Facebook Twitter

საქმე №ას-1096-2021 10 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ა.ჩ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.ბ–ძე

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ.ბ–ძემ 2020 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა.ჩ–ას მიმართ, განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ.ბ–ძესა და ა.ჩ–ას შორის ქორწინება შეწყდა; ა.ჩ–ას არასრულწლოვანი შვილების - თ. ჩ–ასა და მ. ჩ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული შვილის სასარგებლოდ 150-150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2020 წლის 15 დეკემბრიდან) ბავშვების სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება, ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ა.ჩ–ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ა.ჩ–ას სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და მოთხოვნის დაზუსტება. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 აგვისტოს განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - გ.მ–ს და პირადად ჩაბარდა 2021 წლის 24 აგვისტოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ა.ჩ–ას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე, 368-ე, 374 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განჩინება ა.ჩ–ას წარმომადგენელმა - გ.მ–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის თანახმად, გ.მ–ი 2021 წლის 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე, შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, აეღო ქვითარი, დაეზუსტებინა სააპელაციო საჩივარი და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

კერძო საჩივარს თან ერთვის შპს „ა.კ–ის“ 2021 წლის 24 სექტემბრის ცნობა, რომლის მიხედვითაც, გ.მ–ი, დიაგნოზით - არტერიული ჰიპერტენზია, 2021 წლის 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე და არ შეეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა.ჩ–ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა.ჩ–ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა ზუსტ მოთხოვნას და არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილების დაცვით, „ხარვეზის დადგენის შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 აგვისტოს განჩინება აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს - გ.მ–ს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა 2021 წლის 24 აგვისტოს.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის 25 აგვისტოდან დაიწყო ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2021 წლის 31 აგვისტოს (სამშაბათს), 24:00 საათზე ისე, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია. ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტი ინფორმირებული იყო ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის მითითებას ამბულატორიულ მკურნალობაზე, შესასრულებელი საპროცესი მოქმედებების ხასიათის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამბულატორიული მკურნალობა არ გამორიცხავდა ხარვეზის შევსებას, რადგან ბაჟის გადახდა შესაძლებელი იყო თანხის ელექტრონულად გადარიცხვის მეთოდების გამოყენებით, ხოლო სასამართლოსთვის მომართვა შესაძლებელი იყო ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც, მათ შორის, საპროცესო მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტის წარმომადგენელს არც ხარვეზი შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ ამბულატორიულ მკურნალობაზე იმყოფებოდა აპელანტის წარმომადგენელი, ხოლო საპროცესო მოქმედების შესრულება უშუალოდ აპელანტსაც შეეძლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოსცა გასაჩივრებული განჩინება და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

რაც შეეხება კერძო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მეორე ნაწილის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო შემთხვევაში კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდილიყო 25 ლარი. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ჩ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განჩინება;

3. ა.ჩ–ას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გ.მ–ის (პ/ნ .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან (საგადახდო დავალება №11660843984, გადახდის თარიღი 27.09.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე