საქმე №ა-4678-შ-138-2021 10 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - დ.მ–ა
მოწინააღმდეგე მხარე - ე. მ–ას
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ.მ–ამ 2021 წლის 8 ოქტომბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, დ.მ–ასა და ე. მ–ასის განქორწინების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დ.მ–ას შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ.მ–ას შუამდგომლობა საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული, საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ე. მ–ას და დ.მ–ა განქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და მხარეები პროცესზე გამოცხადებულნი იყვნენ). ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
შესაბამისად, საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.მ–ას შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დ.მ–ასა და ე. მ–ასს შორის ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე