Facebook Twitter
საქმე №ას-1000-2021 10 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - გ. რ–ძე, ლ.რ–ძე, ვ. რ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დ.ბ–ძე

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. რ–ძემ, ლ.რ–ძემ და ვ. რ–ძემ 2016 წლის 2 დეკემბერს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - დ.გ–ძის (გვარის შეცვლის შემდეგ მიენიჭა გვარი - ბ–ძე) მიმართ, 2012 წლის 27 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით, რადგან ისინი არ ფლობენ ქართულ ენას და არ იცოდნენ ხელშეკრულების შინაარსი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. რ–ძის, ვ. რ–ძის და ლ.რ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- დ.გ–ძემ გ. რ–ძეს, ვ. რ–ძეს, ლ.რ–ძესა და ნ. რ–ძეს, 2012 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა სესხის თანხა - 15 000 აშშ დოლარი; სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალეთა უძრავი ქონება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის წარმოშობილ დავას ქალაქ ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი განიხილავდა;

- სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დ.გ–ძემ საარბიტრაჟო სარჩელი წარადგინა გ. რ–ძის, ვ. რ–ძის, ნ. რ–ძისა და ლ.რ–ძის წინააღმდეგ;

- საარბიტრაჟო დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით; მხარეები მორიგდნენ მასზედ, რომ მსესხებლები კრედიტორს 2013 წლის 16 მაისის ჩათვლით გადაუხდიდნენ სესხის ძირ თანხას - 15 000 აშშ დოლარს, სარგებელს - 4 500 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს - 607 აშშ დოლარს, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში რეალიზებულ იქნებოდა იპოთეკის საგანი;

- გ. რ–ძემ, ვ. რ–ძემ, ნ. რ–ძემ და ლ.რ–ძემ საარბიტრაჟო შეთანხმება არ შეასრულეს, რის გამოც იპოთეკით დატვირთული ქონება რეალიზებულ იქნა და შეიძინა დ.გ–ძემ;

- იპოთეკის საგნის მესაკუთრედ დარეგისტრირდა დ.გ–ძე, სააღსრულებო ფურცლისა და აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე.

სასამართლომ, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებისას, მიუთითა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მოვალეთა მიერ ქართული ენის არცოდნა არ დადასტურდა, ვინაიდან საარბიტრაჟო დავაში მათ მოსაზრებები ქართულ ენაზე წარადგინეს, ასევე, 2013 წლის 1 აპრილის მინდობილობის მიხედვით, ნოტარიუსმა გამოიკვლია მოსარჩელეების მიერ ქართული ენის ცოდნა.

გარდა ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეების ინტერესში უნდა შედიოდეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება, თუმცა მათ არ აქვთ აღძრული უძრავი ქონების მიკუთვნების მოთხოვნა. შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელეები სარგებელს ვერ მიიღებენ, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლიდან გამომდინარე, სარჩელი დასაშვებიც არ არის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით გ. რ–ძის, ლ.რ–ძისა და ვ. რ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაადგინა და ხელშეკრულების უკანონობა არ დასტურდებოდა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო იყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. რ–ძემ, ლ.რ–ძემ და ვ. რ–ძემ, რომელთაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეები ფლობენ ქართულ ენას. სწორედ ქართული ენის არცოდნამ გამოიწვია, რომ მათ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რადგან ის სხვა პირობებით დადებული მიაჩნდათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში თავდაპირველად გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს აღიარებითი სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. დასახელებული ნორმის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამრიგად, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს სათანადო იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს, ხოლო სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც კი, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარე უნდა იღებდეს გარკვეულ შედეგს - აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. სწორედ ამიტომ, იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის №ას-758-2020, 2021 წლის 8 აპრილის №ას-118-2021 და 2015 წლის 1 ივლისის №ას-17-14-2015 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია მხოლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, მხოლოდ გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის №ას-664-635-2016 გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, დამოუკიდებლად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ ინტერესი მხარეებს ექნებოდათ, თუკი მათი საბოლოო მიზანი იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება უკვე აღსრულებულია, კერძოდ, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის მიმდინარეობდა საარბიტრაჟო დავა, რომელიც დასრულდა მხარეთა მორიგებით და კასატორებმა იკისრეს სესხის ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, ვინაიდან საარბიტრაჟო შეთანხმება ნებაყოფლობით არ შესრულდა, იპოთეკით დატვირთული ქონება რეალიზებულ იქნა და შეიძინა დ.გ–ძემ. ამრიგად, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მხარეთა მიერ საარბიტრაჟო დავის ფარგლებში უკვე აღიარებულია, საარბიტრაჟო შეთანხმება აღსრულებულია და იპოთეკის საგანი გაყიდულია, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი დამოუკიდებლად ვერ იქცევა მხარეთათვის რეალური შედეგის მიღწევის საშუალებად - გავლენას ვეღარ იქონიებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის საკითხზე. უფრო მეტიც, აღიარებითი სარჩელის დაშვების შემთხვევაშიც კი, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა სარჩელის დაკმაყოფილებასა და ხელშეკრულების ბათილად ცნობას გამორიცხავს.

რაც შეეხება რეალიზებული ქონების უკან დაბრუნებას, დადგენილია, რომ იპოთეკის საგანი შეიძინა დ.გ–ძემ და აღრიცხულია მის სახელზე სააღსრულებო ფურცლისა და აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე. შესაბამისად, თუკი მოსარჩელეების საბოლოო მიზანს ნივთის საკუთრებაში დაბრუნება წარმოადგენდა, მათ საკუთარი უფლებები უნდა დაეცვათ მიკუთვნებითი სარჩელის ფარგლებში, რადგან იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს ნივთის მოსარჩელეთა საკუთრებაში დაბრუნებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი დასაშვები არ არის, თუმცა მისი დაშვების შემთხვევაშიც კი - დავას წარმატების პერსპექტივა არ ექნებოდა. შესაბამისად, საქმეზე, ასევე, არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. რ–ძის, ვ. რ–ძისა და ლ.რ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე