ბს-650-14(ა-06) 30 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 424-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2006წ. 18 მაისს ა. ბ-მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 9 მარტის განჩინებით მისი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეს არ აცნობა კერძო საჩივრის განხილვის ფორმა და სხდომის ჩატარების დღე, ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად, მხარის თანხმობისა და საპატიო მიზეზის გარეშე მიიღო დაუსწრებელი განჩინება. განმცხადებლის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გაითვალისწინა სსკ-ის 285-ე და 390-ე მუხლების მოთხოვნები, არ დააკონკრეტა მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძალაში ყოფილიყო დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება. იურიდიული შეფასების გარეშე დატოვა ხარვეზის შევსების თაობაზე წარდგენილ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი _ ა. ბ-ი ითხოვდა სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ”, 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 9 მარტის განჩინების _ ბათილად ცნობას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუU ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ სასამართლოს განსჯადია, რომელმაც საქმეზე მიიღო გადაწყვეტლება (განჩინება). მოცემულ შემთხვევაში ა. ბ-ის კერძო საჩივარი განხილულია თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, რის გამოც სსკ-ის 424-ე მუხლის შესაბამისად, ა. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლების მე-2 ნაწილით, სსკ-ის 424-ე, 425-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;