Facebook Twitter
საქმე №ას-1099-2021 10 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ლ–ი“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 3 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ლ–ის“ მიმართ, აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის - 1 222,33 ლარის და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 290 481,36 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ლ–ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 1 222,33 ლარის გადახდა; პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „ლ–მა“ არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სააგენტომ შეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო კომპანიას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თანახმად, მხარეები თავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა ფორს-მაჟორული გარემოებით, თუმცა ასეთ დროს მხარეს უნდა ეცნობებინა კონტრაჰენტისთვის შესაბამისი გარემოების არსებობის თაობაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. შპს „ლ–ს“ კი სააგენტოს ინფორმირება არ განუხორციელებია. გარდა ამისა, კომპანიამ არ დაიცვა ხელშეკრულების მოშლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს ფულად თანხას და მოვალემ ის უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. „პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის №ას-428-428-2018 განჩინება). ამრიგად, „პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის გახორციელება ძირითადი უფლების გარეშე, ასევე, პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის №ას-639-2021 და 2021 წლის 9 სექტემბრის №ას-574-2021 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ლ–ს“ შორის 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება, ვალდებულებების შესრულების პირობით. ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიას სარგებლობის უფლებით გადაეცა თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე 716 მ2 მიწის ნაკვეთი. ამასთან, კომპანიამ იკისრა ამავე ტერიტორიაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სავაჭრო ობიექტების მშენებლობის, ექსპლუატაციაში მიღებისა და ფუნქციონირების დაწყების, ინვესტიციის განხორციელებისა და ფიზიკური პირების დასაქმების ვალდებულებები. მხარეები შეთანხმდნენ დასახელებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის წესზე. გარდა ამისა, მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ თუ აღნაგობის უფლების მქონე პირი ვერ შეძლებდა შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოპოვებას, ქონება დაუბრუნდებოდა სახელმწიფოს და გაუქმდებოდა სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობები (სავაჭრო ობიექტების აშენება, ინვესტიციების განხორციელება, ფიზიკური პირების დასაქმება).

დადგენილია, რომ შპს „ლ–მა“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რადგან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მშენებლობა გამოიწვევდა დისონანსს არსებულ სატრანსპორტო ქსელში და არ შეესაბამებოდა არსებულ არქიტექტურულ გარემოს. შედეგად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 დეკემბრის №1/1-65 ბრძანებით შეწყდა შპს „ლ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულება.

დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, როგორიცაა სავაჭრო ობიექტების მშენებლობა, ამავე ობიექტებში პირთა დასაქმება და ინვესტიციების განხორციელება, თუმცა ამავე ვალდებულებების შესრულების წინაპირობას წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის მიღება. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი მშენებლობის ნებართვა ვერ იქნებოდა მოპოვებული, ხელშეკრულებით განსაზღვრული, ჩამოთვლილი ვალდებულებების შესრულებისგან შპს „ლ–ი“ თავისუფლდებოდა და მას მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის უნდა დაებრუნებინა. შესაბამისად, ვინაიდან კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ვერ მოიპოვა, მისი ბრალის გარეშე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით - ნივთის მდებარეობიდან გამომდინარე, რის გამოც მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისა და ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აღარ არსებობდა, მათი შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს გადახდის წინაპირობები არ წარმოქმნილა. ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფუძვლის გათვალისწინებითა და თავად სააგენტოს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში კი, უსაფუძვლოა კასატორის მითითება დაუძლეველი ძალის შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებისა და ხელშეკრულების მოშლის პროცედურის დარღვევაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე