Facebook Twitter

საქმე №ა-4689-შ-142-2021 10 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ–ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის 11 ოქტომბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოაგზავნა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა შპს „ჰ–ის“ მიმართ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით (კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 9 აპრილს) მოდავე მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება, ხოლო შპს „ჰ–ს“ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 2113,74 ბელარუსული რუბლის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა, თანდართულ მასალასთან ერთად, გაეგზავნა შპს „ჰ–ს“.

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციამ 2021 წლის 2 ნოემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ 2021 წლის 29 ოქტომბერს შპს „ჰ–მა“ ნებაყოფლობით გადაიხადა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი - 2113,74 ბელარუსული რუბლი, რომელმაც, გადახდის დღეს მოქმედი კურსის შესაბამისად, 874 აშშ დოლარი შეადგინა. განცხადების თანახმად, თანხა გადახდილია ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განცხადებას თან ერთვის 2021 წლის 28 ოქტომბრის საგადახდო დავალების ასლი, რომლითაც დასტურდება შპს „ჰ–ის“ მიერ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხების გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამრიგად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას, სპეციალურ კანონმდებლობასთან ერთად, პროცესუალური საკითხების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც. დასახელებული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა1“ თანახმად კი, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, თუმცა შუამდგომლობის ავტორის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შუამდგომლობის წარმოდგენის შემდგომ, მოწინააღმდეგე მხარემ ნებაყოფლობით შეასრულა 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და სათანადო წესის დაცვით, გადაიხადა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს საქმის წარმოება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობაზე.

2. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე