვლენის არსი გარიგებებში. თავად ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლი). ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
25. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას კი წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება (იხ. სუსგ საქმე №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
27. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებაში მითითებულია სიტყვები - „გამსესხებელმა გასცა“ და „მსესხებელმა მიიღო“, ამასთან, ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ (და როგორც უკვე აღინიშნა ხელმოწერათა ნამდვილობა სადავო არასდროს გამხდარა), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ადასტურებს ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის სესხის თანხის გადაცემის ფაქტს.
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსესხებლისთვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ვერ დადგინდებოდა მხარეთა შორის სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.
29. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
30. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
31. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
32. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
33. მოცემულ დავაში, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება შეიცავს დათქმას გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის სესხის სახით 21 000 ლარის გადაცემისა და მსესხებლის მიერ აღნიშნული თანხის მიღების შესახებ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საფუძველი ეცლება დამატებითი სახის მტკიცებულების წარდგენის მოთხოვნის შესახებ მოპასუხის (გამსესხებლის) პრეტენზიას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მსგავსი მტკიცებულების (თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის, სალაროს შემოსავლის ორდერის და ა.შ.) წარდგენა მხარეს შესაძლოა დაევალოს ზეპირი სახის ხელშეკრულების არსებობის დადასტურების მიზნით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება შეიცავს მხოლოდ დათქმას სესხის თანხის გადაცემაზე და მისი შინაარსიდან არ ირკვევა მსესხებლისთვის რაიმე თანხის გადაცემის ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
34. ყოველივე აღნიშნული კი, მტკიცების ტვირთს მოპასუხის (მსესხებლის) მხარეს აბრუნებს, რომელმაც სარწმუნო და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს სესხის თანხის დაფარვის ფაქტი.
35. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებათა არასათანადო შეფასების შედეგად, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და არასწორად დაასკვნა, რომ გამსესხებელმა ვერ დაადასტურა სასესხო ურთიერთობის წარმოშობის (სესხის გაცემის) ფაქტი.
36. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებასაც, რომ თავად მოპასუხე, მართალია, უარყოფს მოსარჩელის მიერ მისთვის სესხის სახით 21 000 ლარის გადაცემის ფაქტს, თუმცა საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელსა და სხვადასხვა წერილობით დოკუმენტებზე მითითებით აპელირებს გამსესხებლის მიმართ გარკვეული სახის დავალიანებისა და მისი ნაწილის დაფარვის შესახებ (იხ. ტ. 1. ს.ფ 25-34, 78-93). აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხის ეს პოზიცია წინამდებარე დავის განხილვისას არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ შეუფასებია სასესხო ვალდებულების ჭრილში. სააპელაციო პალატის მითითება კი მოპასუხის მიერ აღიარებული დავალიანების თანხის ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულებად მიჩნევის შესახებ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ვერ მიიჩნევა სარჩელის უარყოფის დამატებით საფუძვლად, ვინაიდან მოდავე მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის არსებობა დადასტურებული არ არის.
37. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს ზემოთ მითითებულ საკითხზეც და გადაწყვეტილება მიიღოს მოპასუხის მიერ აღიარებული თუ მის მიერ მოსარჩელის მიმართ შესრულებული ვალდებულების გათვალისწინებით. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილია, სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ - მოპასუხეს დაკისრებული აქვს 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით - მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის (5000 ლარის) მხედველობაში მიღებით - უნდა შეაფასოს სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
39. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე